სატურნის გიგანტური თანამგზავრი შესაძლოა, დედამიწას კიდევ ერთი რამით ჰგავდეს
მზის სისტემაში შემავალ სხვა ციურ სხეულებთან შედარებით, სატურნის ბუნებრივი თანამგზავრი, ტიტანი, დედამიწას ბევრი რამით ჰგავს. კერძოდ, ის ერთადერთი მსგავსი ობიექტია, რომელსაც სქელი ატმოსფერო აქვს. იქ მეთანის წვიმა მოდის, ზედაპირზე კი მდინარეები და ტბებია.
კიდევ ერთი საერთო მახასიათებელი ქვიშის უზარმაზარი დიუნებია, თუმცა მათი შემადგენლობა განსხვავებულია. არაორგანული სილიკატების ნაცვლად, იქ სუსტ ორგანულ მარცვლებს ვხვდებით, რომლებიც ეროზიას მარტივად განიცდის და მტვრად იქცევა. წესით, ეს ფრაგმენტები დროთა განმავლობაში ზომაში ისე უნდა შემცირდეს, რომ ატმოსფეროში გაიფანტოს, თუმცა ტიტანზე ასე არ ხდება.
სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ სატურნის თანამგზავრის ეკვატორულ რეგიონებში დიუნების შენარჩუნებას გარკვეული მექანიზმი უწყობს ხელს, რომელიც ეროზიას უპირისპირდება. ახალ კვლევაში ისინი ამას ოოიდებს, ანუ პატარა სფეროსებრ წარმონაქმნებს უკავშირებენ, რომლებიც ჩვენს პლანეტაზე ზღვებისა და ოკეანეების ფსკერზე გვხვდება.
ისინი დალექვისას აკრეციის, ანუ შეერთების შედეგად ფორმირდება და არა პირიქით. გამოცემაში Geophysical Research Letters გამოქვეყნებული ნაშრომის ავტორები ფიქრობენ, რომ ტიტანზე შესაძლოა, სწორედ ოოიტები არსებობდეს, რაც ყველაფერს ახსნიდა. ამ გზით ციურ სხეულზე მტვერი ისევ ქვიშად გადაიქცეოდა და ქვიშაქვის გაჩენასაც განაპირობებდა.
რა თქმა უნდა, ეს ჯერჯერობით მხოლოდ ჰიპოთეზაა. მის დასადასტურებლად დამატებითი კვლევების ჩატარებაა საჭირო.
კომენტარები