ვარსკვლავთა ეს წყვილი ერთმანეთის გარშემო მოძრაობას მხოლოდ 62 წუთს ანდომებს
ასტრონომებმა ჩვენგან 3 000-4 000 სინათლის წლის მოშორებით კოსმოსური "შავი ქვრივი" ვარსკვლავი დააფიქსირეს, რომელიც მეზობელ მნათობს შთანთქავს. თუმცა, ეს ყველაფერიო არაა — ერთმანეთის გარშემო გადასაადგილებლად წყვილს სულ რაღაც 62 წუთი სჭირდება, რაც წარმოუდგენლად მცირე დროა.
ეს "შავი ქვრივი" პულსარი გახლავთ, მბრუნავი ნეიტრონული ვარსკვლავი, რომელიც პოლუსებიდან ელექტრომაგნიტურ რადიაციას ასხივებს. ამის გამო მისი შემჩნევა ძნელი ნამდვილად არაა. სპეციალისტთა გუნდმა ტელესკოპის მიერ მოპოვებულ მონაცემებში 80-წუთიან ინტერვალში ცვალებადი სიკაშკაშის მქონე ობიექტების გამოსავლენად ალგორითმი გამოიყენა. სწორედ ასე მიაგნეს მათ უჩვეულო სისტემას, სახელად J1406+1222, რომლის სინათლეც ყოველ 62 წუთში ერთხელ იცვლება.
მკვლევართა თქმით, წესით, შთანთქმის პროცესი წყვილს შორის დისტანციას უნდა ზრდიდეს, მაგრამ J1406+1222-ის შემთხვევაში ასე არ ხდება. შესაბამისად, მათი მჭიდრო ორბიტის ფორმირება საკმაოდ უცნაურია.
ნაშრომის ავტორთა განცხადებით, პულსარი შედარებით პატარა ყავისფერ ჯუჯა ვარსკვლავს ანადგურებს. მისი გავლენით, ამ უკანასკნელის ერთი მხარე უფრო ცივია, ამიტომ როცა დედამიწისკენ ცხელი ნახევარსფეროა მომართული, მთლიანი სისტემის სიკაშკაშე იზრდება. ასევე, მათ მესამე კომპანიონიც ჰგავს, რომელიც უფრო დიდ მანძილზე მდებარეობს. ამ წყვილისგან განსხვავებით, მისი ორბიტული პერიოდი 10 000 წელია.
აღნიშნული მონაცემების ავთენტურობის დადასტურებას მეცნიერები ჩანდრას რენტგენული ობსერვატორიის მიერ შეგროვებული ინფორმაციით შეეცდებიან.
კომენტარები