ISIS (სირიისა და ერაყის ისლამური სახელმწიფო) არის სალაფიტური ტერორისტული ორგანიზაცია, რომელიც ჩამოყალიბდა 1999 წელს იორდანიაში, რადიკალი ისლამისტის აბუ მუსაბ ალ-ზარქავის ხელმძღვანელობით.

2004 წელს შეუერთდა ალ-ქაიდას, რის შემდეგაც ორგანიზაციას სახელი გადაერქვა და გახდა ჯიჰადისა და მონოთეიზმის ორგანიზაცია.

2006 წელს დაჯგუფება გაერთიანდა სხვა სუნიტურ ტერორისტულ ორგანიზაციებთან, მას შემდეგ რაც ლიდერი ალ-ზარქავი დაიღუპა. გაერთიანების შედეგად ახალმა ლიდერებმა აბუ ომარ ალ-ბაღდადიმ და აბუ აიბ ალ-მასრიმ ჩამოაყალიბეს ახალი ორგანიზაცია ერაყის ისლამური სახელმწიფო.

2010 წლიდან დაჯგუფების ლიდერი გახდა აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი.

2011 წლის აგვისტოდან, სირიის ომის დაწყებისთანავე, ორგანიზაცია კონფლიქტში ჩაერთო და კონტროლი დაამყარა რამდენიმე სუნიტურ პროვინციაზე: ალ-რაქაზე, იდლიბზე, დიერ ეზ-ზორსა და ალეპოზე.

ორგანიზაცია გამოირჩევა უკიდურესი სისასტიკით. მათ რამდენჯერმე გაავრცელეს ვიდეოები, რომლებშიც საერთაშორისო ტყვეების სიკვდილით დასჯა იყო ასახული.

ორგანიზაციამ პასუხისმგებლობა აიღო პარიზის, ბრიუსელისა და ბოლო წლებში მომხდარ სხვა ტერაქტებზე.

ISIS-ის ერთ-ერთი ლიდერი და ე.წ. ომის მინისტრი იყო ქართული წარმოშობის, პანკისელი სამხედრო თარხან ბათირაშვილი, რომელიც აბუ ომარ ალ-შიშანის (ომარ ჩეჩენის) სახელით იცნობდნენ.

დაჯგუფების წევრებს შორის რამდენიმე ქართველი მებრძოლიც ირიცხება, რომლებიც წარმოშობით აჭარიდან და პანკისის ხეობიდან არიან. მათი რადიკალიზაცია, სავარაუდოდ თურქეთსა და სირიაში არსებული რეკრუტერების მიერ მოხდა.

ISIS მოიხსენიება ალტერნატიული სახელებითაც, ISIL (ერაყისა და ლევანტის ისლამური სახელმწიფო) და დაეში.