მსოფლიოში პირველად, 3D პრინტერით დაბეჭდილი ყური ადამიანს გადაუნერგეს
ამერიკულმა ბიოტექნოლოგიურმა კომპანიამ განაცხადა, რომ პაციენტს 3D პრინტით დაბეჭდილი ყური წარმატებით გადაუნერგა. სიახლეს The New York Times იტყობინება. კომპანიამ ყურის დაბეჭდვა პაციენტის უჯრედების გამოყენებით შეძლო.
პაციენტი მარჯვენა ყურის თანდაყოლილი დეფექტით დაიბადა. დარგის ექსპერტების აზრით, ეს უმნიშვნელოვანესი სიახლეა და დიდი პროგრესია ქსოვილის ინჟინერიის სფეროში.
3DBio Therapeutics-ის თანახმად, 3D დაბეჭდილი ყური გაკეთდა ყალიბში, რომელიც ზუსტად მოერგო ქალის მარცხენა ყურს. გადანერგვის შემდეგ გაგრძელდა ხრტილოვანი ქსოვილის რეგენერაცია, რამაც მას ბუნებრივი ყურის იერს მიანიჭა.
"ეს ნამდვილად დიდი საქმეა, რაც ნიშნავს, რომ მსგავსი ტექნოლოგია არ არის იდეა, არამედ ის უკვე მოცემულობაა", — განუცხადა ადამ ფაინბერგმა New York Times-ს ინტერვიუში.
დოქტორი ფაინბერგი არის ბიოსამედიცინო ინჟინერიისა პროფესორი კარნეგი მელონის უნივერსიტეტში და FluidForm-ის თანადამფუძნებელი. ეს 3DBio-ს ინდუსტრიის ერთ-ერთი კონკურენტია.
რამდენად უსაფრთხოა მსგავსი ორგანო?
ამის ზუსტად თქმა ჯერ რთულია. თუმცა, 3DBio-მ თქვა, რომ ფედერალურმა მარეგულირებლებმა განიხილეს საცდელი დიზაინი და დაადგინეს წარმოების სტანდარტები. ეს მონაცემები გამოქვეყნდება სამედიცინო ჟურნალში.
ამ მხრივ კომპანიის უფრო დიდი კლინიკური კვლევა მოიცავს დაახლოებით 11 პაციენტს და ის ჯერ კიდევ მიმდინარეობს. შესაბამისად, შესაძლებელია, რომ ტრანსპლანტაცია უარყოს პაციენტის სხეულმა ან გამოიწვიოს ჯანმრთელობის სხვა, ჯერ კიდევ გაუთვალისწინებელი გართულებები.
თუმცა, ვინაიდან ორგანოების შესაქმნელად გამოყენებული უჯრედები (როგორიცაა ყურის შემთხვევა) უშუალოდ პაციენტის სხეულიდანაა, გართულებების შანსი მცირეა.
3DBio დაახლოებით შვიდი წელია რაც არსებობს. ეს ტრანსპლანტაცია მხოლოდ ერთ-ერთი გარღვევაა სფეროში, რაც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მოხდა.
მაგალითად, იანვარში მერილენდის ქირურგებმა მოახერხეს გენმოდიფიცირებული ღორის გულის გადანერგვა 57 წლის კაცისთვის, რომელსაც გულის დაავადება ჰქონდა.
კომენტარები