Messenger-ს ახალი Calls ჩანართი ემატება — რისთვისაა განკუთვნილი და რას მოგვიტანს
Messenger-ზე ფუნქციების ჩამონათვალში, აპლიკაციის ქვედა ნაწილში, ხმოვანი და ვიდეოზარებისთვის განკუთვნილი ჩანართი დაემატება. იგი "Chats", "Stories" და "People" ვარიანტებთან ერთად გამოჩნდება და მომხმარებელთა კონტაქტებს, ასევე ხმოვანი და ვიდეოზარებისათვის განკუთვნილ სპეციალურ ღილაკებს შემოგვთავაზებს.
ამ ცვლილებამდე მომხმარებლებს ცალკეული სასაუბროს გახსნა და იქიდან დარეკვა უწევდათ, ახალი ფუნქციის წყალობით კი ამას უკვე პირდაპირ შეძლებენ. გამომდინარე იქიდან, რომ Messenger-იდან დარეკვას ზოგი ჯერაც მიუჩვეველია, შესაძლოა, ამან ზემოხსენებული ფუნქცია მეტ ადამიანს გააცნოს.
აღსანიშნავია ისიც, რომ, Meta-ს თუ დავუჯერებთ, Messenger-ზე ხმოვანი და ვიდეოზარებით სარგებლობის მაჩვენებელი 2020 წლიდან დღემდე 40%-ით გაიზარდა. ამასობაში ვიდეოზარებს არაერთი AR ეფექტი დაემატა, რაც ფილტრებით, ნიღბებითა და ანიმაციებით გართობის საშუალებას გვაძლევს.
გამომდინარე იქიდან, რომ შეტყობინებებისათვის განკუთვნილი აპლიკაციები გამუდმებით იხვეწება, Messenger-ს არაერთი კონკურენტი ჰყავს, მათ შორის: Google Voice, Viber, Signal და WhatsApp (რომელიც Meta-მ 2014 წელს შეიძინა). მართალია, ხმოვან და ვიდეოზარებთან დაკავშირებული ფუნქციების დამატება Messenger-ს თავის გამოჩენაში დიდად არ დაეხმარება, თუმცა იგი მაინც ერთ-ერთი მსხვილი პლატფორმაა (FaceTime-ის გარდა), რომელიც, ზემოხსენებულთაგან განსხვავებით, მობილური ნომრის მითითებას არ საჭიროებს.
კომენტარები