ტვინის იმპლანტის გამოყენებით პაციენტი პარკინსონის სიმპტომებისგან განიკურნა
ბრისტოლის ჰოსპიტალი მსოფლიოში პირველია, რომელმაც პაციენტს ტვინის პატარა იმპლანტით პარკინსონის დაავადების სიმპტომები გაუქრო.
ქირურგებმა გამოიყენეს ტვინის ღრმა სტიმულაციის (DBS) მოწყობილობა პარკინსონის დაავადების შედეგად გამოწვეული ტვინის უჯრედების დაზიანების სამკურნალოდ.
ტონი ჰოუელსმა, პირველმა ადამიანმა, რომელმაც მიიღო მკურნალობა, თქვა, რომ ეფექტი გასაოცარია. მომავალი წლისთვის კვლევის გასაგრძელებლად 25 პაციენტი შეირჩა. ჰოუელსის თქმით, ოპერაციის დაწყებამდე, 2019 წელს მეუღლესთან ერთად დასვენება გადაწყვიტა, მაგრამ 100 მეტრის გავლაც კი უჭირდა. უკვე ოპერაციის შემდეგ მან 4 კილომეტრი უპრობლემოდ დაფარა.
ამჟამად არ არსებობს პარკინსონის დაავადების განკურნების მეთოდი. დაავადება ტვინის ნაწილების თანდათანობით დაზიანებას იწვევს. დაავადების სიმპტომებში შედის სხეულის ნაწილების უნებლიე კანკალი, ნელი მოძრაობა, დაჭიმულობა და მოუქნელი კუნთები. ადამიანების უმეტესობაში სიმპტომები 50 წლის შემდეგ ვითარდება, მაგრამ დაავადებულთა დაახლოებით 5% 40 წელზე მცირე ასაკზე მოდის.
პარკინსონის მკურნალობის ტრადიციული ოპერაციები გულისხმობს საკმაოდ დიდი ბატარეის ჩანერგვას მკერდში, მავთულებით, რომლებიც კანის ქვეშ გადიან თავის ზედა ნაწილამდე. ახალი DBS სისტემა კი ყველაზე პატარაა, რაც კი ოდესმე შექმნილა და მოიცავს პატარა ბატარეის სისტემას მოწყობილობისთვის, რომელის იმპლანტირებაც ხდება თავის ქალაში. შემდეგ ის აწვდის ელექტრულ იმპულსებს პირდაპირ ტვინის საჭირო უბნებს.
ახალი ოპერაციის განხორციელებას სულ რაღაც სამი საათი სჭირდება. ეს ორჯერ ნაკლები დროა, ვიდრე აქამდე ბევრად უფრო დიდი მოწყობილობის იმპლანტაციას სჭირდებოდა.
ჰოუელსის თქმით, მას აქამდე ფეხსაცმლის ჩაცმაც კი უჭირდა ახლა კი გოლფის თამაში შეუძლია.
ნევროლოგი დოქტორი ალან ვონი ამბობს, რომ მარტო დიდ ბრიტანეთში პარკინსონით დაახლოებით 140 000 ადამიანია დაავადებული და თუ კვლევები წარმატებით დასრულდება მათგან ბევრი განიკურნება.
"თუმცა, თუ უფრო ხანდაზმული ხართ, ან გაქვთ მეხსიერების პრობლემები, როგორც თქვენი პარკინსონის დაავადების ნაწილი, ამ მეთოდმა შეიძლება შესაბამისი შედეგი ვერ მოგცეთ. ხოლო, თუ თქვენ შედარებით ახალგაზრდა ხართ და თქვენზე თავის ტვინის ოპერაციის ჩატარება შესაძლებელია, შედეგები გასაოცარი იქნება", — თქვა ვონმა.
კომენტარები