როდის ავითვისებთ მთვარეს, მარსს, ასტეროიდებსა და იუპიტერს — მეცნიერების პროგნოზი
2010 წელს, თითქმის 50 წლის შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ჯონ კენედიმ გამოთქვა სურვილი ადამიანის მთვარეზე დასმის, ბარაკ ობამამ ამჯერად ადამიანის ასტეროიდზე გაშვების სურვილი გაგვიმხილა. მისი თქმით, ეს 2025 წლისთვის უნდა მომხდარიყო.
თუმცა, ეს ისეთივე მარტივი არ არის, როგორც ამას ბრიუს ვილისი აკეთებს ფილმ "არმაგედონში". რეალურად, 2010 წელს, ადამიანის ასტეროიდზე დასმა შეუძლებელი იყო, მეტიც, ასტეროიდზე ადამიანის დაშვების ვადების დადგენაც კი აბსურდულად ჟღერდა.
ათი წლის შემდეგ, 2020 წელს, NASA-ს ხომალდი, Regolith Explorer (OSIRIS-REx) შეეხო ასტეროიდს, ცნობილ ბენუს, რათა შეეგროვებინა მტვერი და კენჭები ზედაპირიდან. მან მასალა 2023 წელს დედამიწაზე უნდა ჩამოიტანოს.
მსგავსი ოპერაცია კოსმოსური სააგენტოსთვის პირველი იყო.
ახლა კი, მეცნიერების პროგნოზით, ადამიანის კოსმოსური მისიები ასტეროიდულ სარტყელში შეიძლება განხორციელდეს 50 წელიწადში. ეს იმ პირობით, რომ ადამიანები მარსს 2038 წლისთვის მიაღწევენ. რაც ნიშნავს, რომ მსგავს მისიას შეიძლება ბევრი ჩვენგანი მოესწროს კიდევაც.
მეცნიერმა ჯონათან ჯიანგმა, JPL-ის (Jet Propulsion Laboratory) მთავარმა მკვლევარმა და მისმა კოლეგებმა გამოაქვეყნეს თავიანთი დასკვნები კვლევაში, რომელიც სწორედ ამ თემებს მოიცავს. მათი მოდელი ეფუძნება ეკონომიკურ ანალიზს იმ ტემპის, რომლითაც იზრდება კოსმოსური ბიუჯეტი დროთა განმავლობაში და ტემპი, რომლითაც ტექნოლოგია პროგრესირებს კოსმოსური ეპოქის დასაწყისიდან.
სხვა სამყაროების ძიება
"ეს პაწაწინა წერტილი, რომელიც უსასრულოდ დიდ კოსმოსშია ზედმეტად დაუცველია. ფიზიკის ჩვენი დღევანდელი გაგება გვეუბნება, რომ ამ პატარა წერტილზე ვართ ჩაფლულები შეზღუდული რესურსებითა და კლიმატის ცვლილებებზე დამოკიდებული. ადრე თუ გვიან, ეს ჩვენთვის საშიშროებად იქცევა", — უთხრა ჯიანგმა IE-ს.
ჯიანგს მიაჩნია, რომ მიუხედავად ჩვენი ტექნოლოგიური შესაძლებლობებისა, ადამიანები "იქცევიან ბავშვებივით". თუკი სხვა ცივილიზაცია ეწვევა დედამიწას, ისინი გაოცდებიან, როდესაც დაინახავენ ადამიანებს, რომლებიც ერთმანეთში იბრძვიან და მუდმივად შეიარაღების განვითარებაზე ზრუნავენ.
პოპულაციის ზრდა, რესურსებისთვის ბრძოლა, ომების ამ რესურსების დასატაცებლად და საბოლოო გადაშენების რისკმა მეცნიერებს უბიძგა იფიქრონ კოსმოსის კოლონიზაციაზე. ჯიანგი ამის აუცილებლობას ხედავს. მეცნიერის თქმით, სხვა პლანეტების კოლონიზაცია ერთადერთი საშუალებაა რათა სახეობა არ განადგურდეს.
ჯიანგი პროფესორი სტივენ ჰოკინგის გაფრთხილებას იშველიებს, რის მიხედვითაც ადამიანებმა დედამიწა უნდა დატოვონ მომდევნო 200 წელიწადში, ეს იმ შემთხვევაში თუ გვინდა, რომ გადავრჩეთ. ჰოკინგი ხაზს უსვამდა, რომ კაცობრიობის ერთ ყუთში მოქცევა სახეობის გადაშენების საფრთხეებს ატარებს, ამიტომ აუცილებელია გავრცობა.
ეკონომიკური ფაქტორები
კვლევის ფარგლებში მეცნიერები დააკვირდნენ NASA-ს ხარჯებს ჯერ კიდევ მისი დაარსებიდან. ამ მრუდში სამი პიკია, რაც დაკავშირებულია ხარჯების მნიშვნელოვან ზრდასთან. პირველი პიკი დაფიქსირდა, როდესაც შეერთებული შტატები და საბჭოთა კავშირი ინტენსიურად იყვნენ ჩართულნი კოსმოსურ რბოლაში. მეორე 1990-იან წლებშია, რომელიც კერძო სექტორთან პარტნიორობის გადაწყვეტილებასთან ერთად გაჩნდა. ეს კოსმოსური შატლის შემცვლელის შესაქმნელად ხდებოდა.
რაც შეეხება შემდეგ პიკს, ის 2018 წელს დაფიქსირდა. ეს მოიცავს Artemis-ის პროგრამას, რათა დაბრუნდნენ ადამიანები მთვარეზე და ასევე გაემგზავრონ მარსზე.
"აშშ-ს მთავრობის მიერ სამხედროებისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი 801 მილიარდი დოლარია. პირიქით, NASA-ს ბიუჯეტი კოსმოსის მშვიდობიანი კვლევისთვის არის მხოლოდ $24 მილიარდი. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი რესურსების, დაზვერვის, ტექნოლოგიებისა და ფულის უმეტესი ნაწილი გამოიყენება იარაღის შესაქმნელად. ეს იარაღი ადამიანების დასახოცად იქმნება", — ამბობს ჯიანი.
ტექნოლოგიური პროგრესი
მეორე ფაქტორი, რომელიც გასათვალისწინებელია არის ტექნოლოგიური პროგრესი.
ნაშრომის მიხედვით, კოსმოსის კვლევასთან დაკავშირებული ტექნოლოგია გააგრძელებს განვითარებას სწრაფი ტემპით, რითაც გაგრძელდება შემდგომი კვლევა და განვითარება. კვლევა ტექნოლოგიური პროგრესი აშშ-ში ღრმა კოსმოსის კვლევის შესახებ გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების რაოდენობის მიხედვით იხელმძღვანელა.
ტექნოლოგიისა და პროდუქტიულობის გაუმჯობესებასთან ერთად, მოსალოდნელია, რომ შემცირდება სამშენებლო მასალის ღირებულება. ეს მომავალ მისიებს ბევრად გააიაფებს. ასევე გათვალისწინებული იქნა ისეთი ხელისშემშლელი ფაქტორები, როგორიცაა პანდემიები, ომები და სხვა.
მთვარე, მარსი, ასტეროიდების სარტყელი, იუპიტერი, სატურნი — ამ თანმიმდევრობით
კვლევისას გამოყენებული საბოლოო ფაქტორი არის ადამიანის საქმიანობის რადიუსი დედამიწის მიღმა. მთვარე დედამიწასთან ყველაზე ახლოს მყოფი ციური სხეულია და ასტრონავტებმა უკვე გაიარეს ეს მანძილი.
შემდეგი ნაბიჯი იქნება მთვარის ბაზა — NASA-ს არტემისის მისია და მთვარის კვლევის პროგრამა 2020-იან წლებში. მთვარეზე ბაზის შექმნა მნიშვნელოვან როლს შეასრულებს მარსზე ეკიპაჟის მისიების მომზადებაში. ამას მალევე, 2037 წლისთვის მარსის მისია უნდა მოჰყვეს. თუ ვივარაუდებთ, რომ ეს მისია წარმატებული იქნება, მარსზე შეიძლება შეიქმნას ბაზა, რომელიც მზის სისტემის სხვა ციური სხეულების ათვისებისთვის გამოგვადგება.
ნაშრომის მიხედვით, თუ ყველაფერი კარგად ჩაივლის, ადამიანებს ასტეროიდებზე 2073 წელს, იუპიტერზე 2103 წელს და სატურნზე 2132 წელს ვიხილავთ.
კომენტარები