როგორ აპირებს მთავრობა ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებაზე მოსახლეობის ინფორმირებას
საქართველოს მთავრობამ ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების კომუნიკაციის სტრატეგია შეიმუშავა, რომლის მიზანია "ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებისადმი საქართველოს მოსახლეობის მაღალი და გაცნობიერებული მხარდაჭერის ხელშეწყობა".
სტრატეგია ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ავტორობით მომზადდა. უწყების ვებსაიტზე გამოქვეყნებულ დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ სტრატეგიის ამოცანებია:
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე, მარიკა რაქვიაშვილი On.ge-სთან საუბარში განმარტავს, რომ საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობები, ერთ-ერთ ძირითად მოწყვლად ჯგუფს წარმოადგენს, რომელსაც განსაკუთრებული მიდგომა და კომუნიკაცია სჭირდება.
მარიკა რაქვიაშვილი ამბობს, რომ ეთნიკური უმცირესობების შემთხვევაში, სამოქმედო გეგმა დაიგეგმება შესაბამისად და გაითვალისწინებენ როგორც ენის სპეციფიკას, ისე მათ წარმოდგენებს, ევროინტეგრაციის პროცესის შესახებ:
"ხშირ შემთხვევაში, ისინი პროპაგანდის გავლენის ქვეშ არიან და არასწორი წარმოდგენა აქვთ. ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებზე არსებობს განსაკუთრებული გავლენა, რუსული ტელევიზიების, რუსული პროპაგანდის მხრიდან".
მარიკა რაქვიაშვილი ამბობს, რომ სტრატეგია, რომელიც დღეს დამტკიცდა არის ჩარჩო დოკუმენტი, რომელზეც სამოქმედო გეგმა შემუშავდება და მას მოგვიანებით მთავრობა დაამტკიცებს.
მისი თქმით, სწორედ სამოქმედო გეგმაში გაიწერება კონკრეტული ღონისძიებები, იმისათის, რომ საზოგადოებაში განისაზღვროს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწვერიანების მხარდაჭერა და ისიც, თუ რა ჯგუფები საჭიროებს მეტ კომუნიკაციას ამ საკითხებზე.
მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ სამოქმედო გეგმის ფარგლებში ჩატარდება სტანდარტული საზოგადოებრივი აზრის კვლევები, რომლებიც ტენდენციებს ასახავს:
"უნდა განისაზღვროს მხარდაჭერის დინამიკა, რაც ისედაც ძალიან მაღალია, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია იგი იყოს ასე ვთქვათ, გაცნობიერებული და ცოდნაზე დამყარებული. ესაა სტრატეგიის მთავარი მიზანი, რომ ის ჯგუფები დაიტვირთონ ინფორმაციით, ვინც ამის ნაკლებობას განიცდის".
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) საზოგადოებრივი აზრის 4 აპრილის კვლევის მიხედვით, 2017 წელს საქართველოს მოქალაქეების 90 პროცენტი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრებას ემხრობა, ხოლო ამავე კვლევით, მოქალაქეების 82 პროცენტი თანახმაა, რომ საქართველო ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში (NATO) გაწევრიანდეს.
ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს გაწევრიანების კომუნიკაციის 2017-2020 წლების სტრატეგია მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცეს.
კომენტარები