მსოფლიოში პირველად, გამოავლინეს ასტეროიდი, რომელსაც სამი ბუნებრივი თანამგზავრი აქვს
აღმოჩნდა, რომ ასტეროიდს სახელად ელექტრა 130-ს სამი ბუნებრივი თანამგზავრი აქვს. ეს ამ დროისთვის ყველაზე მრავალრიცხოვანი ასტეროიდული სისტემაა და დაგვეხმარება მომავალში მსგავსი მკრთალი თანამგზავრების დაფიქსირებაში.
"ელექტრა ასტეროიდის პირველი ოთხმაგი სისტემაა, რომელიც ოდესმე აღმოგვიჩენია", — წერს ენტონი ბერდიუ, ტაილანდის ეროვნული ასტრონომიული კვლევის ინსტიტუტის ხელმძღვანელი.
ასტეროიდებისთვის პატარა კომპანიონების ყოლა იშვიათი არ არის, მაგრამ მათი შემჩნევა ძალიან რთულია. მეცნიერების მიერ აღმოჩენილი 1 100 000-ზე მეტი ასტეროიდიდან ცნობილია, რომ მხოლოდ 150-ზე მეტს აქვს მინიმუმ ერთი თანამგზავრი.
ელექტრას სიგრძე 260 კილომეტრია და ის პირველად 1873 წელს აღმოაჩინეს. რაც შეეხება მის თანამგზავრებს, პირველი 2003 წელს დააფიქსირეს, მეორე 2014 ში და აი ახლა მესამეს ჯერიც მოვიდა.
ამ თანამგზავრების დაფიქსირებას ამდენი დრო ტყუილად არ დასჭირვებია. ასტეროიდები პატარა ობიექტებია და ისინი მკრთალად ანათებენ. რა თქმა უნდა, კიდევ უფრო რთულია იმის დაფიქსირება, რაც მათ გარშემო ბრუნავს და ბევრად უფრო მცირეა.
ასევე, რაც უფრო პატარაა და ახლოს არის თანამგზავრი ასტეროიდთან, მით უფრო რთულია მისი დანახვა. ეს ძალიან ჰგავს იმას, რის გამოც ძნელია სხვა ვარსკვლავების გარშემო მოძრავი ეგზოპლანეტების პირდაპირ დამზერა.
2003 წელს შენიშნული თანამგზავრი 6 კილომეტრის სიგრძისაა, 2014 ში დაფიქსირებული 2 კილომეტრის, ხოლო ახლად აღმოჩენილი კიდევ უფრო პატარაა. ის სულ რაღაცა 1,6 კილომეტრის სიგრძისაა. თანამგზავრი ასტეროიდისგან 340 კილომეტრის დაშორებით მოძრაობს და 15 000-ჯერ უფრო მკრთალია ვიდრე ელექტრა.
ამ ბოლო თანამგზავრის აღმოსაჩენად, ბერდიუმ და მისმა კოლეგებმა ევროპის სამხრეთული ობსერვატორიის (ESO) ძალიან დიდი ტელესკოპის (VLT) ინსტრუმენტ SPHERE-ის საარქივო მონაცემები გამოიყენეს. ამის შემდეგ კი ასტეროიდის გარშემო ნათებების გასაფილტრად ალგორითმებს მიმართეს. სწორედ ასე გამოიკვეთა ასტეროიდის ძალიან პატარა თანამგზავრი.
მეცნიერებს ახლა აინტერესებთ თუ როგორ ყალიბდება მსგავსი სისტემები.
"პირველი ოთხმაგი ასტეროიდული სისტემის აღმოჩენა გზას ხსნის მსგავსი თანამგზავრების ფორმირების მექანიზმების გასაგებად", — ამბობენ მკვლევრები.
და რაც მთავარია, მკვლევრების თქმით, მსგავს ტექნიკას სხვა ასეთი სისტემების შესასწავლადაც გამოიყენებენ. ფაქტია, ეს მიდგომა მუშაობს!
კვლევა გამოქვეყნებულია The Astrophysical Journal Letters-ში.
კომენტარები