რუსეთმა უკრაინასთან ბრძოლაში გაწვრთნილი დელფინებიც ჩართო
მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთმა უკრაინაში შეჭრის შემდეგ სევასტოპოლის საზღვაო ბაზის დასაცავად შავ ზღვაში გაწვრთნილი დელფინები გაუშვა. ამას ხელოვნური თანამგზავრების მიერ გადაღებული ფოტოებიც ადასტურებს.
სატელიტური მონაცემების მიხედვით, წყლის ეს ბინადრები იქ თებერვლიდან გაჩნდნენ, სწორედ მაშინ, როცა აგრესორი ქვეყანა უკრაინაში შეიჭრა. აღსანიშნავია, რომ სევასტოპოლის პორტი რუსეთისთვის შავ ზღვაში არსებული ყველაზე მნიშვნელოვანი ბაზაა. სპეციალისტთა აზრით, სახელმწიფომ "სამხედრო" დელფინები იქ ზუსტად ამის გამო გაგზავნა, რათა მოწინააღმდეგეებს ზემოხსენებულ ტერიტორიაზე წყალქვეშა გადაადგილების გზით ვერ შეეღწიათ და საომარი ხომალდებისთვის დივერსია არ მოეწყოთ.
მსგავსი ოპერაციებისთვის დელფინებს აშშ-სა და რუსეთში აქტიურად წვრთნიან. ცივი ომის დროს საბჭოთა კავშირში რამდენიმე ასეთი პროგრამა შეიქმნა, მისი დაშლისას კი მათზე ხელმძღვანელობა უკრაინამ მოიპოვა მანამ, სანამ რუსეთი ყირიმს აიღებდა. ამის შემდეგ პროგრამები განახლდა.
აღსანიშნავია, რომ არქტიკის რეგიონში რუსეთი ამგვარი მიზნებისთვის სხვა სახეობებს იყენებს. კერძოდ, სელაპებსა და თეთრ ვეშაპებს, რომელთაც სხეული ცხიმის სქელი ფენით აქვთ დაფარული, რაც მათ სითბოს უნარჩუნებს.
სევასტოპოლში შენიშნული დელფინები ძალიან ჰგვანან ხმელთაშუა ზღვის ტარტუსის ბაზის მიმდებარედ 2018 წელს დაფიქსირებულებს, რაც მათ დანიშნულებას კიდევ ერთხელ ადასტურებს.
კომენტარები