გველის რომელი სახიფათო სახეობებია გავრცელებული საქართველოში და როგორ მოვიქცეთ მათი დანახვისას

0 წაკითხვა 0 კომენტარი 0 გაზიარება

გველების შიში — ბუნებრივი რეაქცია საფრთხეზე თუ ფობია?

ზაფხულის დადგომასთან ერთად ბუნებაში სეირნობა ბევრისათვის, მათ შორის ჩემთვის, უკვე საკმაო დისკომფორტთან ასოცირდება. მიუხედავად იმის გააზრებისა, რომ საქართველოში უმეტესად უშხამო და უწყინარი გველები ბინადრობენ, ეს ფაქტი მაინც არაა საკმარისი იმისათვის, რომ თავი უსაფრთხოდ ვიგრძნო — უშხამოა თუ შხამიანი, "გველი მაინც გველია" და ჩემთვის მისი დანახვაც საკმარისია იმისათვის, რომ სხეულში ჟრუანტელმა დამიაროს და ადგილიდან უკანმოუხედავად მოვკურცხლო.

მსგავსი დამოკიდებულების ალოგიკურობას თუ გავითვალისწინებთ, ეჭვი მეპარება, ამით თქვენი დამშვიდება შევძლო, თუმცა მაინც შეგახსენებთ: არა, გველის ნაკბენი სიკვდილს სულაც არ მოასწავებსსაქართველოში გველის 20-ზე მეტი სახეობაა გავრცელებული, მათგან მხოლოდ რამდენიმეა შხამიანი, აქედან კი ალერგიის არმქონე ადამიანისთვის მომაკვდინებელი მხოლოდ ერთის, გიურზას, ნაკბენია.

რა თქმა უნდა, არც ეს ნიშნავს იმას, რომ გველების შიში უსარგებლოა: ბევრს სხვადასხვა სახეობის ერთმანეთისაგან გამიჯვნა ნაკლებად გვეხერხება, ამიტომაც უმჯობესიც კია ვიფიქროთ, რომ საფრთხე გვემუქრება — ეს შხამიანი გველის ნაკბენისგანაც დაგვიცავს. საქმე მხოლოდ მაშინაა ცუდად, როცა შიში ნორმალურად ცხოვრებაში გვიშლის ხელს, გველებს კი — სულაც სიცოცხლეში: თავდაცვის მიზნით მათ ხშირად ხოცავენ.

ასევე იხილეთ: ტესტი: გამოიცანი გველის სახეობა ფოტოს მიხედვით

იმისათვის, რომ რეალური საფრთხეები და კრიტიკულ სიტუაციაში მოქცევის წესები გაგაცნოთ, სტატიაში რამდენიმე ყველაზე აქტუალურ შეკითხვას გავცემ პასუხს.

როგორ მოვიქცეთ ბუნებაში გველის დანახვისას

მოკლედ რომ ვთქვათ, გაიქეცით. ცოტა ვრცლად კი გირჩევთ: მაშინ, თუკი სახეობებში ცუდად ერკვევით და არც გველის უსაფრთხოობაში ხართ დარწმუნებული, უმჯობესია, ტერიტორია მაშინვე დატოვოთ, თუმცა მკვეთრი მოძრაობების გარეშე, რადგან არ გვინდა, თქვენი რომელიმე მოძრაობა მათ საფრთხის მომასწავებელ სიგნალად აღიქვან.

გაითვალისწინეთ, რომ საქართველოში მობინადრე არცერთი სახეობა არ გადმოვა იერიშზე, თუკი თქვენგან საფრთხე არ იგრძნო, აგრესიის გამოხატვით კი საკუთარ თავს მეტი რისკის წინაშე დააყენებთ. ამასთანავე, ყურადღებით იყავით ბალახში ანდა ზოგადად ბუნებაში გადაადგილებისას, რათა გველს შემთხვევით არ დააბიჯოთ.

როგორ მოვიქცეთ, თუ სახლში/ეზოში გველია

თუკი გველი საკუთარ ეზოში/სახლში შენიშნეთ და შიშობთ, რომ თქვენ ან თქვენს საყვარელ ადამიანებს საფრთხე გემუქრებათ, გაერიდეთ ტერიტორიას და ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დაუკავშირდით 112-ზე — ისინი ქვეწარმავალს ჰუმანური მეთოდით დაიჭერენ და შესაბამის ტერიტორიაზე გადაიყვანენ.

და მათი დახოცვით რა დაშავდება? — გველების ხოცვა მათი საკბილო მღრღნელების მომრავლებას გამოიწვევს, რაც სოფლის მეურნეობას შეაფერხებს; გასათვალისწინებელია ისიც, რომ მათ შხამს არაერთი მედიკამენტის დასამზადებლად იყენებენ. შესაბამისად, თითოეულ ქვეწარმავალს ეკოსისტემისათვის განსაზღვრული როლი აქვს, ამიტომაც მათთვის ზიანის მიყენებას არ გირჩევდით.

თუკი ეზოში გველების მომრავლებისაგან თავის დაცვა გსურთ, შეგიძლიათ, ისეთი ნივთები/მცენარეები მოაშოროთ, სადაც ისინი დამალვას მოახერხებენ. მაგალითად, გაკრიჭეთ ბალახი და ამოავსეთ მიწაში არსებული ხვრელები.

როგორ მოვიქცეთ, თუ გველმა გვიკბინა

სანამ რამდენიმე კონკრეტული სახეობის განხილვაზე გადავიდოდეთ, მინდა, დაკბენის შემდგომ მოქცევის ზოგადი ინსტრუქცია გაგაცნოთ. მაშინ, თუკი სახეობებში კარგად არ ერკვევით და შანსია, გველი შხამიანი იყოს:

  1. მაშინვე სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახეთ, რომელიც შემდგომში საჭიროების შესაბამისად მოიქცევა;
  2. ეცადეთ, უსაფრთხო დისტანციიდან გველს ფოტოსურათი გადაუღოთ ანდა მისი შესახედაობა დაიმახსოვროთ, რათა შემდგომში მისი ამოცნობა და შესაბამისი მკურნალობის დანიშვნა გამარტივდეს;
  3. არ სცადოთ გველთან მიახლოება/მისთვის რაიმეს დაშავება — შესაძლოა, ამან დამატებითი საფრთხე შეგიქმნათ;
  4. ბევრი არ იმოძრაოთ და ეცადეთ, სიმშვიდე შეუნარჩუნოთ, რათა შხამის გავრცელება არ დაჩქარდეს;
  5. არ ამოიწოვოთ ნაკბენი — ეს ნაკლებად ეფექტურია და შესაძლოა, დამატებით ქსოვილის, სისხლძარღვებისა და ნერვების დაზიანება გამოიწვიოს;
  6. საპნით მოიბანეთ ან ანტიბაქტერიული ხელსახოცებით დაიმუშავეთ დაზიანებული ადგილი, შემდეგ კი სუფთა, მშრალი ქსოვილით შეიხვიეთ;
  7. არაფერი შემოიჭიროთ ნაკბენის გარშემო — მართალია, ასე შხამის გავრცელება შეყოვნდება, თუმცა მისი ერთ ადგილას დაგროვება უჯრედებს უფრო მეტად დააზიანებს;
  8. შესივების შემთხვევაში ნაკბენიდან ყველაფერი მოიშორეთ: სამკაულები, ფეხსაცმელი და ა.შ.

გასათვალისწინებელია, რომ, თუკი შხამის რომელიმე კომპონენტზე ალერგიული ხართ, შესაძლოა, ნებისმიერი შხამიანი გველის ნაკბენი მეტად სახიფათო აღმოჩნდეს. შესაბამისად, ყოველი შემთხვევა ინდივიდუალურია და უმჯობესია, სასწრაფო დახმარებას კბენიდან დაუყოვნებლივ მიმართოთ.

შხამიანი გველები საქართველოში

საქართველოში გავრცელებულ შხამიან გველებზე ინფორმაციის მისაღებად Herpi-ს მონაცემთა ბაზას ვეწვიე. ვებსაიტზე თქვენს არეალში გავრცელებული გველების შესახებაც მიიღებთ ინფორმაციას.

საქართველოში გავრცელებული 20-ზე მეტი სახეობიდან სულ რამდენიმეა შხამიანი — ძირითადად, გველგესლასებრთა ოჯახის წარმომადგენლები. ესენი არიან:

1. გიურზა (Macrovipera lebetinus)

ფოტო: Georgian Biodiversity database/Laura and Bobby Bok

Macrovipera lebetinus, იგივე გიურზა, საქართველოში გავრცელებული ერთადერთი სახეობაა, რომლის შხამსაც ადამიანის მოკვლა შეუძლია. იგი დაახლოებით 1.5 მეტრი სიგრძისაა და ძირითადად კახეთისა და თბილისის შემოგარენში გვხვდება. მიუხედავად იმისა, რომ სახეობა ძლიერ შხამიანია, იგი აგრესიული არ არის და მსხვერპლს მხოლოდ მაშინ ესხმის თავს, როცა მისგან საფრთხეს გრძნობს.

დაკბენის შემთხვევაში შხამსაწინააღმდეგო საშუალების მიღება დაგჭირდებათ. ამისათვის შეგიძლიათ, სასწრაფო დახმარების სერვისს დაუკავშირდეთ, რომელიც ახლომდებარე კლინიკებში მისი ხელმისაწვდომობის შესახებ მოგაწვდით ინფორმაციას. ამისათვის დაახლოებით 4-6 საათი გაქვთ, თუმცა გასათვალისწინებელია ისიც, რომ შესაძლოა, შხამის კომპონენტების მიმართ ალერგიული ადამიანისთვის ნაკბენი ბევრად საშიში იყოს, ამიტომაც სასწრაფო დახმარების მიღებას ნუ გადადებთ.

2. კავკასიური გველგესლა (Vipera Kaznakovi)

ფოტო: Flickr

კავკასიური გველგესლა გადაშენების პირას მყოფი არააგრესიული სახეობაა, რომელიც დაახლოებით 60 სანტიმეტრამდე იზრდება და დასავლეთ საქართველოში, უფრო აჭარის ტერიტორიაზე გვხვდება. მისი შხამი ალერგიის არმქონე ადამიანისათვის მომაკვდინებელი არ არის, თუმცა დაკბენის შემთხვევაში ძლიერი მოწამვლის სიმპტომები ვლინდება, ამიტომაც უმჯობესია, ყოველი შემთხვევისთვის სასწრაფო დახმარებას მაინც მიმართოთ.

3. დინიკის გველგესლა (Vipera Dinnikki)

ფოტო: George Gigauri

დინიკის გველგესლა, რომელიც კავკასიურ გველგესლას შეფერილობითა და გარეგნობით ძალიან წააგავს, საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი შხამიანი სახეობაა, რომელიც ძირითადად კავკასიონის შემოგარენში გვხვდება და ყოველდღიურ ცხოვრებაში ნაკლებად გადააწყდებით. მისი შხამი ადამიანისთვის მომაკვდინებელი არ არის — კვლავაც, თუ ალერგიის შემთხვევას არ ჩავთვლით.

4. დარევსკის გველგესლა (Vipera Darevskii)

ფოტო: ReptileGuy

საქართველოს წითელ ნუსხაში შეტანილი დარევსკის გველგესლა შედარებით ნაკლებად შხამიანი გველია, თუმცა მისი ნაკბენი მაინც მტკივნეულია და დაზიანებულ ადგილას შესივებას იწვევს. იგი ჩრდილო-დასავლეთ სომხეთსა და თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, საქართველოში კი ჯავახეთის ქედის აღმოსავლეთ ნაწილში შენიშნეს, თუმცა პოპულაცია იმდენად მცირეა, რომ, დიდი ალბათობით, დარევსკის გველგესლას ვერსად გადააწყდებით.

5. ველის გველგესლა (Vipera renardi)

ფოტო: Nenad Preradović

ველის გველგესლა ძირითადად კახეთში გვხვდება. იგი მაქსიმუმ 40 სანტიმეტრამდე იზრდება და ძალიან მოკლე კუდი აქვს. შხამი სიცოცხლისთვის სახიფათო არ არის, თუ, რა თქმა უნდა, მის რომელიმე კომპონენტზე ალერგიული არ ხართ.

6. ამიერკავკასიური ცხვირრქოსანი გველგესლა (Vipera transcaucasiana)

ფოტო: Holleday

ამიერკავკასიური ცხვირრქოსანი გველგესლა წითელ წიგნში შეტანილი შხამიანი სახეობაა, რომლის ნაკბენიც ალერგიის არმქონე ადამიანისთვის მომაკვდინებელი არ არის და მოწამვლის სიმპტომებით ხასიათდება.

უშხამო, თუმცა აგრესიული გველები

როგორც უკვე ვახსენე, არაალერგიული ადამიანის მოკვლა საქართველოში მობინადრე გველის სახეობებისგან მხოლოდ გიურზას შხამს შეუძლია. მიუხედავად ამისა, საქართველოში უშხამო, თუმცა აგრესიული გველებიც ბინადრობენ, რომელთაც არასასიკვდილო ზიანის მოტანა შეუძლიათ. ესენია:

1. წითელმუცელა მცურავი (Dolichophis schmidti)

ფოტო: Georgian Biodiversity database/Laura and Bobby Bok

თუკი მსგავსი შეფერილობის დაახლოებით 1-1.5 მეტრი სიგრძის გველი შეგხვდათ, განსაკუთრებით ეცადეთ, არ გააღიზიანო — მართალია, უშხამოა და მისი ნაკბენი არაფერს დაგიშავებთ, თუმცა მტკივნეული ნამდვილად იქნება.

წითელმუცელა მცურავი მსგავსი, ნაკლებად წითელი, შეფერილობითაც გვხვდება.

ფოტო: Georgian Biodiversity database/Laura and Bobby Bok

2. ესკულაპის მცურავი (Zamenis longissimus/Elaphe longissima)

ფოტო: Daniel Jablonski

ესკულაპის მცურავი საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი სახეობაა, რომელიც 1-1.5 მეტრამდე იზრდება და ძირითადად ტყეებსა და ფერდობებზე ბინადრობს. იგი უშხამო, თუმცა აგრესიული სახეობაა, ამიტომაც მასთან საქმის გაფუჭებას არ გირჩევდით.

შეჯამება

რამდენად დიდია გველებთან დაკავშირებული რისკები, შეგიძლიათ, სტატიის წაკითხვის შემდეგ თავად შეაფასოთ, თუმცა ფაქტი ერთია: როგორი შხამიანი ან აგრესიულიც არ უნდა იყოს საქართველოში მობინადრე სახეობა, იგი არაფერს დაგიშავებთ, თუკი განზრახ ან უბედური შემთხვევითობის წყალობით არ გააღიზიანებთ, მეორე მხრივ კი ემოციებს აყოლა და მათთვის ზიანის მიყენება ეკოსისტემაში არაერთ პრობლემას შექმნის.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა მოხდა შავ ზღვაში — ნავთობპროდუქტის ჩაღვრით გამოწვეული პოტენციური ეკოლოგიური კატასტროფა

გირჩევთ