ინგლისში ძველი რომაული, პენისის ფორმის გულსაკიდი აღმოაჩინეს
მეტალის დეტექტორით ვერცხლის, პენისის ფორმის გულსაკიდი აღმოაჩინეს. აღმოჩენა კენტში, ინგლისში გაკეთდა და მას სავარაუდოდ კისერზე ჩამოკიდებულს ატარებდნენ, რათა ადამიანი უბედურებისგან დაეცვა. გულსაკიდი დაახლოებით 1800 წლის წინანდელია.
ძველი რომაელი მწერლები, მათ შორის მარკუს ტერენტიუსი (ძვ. წ. 116-27 წწ.) და პლინიუს უფროსი (ახ. წ. 23-დან 79 წლამდე) აღნიშნავდნენ, რომ ფალოსს და მის გამოსახულებებს ადამიანის ბოროტებისგან დაცვა შეეძლო.
იგივეს ფიქრობენ მკვლევრებიც და ამაზე სხვა აღმოჩენებიც მეტყველებს. ფალოსის ფორმის სხვა გამოსახულებები აქამდეც უპოვიათ რომის იმპერიის ფარგლებში. მეცნიერები თვლიან, რომ ისინი შექმნილია უბედურების თავიდან ასაცილებლად.
რაც შეეხება ახალ აღმოჩენას, გულსაკიდი დაახლოებით 3,1 სანტიმეტრის სიგრძისაა, ზევით პაწაწინა რგოლით, რომელიც ყელსაბამს უერთდებოდა. ის თარიღდება იმ დროით, როდესაც რომაელები აკონტროლებდნენ ინგლისს, ახ.წ. 42-დან 410 წლამდე.
პენისის ფორმის მსგავსი ამულეტები როგორც წესი, დამზადებულია სპილენძის შენადნობისგან და არა ვერცხლისგან, როგორც კენტში, ახლად აღმოჩენილი არტეფაქტი.
"როგორც უფრო მაღალი ხარისხის ლითონი, ვიდრე სპილენძის შენადნობი, ვერცხლი სავარაუდოდ, აძლიერებდა ფალოსის დამცავ შესაძლებლობებს — წესით ადრე ასეთი წარმოდგენა უნდა ყოფილიყო. ჩვენ ვიცით, რომ მსგავსი ამულეტებით ბავშვებს იცავდნენ ბოროტი ძალებისგან. მეტიც, არქეოლოგიური მტკიცებულებები მიუთითებს, რომ მათი გამოყენება ბრიტანეთში მყოფ რომაულ არმიაშიც ძალიან პოპულარული იყო", — თქვა ლორი როჯერსონმა, აღმოჩენის ავტორმა.
"რომაელი კაცები, ქალები, ბავშვები და ცხოველებიც კი ატარებდნენ მსგავს გულსაკიდებს ეგრეთ წოდებული ბოროტი თვალისგან თავის დასაცავად", — უთხრა მკვლევარმა კირილ დიუმამ Live science-ს
რაც შეეხება ლითონს, ეს მისი მფლობელის ფინანსურ შესაძლებლობებზე მეტყველებს. როგორც ჩანს თავის დროზე ის შეძლებული ადამიანი იყო.
"ვერცხლის, როგორც მასალის არჩევა შეიძლება მრავალი მიზეზის გამო მომხდარიყო. მათგან პირველი ხარისხზე მიუთითებდა, მეორე მეტ დაცულობაზე და მესამე შეიძლება სულაც თავის გამოჩენისთვის ყოფილიყო", — უთხრა რობ კოლინზმა, პროექტის მენეჯერმა და კვლევის კოორდინატორმა, Live Science-ს.
კომენტარები