გაქცევა ოდესადან
მაშინ, როცა ოჯახი უკრაინაში პუტინის ომს გაურბოდა, ჟანა ბაღათელიასა და მის ქალიშველებს საქართველოს საზღვრებს მიღმა, უსაფრთხოდ ყოფნაში უცნობი ადამიანების სიკეთე დაეხმარა.
24 თებერვლის დილას ჟანა ბაღათელია ძლიერი აფეთქების ხმამ დააფრთხო. სწორედ მაშინ მიხვდა, რომ ომი დაიწყო. 47 წლის საქართველოს მოქალაქე ოდესის მკვიდრია და უკრაინაში ბოლო 15 წელია ცხოვრობს.
მან OC Media-ს უთხრა, რომ ომის მოლოდინი შეჭრამდე რამდენიმე დღით ადრე ჰქონდა და ევაკუაციის გზებს უკვე ეძებდა.
"მე იმედს ვამყარებდი, რომ ოდესიდან გასვლას ზღვით ან ჰაერით შევძლებდით, მაგრამ 25 თებერვალს, როცა წასვლა საბოლოოდ გადავწყვიტეთ, პორტიც და აეროპორტიც დაკეტილი იყო", — იხსენებს ის.
რამდენიმე დღე ჟანა იცდიდა. შემდეგ, გაფრთხილების გარეშე, მისი შვილის კოლეგისგან შეთავაზება მიიღო. ჟანასა და მის ორ შვილს რუმინეთში მოლდოვის გავლით მანქანით ევაკუაცია შესთავაზეს. ბარგის ჩასალაგებლად მხოლოდ ერთი საათი ჰქონდათ.
"დავთანხმდი, მაგრამ ამის მიუხედავად, ჩემი სული მაინც გაგლეჯილია", — თქვა ჟანამ.
მან ოდესა ორ ქალიშვილთან ერთად დატოვა, თუმცა კიდევ ჰყავს ორი, რომლებიც დაქორწინებულები არიან და უკრაინაში მათ ოჯახებთან ერთად დარჩენა არჩიეს.
"მათ გამო ძალიან მეშინია, თუმცა თავად ჩემმა შვილებმა დამარწმუნეს, რომ წავსულიყავი", — წუხდა ჟანა.
მისი თქმით, ერთი შვილი ოჯახთან ერთად ოდესის ცენტრში ცხოვრობს, ხოლო მეორე ლუგანსკში.
"ისინი სახლიდან არ გადიოდნენ, მაგრამ ლუგანსკში ჩემს შვილს უკვე აღარ შეუძლია სახლში ჯდომა და არაფრის კეთება. მას სამედიცინო განათლება აქვს და ძალიან უნდა ხალხს დაეხმაროს. თქვა, რომ საჭიროების შემთხვევაში, სულ მცირე, დაჭრილებს მაინც დაეხმარება", — თქვა მან.
მოლდოვის საზღვრამდე მგზავრობა სწრაფი აღმოჩნდა — მათ გარდა გზაზე არავინ იყო.
"მთელს გზაზე საშინელი, რეპრესიული სიცარიელე იყო", — იხსენებს ჟანა.
უცხო მიწაზე
მოლდოვის საზღვრის გადაკვეთიდან რამდენიმე დღეში, ჟანა და მისი შვილები რუმინეთში აღმოჩნდნენ — მათ თბილად არ დახვედრიან. მისი ერთი შვილი არასრულწლოვანია და პასპორტი არ აქვს, მხოლოდ უკრაინის დატოვების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც ომის დაწყებისას ოდესაში საქართველოს საელჩოდან აიღო. ეს დოკუმენტი რუმინეთის საზღვარზე არ მიიღეს.
ჟანას უთხრეს, რომ მისი შვილი ქვეყანაში ყოფნას მხოლოდ 24 საათი შეძლებდა, რათა დეპორტაცია არ დამუქრებოდა.
სიტუაცია იმანაც გაამწვავა, რომ არც ტელეფონი ჰქონდათ, არც ინტერნეტთან წვდომა, არც ფული, იმის გარდა, რაც საქართველოს ბილეთებისთვის გადაინახეს და არავინ ოჯახში არც რუმინულად საუბრობდა და არც ინგლისურად.
ისინი უცნობი ადამიანების სიკეთემ გადაარჩინა.
"ჩემი შვილი შემთხვევით მოლდოველ კაცს შეხვდა, რომელიც რუსულად ლაპარაკობდა. ძალიან დიდი დახმარება გაგვიწია, ტელეფონი გვიყიდა და გადაადგილებაშიც მოგვეხმარა", — თქვა ჟანამ.
ახალგაზრდა კაცმა ოჯახი ბუქარესტში მიიყვანა, საიდანაც აეროპორტში დილიდანვე გამგზავრება მოახერხეს.
მათ ტაქსის მძღოლით დაეხმარა — უყიდა საუზმე და ბარგისთვის, რომელიც სისწრაფისგან გამჭვირვალე პარკებში ჩაელაგებინათ, შესაფერისი ჩანთები.
თუმცა აეროპორტში ოჯახს კიდევ ერთი დაბრკოლება შეხვდა. საქართველოს ბილეთების ფასი გაზრდილიყო და იმაზე ძვირი ღირდა, ვიდრე მათ ნაღდი ფული ჰქონდათ.
საბედნიეროდ, გვერდით მდგომმა რუსულად მოლაპარაკე წყვილმა მათი საუბარი გაიგო და თბილისისკენ ბილეთების ყიდვა შესთავაზა. ჟანას თხოვნის მიუხედავად, ფული არ გამოართვეს.
"ბილეთების ფულს მე გადავიხდი. როცა საქართველოში ჩაფრინდები, ამ ფულზე შემდეგ იფიქრებ, ახლა ეს ფიქრები თავიდან ამოიგდე", — იხსენებს ჟანა კაცის ნათქვამს.
გაეროს მონაცემების თანახმად, უკრაინიდან 2 მილიონზე მეტი ადამიანი გაიქცა და "უთვალავზე მეტი" ქვეყნის შიგნით გადაადგილდა. ამასთან, 400-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.
საქართველოს აქციები უკრაინისთვის
როცა ჟანა მის სამშობლოში გარბოდა, საქართველო უკრაინის დასახმარებლად იყო მობილიზებული.
ჩვეულებრივმამოქალაქეებმა შეჭრის შემდეგ გამოქცეული ხალხისთვის, ასევე, საქართველოში დარჩენილი უკრაინელებისთვის საცხოვრებლები მოაწყვეს. უკრაინის დასახმარებლად ათასობით მათგანმა გაიღო საკვები, მედიკამენტები, ტანსაცმელი და ფული.
თათა თავდიშვილი ამჟამად საქართველოში არ ცხოვრობს, მაგრამ, როცა უკრაინაში ომის დაწყების შესახებ გაიგეს, მამამისმა და მისმა დამ, რომლებიც თბილისში ცხოვრობენ, უკრაინელების სახლში წაყვანა გადაწყვიტეს.
3 უკრაინელი, რომლებიც საქართველოში ხანმოკლე დასვენებისთვის ჩამოვიდნენ, ახლა თათას მამასთან ერთად ცხოვრობენ.
"ეს არ არის მხოლოდ უკრაინელების ბრძოლა. მათი გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვისაც. მათი მოქალაქეების მიმართ მზრუნველობა ერთ-ერთი საუკეთესო ფორმაა დახმარების, რისი გაკეთებაც ახლა შეგვიძლია", — უთხრა თათამ OC Media-ს.
ლევან აძიშვილი, რომელმაც ასევე გაუღო მისი სახლის კარი საქართველოში დარჩენილ უკრაინელებს, ამბობს, რომ "უნდოდა რაღაც გაეკეთებინა სოლიდარობის ნიშნად".
28 თებერვალს, როცა ჟანა ბაღათელია საბოლოოდ ჩამოვიდა თბილისში, ის და მისი ქალიშვილები ოჯახმა შეიფარა, რომლებსაც უკრაინიდან ჩამოსული ლტოლვილების დახმარება უნდოდათ. ოჯახმა არა მხოლოდ დააბინავა და საკვები მისცა მათ, არამედ ახალი სამოსი და სხვა საჭირო ნივთებიც.
დღეს ჟანა და მისი შვილები იმ ბინაში ცხოვრობენ, რომლის ქირასაც მისი უფროსი ქალიშვილის თანამშრომლები იხდიან. უკრაინის საელჩო რეგულარულად ამოწმებს მას, რათა დარწმუნდნენ, რომ კარგად არის — თუმცა ჟანას თქმით, საქართველოში მხარდაჭერას გრძნობს.
რაც შეეხება ბოლო სიტყვებს, ჟანა პასუხობს:
"მხოლოდ ერთი თხოვნა მაქვს ყველასთვის — თუ შეგიძლიათ უკრაინიდან ხალხს დაეხმაროთ, გთხოვთ, გააკეთეთ ეს, რათა იგრძნონ, რომ მარტო არ არიან".
მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
კომენტარები