როგორ იბადება აირის გიგანტი? — ჰაბლმა პლანეტის წარმოქმნის პროცესი დააფიქსირა
NASA-ს კუთვნილმა ჰაბლის კოსმოსურმა ტელესკოპმა პლანეტის ფორმირების პროცესი დააფიქსირა, რაც იუპიტერის მსგავსი აირის გიგანტების წარმოქმნის შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაწვდის.
ახალაღმოჩენილი ციური სხეული, სახელად AB Aurigae b, მტვრისა და აირისგან შედგენილ პროტოპლანეტურ დისკოში მდებარეობს, რომელიც დაახლოებით 2 მილიონი წლის ვარსკვლავს სპირალურად აკრავს გარს. შედარებისთვის, ჩვენი სისტემის ფორმირება სწორედ მაშინ დაიწყო, როცა მზე ამ ასაკის იყო, ახლა ის 4.6 მილიარდი წლისაა.
ყველაზე გავრცელებული თეორიის მიხედვით, აირის გიგანტები ბირთვის აკრეციის შედეგად ჩნდება, ანუ პირველ ეტაპზე მტვრის ნაწილაკებისგან და შედარებით დიდი ზომის ობიექტებისგან ბირთვი იქმნება, შემდეგ კი ის აირს იზიდავს. მეორე თეორიის თანახმად, მნათობის ირგვლივ არსებული დისკო გაციებისას, გრავიტაციის გავლენით, 1 ან 2 პლანეტური მასის ნაწილებად იყოფა, რასაც დისკოს არასტაბილურობას უწოდებენ.
AB Aurigae b იუპიტერზე მასიურია და საკუთარი ვარსკვლავისგან 2-ჯერ მეტი მანძილი აშორებს, ვიდრე პლუტონს — მზისგან. ამ დისტანციაზე ბირთვის აკრეციის საშუალებით წარმოსაქმნელად მას ძალიან დიდი დრო დასჭირდებოდა, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ მისი დაბადება დისკოს არასტაბილურობას უნდა მივაწეროთ.
სპეციალისტებმა პროტოპლანეტის შესახებ მონაცემები ჰაბლსა და სუბარუს ტელესკოპებზე დამონტაჟებული ხელსაწყოების მეშვეობით მოიპოვეს. მისი შესწავლა ჩვენს მზის სისტემაზე მეტის გაგებაშიც დაგვეხმარება.
ავტორთა ნაშრომი გამოცემაში Nature Astronomy გამოქვეყნდა.
კომენტარები