ვრცელი შესავალი

ამ სტატიაში მინდა ყველა ის საზრუნავი გადმოვცე, რაც თითქმის მთელი ცხოვრებაა მაწუხებს და რაც საშინლად აისახება როგორც ჩემს სოციალურ ცხოვრებაზე, ასევე არასოციალურზეც.

სოციალური შფოთვითი აშლილობა თუ გაქვს, სოციალიზაციას ხშირად არიდებ თავს და ამავდროულად ხშირად ხარ ჩუმად, ადამიანების ნაწილი ფიქრობს, რომ მორცხვი ხარ, ნაწილი კი, რომლებსაც ყველაფრის რომანტიზება უყვართ, მისტიკურობას მოგაწერს და უფრო მეტად ეცდება შენთან დაახლოებას იმისთვის, რომ "შენს იდუმალ შინაგან სამყაროს ჩაწვდეს" და, ბოლოსდაბოლოს, "ნამდვილი შენ გაიცნოს".

ეს მიუწვდომლობა და "სიმორცხვე" შორიდან, შეიძლება, მიმზიდველად გამოიყურებოდეს და, შესაძლოა, სტატიის ობიექტსაც ნამდვილად განსაკუთრებულ ადამიანად აგრძნობინოს თავი, გამორჩეულად, აი, მილიონში ერთი რომ დაიბადება, ისეთად. მაგრამ, დროთა განმავლობაში ირკვევა, რომ ეს გამორჩეულობა, სინამდვილეში, მარტოსულობას ნიშნავს და რომ ამაში კარგი არაფერია.

პირიქით, საშინლად მტანჯველია იმის გაფიქრება, რომ ბოლომდე ვერავისთან გაიხსნები და ყოველთვის, გარკვეულწილად მაინც, გარიყულად იგრძნობ თავს. მუდმივად იმის შიში, რომ ვიღაც განგსჯის, არ მიგიღებს ისეთს, როგორიც სინამდვილეში ხარ, ვერ გაგიგებს... სულ იმაზე ფიქრი, როგორ გხედავენ სხვები, როგორ აღიქვამენ შენს ხმას და გამომეტყველებას, რბილად რომ ვთქვა, ძალიან დამღლელია. თითქოს თრუმენის შოუში ხარ და არც ისე კეთილგანწყობილი ფარული მაყურებლებისგან თავის დაღწევის ერთადერთი გზა სახლში დარჩენაა.

თუ სოციალური შფოთვით, ან, გნებავთ, სოციალური ფობიით იტანჯები, ხანდახან ყველაფერს აკეთებ იმისთვის, რომ ადამიანებთან კონტაქტი აიცილო თავიდან. ასე ცხოვრება უსაფრთხოა, თუმცა ბევრ რამეში გვხევს უკან. რამდენად ჭკვიანები და ნიჭიერებიც არ უნდა ვიყოთ, სოციალური შფოთვა, სოციალიზაციის გარდა, კარიერაში, მიზნების მიღწევაში და, ზოგადად, ცხოვრებაშიც გვიშლის ხელს, ოცნებების ასრულებასა და მწვერვალების დაპყრობაზე რომ არაფერი ვთქვა.

ფოტო: Alex Ivashenko via Unsplash

დროთა განმავლობაში შფოთვა და აპათია ყოველდღიურობის ნაწილი ხდება. ჩაკეტვასთან ერთად ვიწყებთ უარის თქმას კონფერენციებსა და ისეთ საინტერესო ღონისძიებებში მონაწილეობაზე, სადაც ბევრი ხალხის (თუნდაც ხუთი ადამიანის) თანდასწრებით მოგვიწევს საუბარი. არა, იმის წარმოდგენა, რომ ყველა მათგანი შიშველია, არაფერს შველის. ადამიანის სხეულში სამარცხვინო არაფერია, სცენაზე შემთხვევით დასლოკინებაში და სისულელეების ბოდიალში — არის. შიში გვაიძულებს, უარი ვთქვათ ჩვენს ამბიციებზე და ბოლოს არაფერი გვრჩება. კომფორტის ზონის ყოველი გარღვევა კი უფრო მეტად გვანდომებს ოთახში შეკეტვას და ყველას მეხსიერებიდან საკუთარი არსებობის კვალის წაშლას — ობლივიატე!

როცა ხედავ, რომ დასახულ მიზნებს ვერ აღწევ, ცდილობ, შენი ოცნებები ამ შიშებს და შფოთვებს მოარგო. მაგალითად, თუ ბავშვობაში მომღერლობა, ან ალპინისტობა გინდოდა, ამის ნაცვლად ახლა ისეთ ოცნებას ირჩევ, რასაც სახლიდან გასვლა არ დასჭირდება და დაწყებამდე არ მოგიწევს დანებება. ეს შეიძლება ჯადოსნურად მილიარდი დოლარის მოგება იყოს, შემდეგ სადმე მთაში ძველი გოთიკური სასახლის ყიდვა და სამუდამოდ იქ ცხოვრება ობობებთან და ღამურებთან ერთად.

ამიტომ, რადგან მაგიის არ მჯერა, გადავწყვიტე, რომ ჩემი უდიდესი მიზანი არა დედამიწის გადარჩენა ან განადგურება, არა ნობელის პრემიის აღება ან ნორვეგიაში ტროლის ენაზე ცალი ხელით ჩამოკიდება, არამედ სოციალური შფოთვის დამარცხება იქნება. აი, ამ ოცნებას თუ ავისრულებ, შემდეგ მწვერვალად იმას ავირჩევ, დარჩენილი ცხოვრება ჩაბნელებულ ოთახში გატარებული დღეებისა და ხელიდან გაშვებული შესაძლებლობების სინანულმა არ შემჭამოს. იქამდე კი, სანამ მკითხველს თავს მოვაბეზრებ, მთავარზე გადავალ და ამ ავადსახსენებელ დაავადებას ზოგად-სამეცნიერო პერსპექტივიდან გაგაცნობთ.

სოციოფობია, ანუ ადამიანის, როგორც სოციალური ცხოველის მტერი

სოციალური შფოთვითი აშლილობა, რომელიც, ასევე, სოციალური ფობიის სახელითაცაა ცნობილი, გულისხმობს შფოთვას და დისკომფორტს იმის შესახებ, რომ სხვა ადამიანების წინაშე რაიმე სამარცხვინოს გააკეთებ, ან თავს დაიმცირებ.

ტიპიურ სიტუაციებს, რომლებიც სოციალურ შფოთვით აშლილობას იწვევს, უცნობებთან კონტაქტი და საჯაროდ გამოსვლა მიეკუთვნება. ეს აშლილობა, შესაძლოა, იმდენად დამაზიანებელი აღმოჩნდეს, რომ ადამიანებს ყოველდღიური საქმეების შესრულებაში და ფუნქციონირებაში, სოციალურ შეკრებებზე დასწრებასა და მუშაობაშიც შეუშალოს ხელი.

სოციალურ შფოთვით აშლილობასა და სიმორცხვეს შორის ზღვარი ყოველთვის გამოკვეთილი არაა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ პირველი ადამიანებს ფუნქციონირებასა და ურთიერთობაში უშლის ხელს, მეორე კი, გაცილებით ნაკლებად შემაწუხებელია. 2011 წელს ჟურნალ Pediatrics-ში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, რომლის ფარგლებშიც 10 000 ამერიკელი თინეიჯერი გამოკითხეს, გამოკითხულთა ნახევარი თავს მორცხვ ადამიანად გრძნობდა, სოციალური ფობიით კი მათი მხოლოდ 12% იტანჯებოდა.

სოციალური შფოთვითი აშლილობა ან სპეციფიკურია, ან გენერალიზებული. პირველის შემთხვევაში, ადამიანში შფოთვას, ძირითადად, ერთი ან ორი სიტუაცია იწვევს, როგორიცაა, მაგალითად, საჯაროდ სიტყვით გამოსვლა, ან მუსიკალური პერფორმანსის ჩატარება. გენერალიზებულ აშლილობას რაც შეეხება, იგი სოციალური სიტუაციების მთელ რიგს უკავშირდება, რაც მოიცავს როგორც ხალხის ყურადღების ცენტრში ყოფნას, ასევე ადამიანებთან ურთიერთობას.

სოციალური შფოთვითი აშლილობა ცხოვრების ხარისხზე საკმაოდ დიდ გავლენას ახდენს. გერმანულმა კვლევამ აჩვენა, რომ სოციოფობიის მქონე ადამიანებში 3-ჯერ მაღალია უმუშევრობის მაჩვენებელი, მაღალია საშუალო სამუშაო საათების გამოტოვების მაჩვენებელი, პერფორმანსი კი მნიშვნელოვნადაა დაქვეითებული. Katzelnick-მა და მისმა კოლეგებმა კი აჩვენეს, რომ სოციალურ ფობიას მკვეთრად უარყოფითი გავლენა აქვს შემოსავლის გამომუშავების უნარზე, განათლების დონეზე და პროფესიულ მიღწევებზე.

ეს არც ისე გასაკვირია, თუ გავითვალისწინებთ, რომ სოციალური ფობიის მქონე ადამიანებისთვის განსაკუთრებით ძნელია სოციალურ გარემოში მშვიდად ფუნქციონირება. ეს აშლილობა მკვეთრად აფერხებს ადამაინის უნარს, დაიმეგობროს ვინმე და შემდეგ შეინარჩუნოს ეს ურთიერთობები.

ყველა სიკეთესთან ერთად, შფოთვით აშლილობას ფიზიკური დისკომფორტიც ახლავს თან, როგორიცაა ოფლიანობა, კანკალი, კუნთების დაჭიმულობა, დაბნეულობა და აჩქარებული გულისცემა, ასევე აწითლება და ფიზიკური სისუსტე. ზოგიერთ მათგანს უბრალოდ სოციალურ სიტუაციაზე ფიქრი და მისი წარმოდგენაც კი იწვევს.

ალკოჰოლის მოხმარებისა და ალკოჰოლიზმის ეროვნული ინსტიტუტის მოხსენების მიხედვით, აღნიშნული აშლილობის მქონე პაციენტების 20% ნარკოტიკებსა და/ან ალკოჰოლს მოიხმარს. იქიდან გამომდინარე, რომ ამ ადამიანებისთვის სხვებთან ურთიერთობა დისკომფორტთანაა დაკავშირებული, ამას პაციენტები ხშირად მარტო ყოფნისას აკეთებენ. აღსანიშნავია ისიც, რომ ზემოთხსენებული ნივთიერებებს ისინი ხშირად სტრესულ სიტუაციებთან გამკლავებისა და სოციალიზაციის პროცესის გამარტივების მიზნით იღებენ.

როგორ ვყალიბდებით სოციოფობებად

სოციალური შფოთვითი აშლილობა გავრცელებული მდგომარეობაა, რომელიც, როგორც წესი, ბავშვობის ან მოზარდობის ასაკში იჩენს ხოლმე თავს. ამ უკანასკნელის გამოვლენის საშუალოდ ასაკი 10-13 წელია, თუმცა სოციოფობების 21%-ს ეს დაავადება, საშუალოდ, 0-5 წლის ასაკში უვლინდება. კლინიკური კვლევების უმეტესობა აჩვენებს, რომ გენდერული მაჩვენებლით აშლილობა ასე თუ ისე თანაბრად ნაწილდება. დაავადების გამოვლენის შემდეგ, იმ შემთხვევაში, თუ პაციენტი მკურნალობაზე უარს ამბობს, მაღალი ალბათობით, ეს მდგომარეობა მისთვის საკმაოდ დიდ ხანს გასტანს და ძალიან დამღლელიც იქნება.

სხვა შფოთვითი აშლილობებისგან განსხვავებით, სოციოფობიის გამომწვევი მიზეზების შესახებ არც ისე ბევრი რამაა ცნობილი, თუმცა მეცნიერები ფიქრობენ, რომ ეს უკანასკნელი გენეტიკურ, ნეირობიოლოგიურ და გარემო ფაქტორებს უნდა აერთიანებდეს.

ჰირშფელდ-ბეკერის მიხედვით, სოციოფობიის გამომწვევ გარემო ფაქტორებად ან შფოთვის განმაპირობებელ სტიმულად, შესაძლოა, ისეთი სიტუაციები ჩაითვალოს, რომლებიც ადამიანისთვის სამარცხვინო, ან დამამცირებელი აღმოჩნდა. მაგალითად, ადრეულ ასაკში ისეთ ზრდასრულებზე დაკვირვებით, რომლებიც სოციალურ სიტუაციებში დისკომფორტს განიცდიან, შესაძლოა, დავიჯეროთ, რომ ეს ნორმალური ქცევაა. ამის საფუძველზე დამკვირვებელმა, შესაძლოა, დაასკვნას, რომ ისეთ სიტუაციებში, სადაც ადამიანს ან მის ქცევას აფასებენ, ეს უკანასკნელი უნდა შფოთავდეს.

ფოტო: Gioele Fazzeri via Unsplash

რაც შეეხება ნეირობიოლოგიურ ფაქტორებს, მიუხედავად იმისა, რომ სეროტონინის დონის სელექციური ამაღლების ინჰიბიტორები (SSRI) სოციალური შფოთვითი აშლილობის მკურნალობის საქმეში საკმაოდ ეფექტიანად მოქმედებს, აშლილობის დროს სეროტოგენული სისტემის დისფუნქციაზე ძალიან მცირე რამ მიუთითებს. ასეც რომ იყოს, სეროტონინის დონის დარღვევა არაერთ შფოთვით აშლილობას უკავშირდება, ასე რომ, ეს სოციალური ფობიისთვის სპეციფიკური სიმპტომი არ იქნებოდა.

მსგავსად ამისა, სოციოფობიისას არ იკვეთება ნორადრენერგული დისფუნქცია, რომელიც ნორადრენალინის (ჰორმონი, ნეირომედიატორი) დონის დარღვევას უკავშირდება. ასევე, გამოკვეთილი არაა დოპამინერგიული დისფუნქცია. აღსანიშნავია, რომ ამ მენტალური დაავადების განკურნებაში დოპამინის აგონისტებისა და ანტაგონისტების (ნივთიერებებს, რომლებიც დოპამინის რეცეპტორებს ააქტიურებს ან ბლოკავს შესაბამისად) როლი, შეიძლება ითქვას, რომ დიდად არ შეინიშნება.

მეცნიერებისთვის კვლევაში ნეიროენდოკრინული სისტემისა და იმუნური ფუნქციის დარღვევების გათვალისწინებაც არ აღმოჩნდა შედეგის მომტანი. აქედან გამომდინარე, სოციოფობიის გამომწვევ ნეირობიულოგიურ ფაქტორებზე ჯერ კიდევ ბევრი კვლევის ჩატარებაა საჭირო. თუმცა, ნათელია, რომ აღნიშნული დაავადების ჩამოყალიბებაში არაერთი რისკფაქტორი ასრულებს როლს.

გამოსავალი

გამომწვევ მიზეზებთან შედარებით, ბევრად უკეთაა განსაზღვრული სოციალური შფოთვითი აშლილობის მკურნალობის სტრატეგიები. მკურნალობის ეფექტიანობა განსაკუთრებით თვალშისაცემი იმ პაციენტების შემთხვევაშია, რომლებიც აშლილობით ათწლეულების განმავლობაში იტანჯებოდნენ.

იქამდე, სანამ ფსიქოლოგიურ და ფარმაკოლოგიურ ჩარევაზე გადავალთ, აუცილებლად უნდა აღინიშნოს საგანმანათლებლო ბაზა და საკითხის გარშემო ცნობიერების ამაღლება. ვინაიდან შფოთვა ადრეული ასაკიდანვე იჩენს ხოლმე თავს და საკმაოდ დიდი ხანგრძლივობაც ახასიათებს, პაციენტების დიდი ნაწილი სოციოფობიას საკუთარი პიროვნებისა და ხასიათის განუყოფელ, უცვლელ ნაწილად აღიქვამს. ასე რომ, მათთვის, შესაძლოა, ძნელი იყოს იმის გაანალიზება, რომ ფობიისგან თავის დაღწევის რეალური შესაძლებლობები არსებობს.

ფოტო: Unsplash

ისიც უნდა ვახსენოთ, რომ მკურნალობის დროს, როდესაც ადამიანი გარკვეულ ცვლილებებს განიცდის, ამან, შესაძლოა, მის დიდი ხნის ურთიერთობებზე დამანგრეველი გავლენა იქონიოს და მათი აღდგენა და თავიდან დაბალანსება გახადოს საჭირო. მკურნალობის შიშისა და "ვაითუ" შეკითხვების თავიდან მოსაშორებლად, ამ უკვე ტაბუახსნილი საკითხის შესახებ კითხვა ძალიან დაგეხმარებათ.

რაც შეეხება ფორმალურ მკურნალობას, მედიკამენტების გარდა, სოციოფობიასთან ბრძოლის საკმაოდ ეფექტიან გზად მიიჩნევა კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპია, რომელიც იმის შეცვლაზეა ორიენტირებული, თუ როგორ ფიქრობს, იქცევა თუ რეაგირებს ადამიანი სხვადასხვა სიტუაციებში, რომლებიც მასში შიშსა და შფოთვას იწვევენ. თერაპიის ეს ფორმა ადამიანს ეხმარება, უკეთ გაიგოს, თუ რა გავლენას ახდენს მასზე საკუთარი ფიქრები და შიშები და შემდეგ, უფრო ეფექტიანად გაუმკლავდეს მათ. რაც მთავარია, სოციოფობიისგან თავის დაღწევა პაციენტისგან მკურნალობის ერთგულებასა და დიდ ძალისხმევას მოითხოვს.

ვეცადე, ამ სტატიაში ყველაფერი გადმომეცა, რაც მინდა ჩემს მეგობრებს, ნაცნობებს, ოჯახის წევრებს და მთელ სამყაროს გავაგებინო ხოლმე, როცა ბოლო წუთას ვამბობ უარს სახლიდან გასვლაზე, ან როცა "უმიზეზოდ" ვარიდებ თავს ყველას.

ბოლოს კი, მინდა ჩემ თავს შევახსენო, რომ თუ ოცნებების ახდენას და ყოველდღე ახალი მწვერვალების დაპყრობას ვერ შევძლებ, ის მაინც უნდა მოვახერხო, რომ დროთა განმავლობაში ერთი სიძნელე ახალი, უფრო რთული გამოწვევით ჩავანაცვლო, რომელთან გამკლავებასაც, შესაძლოა, მეტი ძალისხმევაც დასჭირდეს, თუმცა ამისთვის სიმამაცის მოკრება ყოველ ჯერზე უფრო ნაკლებად გამიჭირდება.