როგორ გავიუმჯობესოთ ცხოვრების ხარისხი ძუძუს კიბოს ფონზე — რჩევები
ძუძუს კიბომ შესაძლოა, ადამიანის ცხოვრების ხარისხი გააუარესოს და მას ყოველდღიურ საქმიანობაში შეუშალოს ხელი. ეს გულისხმობს, როგორც ფიზიკურ ჯანმრთელობას, ასევე, მენტალურ კეთილდღეობას.
შესაბამისად, ზემოხსენებულ დიაგნოზს გარკვეული გამოწვევები ახლავს თან. წინამდებარე სტატიაში სწორედ მათთან გამკლავების გზებზე გესაუბრებით და მოგცემთ რჩევებს, რომელთა მეშვეობითაც თავს უკეთ იგრძნობთ.
ებრძოლეთ ტკივილს
ტკივილი შესაძლოა, თავად დაავადებით ან კონკრეტული მედიკამენტით იყოს განპირობებული, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მუდმივად ასეთ მდგომარეობაში მოგიწევთ ყოფნა. სანამ ტკივილი გამძაფრდება, სპეციალისტს უნდა მიმართოთ და აუხსნათ, რას გრძნობთ.
ექიმი თქვენს სიმპტომებს შეაფასებს და სათანადო მკურნალობას დაგინიშნავთ. აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად გამოიყენება ქირურგიული ჩარევა, ჰორმონალური თერაპია, ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატები, სტეროიდული ინიექცია, ანტიდეპრესანტები, ადგილობრივი ანესთეზია, მასაჟი და ა.შ.
ყურადღება მიაქციეთ ძილის ჰიგიენას
ცნობილია, რომ ძუძუს კიბოს მქონე პაციენტების დიდ ნაწილს სრულფასოვნად არ სძინავს. ამის გამოსწორება დასვენებასა და სტრესთან ბრძოლაში შეგიწყობთ ხელს, ამიტომ სასურველია, ძილის ჰიგიენა გამოიმუშაოთ.
ეცადეთ, დასაძინებლად ყოველდღიურად ერთსა და იმავე დროს დაწვეთ, ლოგინში მაქსიმალური კომფორტი მოიწყოთ, ოთახი ჩააბნელოთ, რომ შუქმა არ შეგიშალოთ ხელი, გამორთოთ ტელეფონი, ტელევიზორი და ნებისმიერი მსგავსი მოწყობილობა. ასევე, კარგი იქნება, თუ ძილის წინ მძიმე ვახშმისგან შეიკავებთ თავს, თბილი წყლით სავსე აბაზანაში ინებივრებთ და არ მიიღებთ ალკოჰოლს, კოფეინსა და ნიკოტინს.
იზრუნეთ მენტალური ჯანმრთელობის შენარჩუნებაზე
ამერიკული ონკოლოგიური საზოგადოების თანახმად, სიმსივნის მქონე ყოველი 4 პაციენტიდან 1-ს კლინიკური დეპრესია აწუხებს. ეს იმაზე მიუთითებს, რომ ფიზიკურთან ერთად, მენტალურ ჯანმრთელობასაც უნდა გაუფრთხილდეთ.
ეს მარტივი არაა, რადგან, მაგალითად, ქიმიოთერაპიის შედეგად სხეული საგრძნობლად იცვლება, მათ შორის აღინიშნება თმის ცვენა. ხშირია წონაში მატება, ზოგჯერ კი მკერდის მოკვეთა ხდება საჭირო. მსგავსი გზის გავლა ემოციურად, რა თქმა უნდა, რთულია, მაგრამ ასეთ მდგომარეობას არ უნდა დანებდეთ. თუ მარტო ვერ უმკლავდებით, მიმართეთ ფსიქოლოგს, რომელიც შეძლებისდაგვარად დაგეხმარებათ.
შეამცირეთ სტრესი
გასაკვირი არაა, რომ სიმსივნის დიაგნოზით ცხოვრება ძლიერ სტრესს უკავშირდება, რომელსაც დაღლილობის, დეპრესიის, შფოთვისა თუ პანიკური შეტევების გამოწვევა შეუძლია.
მისი შემცირებით, თქვენი მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდება. ამისთვის მიმართეთ იოგას, მედიტაციას, ყურადღების კონცენტრაციას, სუნთქვით ვარჯიშებს, მუსიკის თერაპიას, მასაჟს და სხვა.
მოძებნეთ ჰობი
ჰობის მოძებნა დაგეხმარებათ, რომ გააქტიურდეთ, სოციალური ცხოვრება არ დაივიწყოთ და ახალი საქმიანობით დაკავდეთ. ეს იმის საშუალებასაც მოგცემთ, რომ თქვენი დაავადების გარდა, სხვა რამეზეც იფიქროთ და ყურადღება გადაიტანოთ.
ასეთი ჰობი შეიძლება იყოს ხატვა, ცურვა, კითხვა, ქსოვა, იოგა, თიხაზე მუშაობა და ა.შ.
ყურადღება მიაქციეთ მედიკამენტების უკუჩვენებებს
თუ რომელიმე პრეპარატი თქვენს ორგანიზმში შემაწუხებელ უკუჩვენებებს იწვევს, ამის შესახებ ექიმს გაესაუბრეთ. ზოგი სიმპტომი თავისით ქრება, მაგრამ სხვა, მაგალითად, თავის ტკივილი, ღებინება, შეხურება და დაღლილობა შესაძლოა, დიდხანს გაგრძელდეს. სპეციალისტი გასწავლით, როგორ გაუმკლავდეთ მათ და საჭიროების შემთხვევაში, ამისთვის დამატებით მედიკამენტებს დაგინიშნავთ.
სახლის საქმეებს მარტო არ შეეჭიდოთ
დაბოლოს, სიმსივნის მქონე ადამიანებს ყველაზე ნაკლებად ენერგიის დახარჯვა, ალბათ, სწორედ სახლის დალაგებაში სურთ, რისი გაგებაც ძალიან მარტივია. სწორედ ამიტომ, კარგი იქნება, თუ ყოველდღიურ საქმიანობაში ვინმე დაგეხმარებათ, იქნება ეს თქვენი ოჯახის წევრი, პარტნიორი, მეგობარი თუ სპეციალური სერვისის წარმომადგენელი.
გახსოვდეთ — საკუთარ თავზე ზრუნვა არასდროს უნდა დაივიწყოთ, მაშინაც კი, თუ გგონიათ, რომ საკმარისი ძალა არ შეგწევთ.
რუბრიკის სპონსორია ექიმო. ექიმო არის აპლიკაცია, რომელიც სამედიცინო სერვისების მიღებას გიმარტივებთ. მისი გამოყენებით, შეძლებთ სახლში გამოიძახოთ ლაბორატორიული ანალიზები, დაჯავშნოთ ექიმთან ვიზიტი, რიგში დგომის გარეშე მიიღოთ სამედიცინო მომსახურება, მოძებნოთ მედიკამენტები და ელექტრონულად მიიღოთ კვლევებისა და მედიკამენტების დანიშნულებები, დიაგნოზები და სადაზღვევო მიმართვები.
კომენტარები