მსოფლიოში პირველად: ოლიმპიურ თამაშებზე მხოლოდ ხელოვნურ თოვლს იყენებენ — როგორ
ჩრდილო-დასავლეთ პეკინის ფერდობები უკვე ზედმეტად მშრალი და ცხელია, ამიტომაც ზამთრის ოლიმპიური თამაშებისათვის, ისტორიაში პირველად, მხოლოდ ხელოვნურ თოვლს იყენებენ. ეს კი კლიმატის ცვლილების შედეგია.
პეკინის 2022 წლის ოლიმპიური თამაშებისათვის ხელოვნურ თოვლს იტალიური სტარტაპი TechnoAlpin ქმნის. კომპანია თამაშებს თოვლის 350 გენერატორს, აღჭურვილობისათვის განკუთვნილ 7 ოთახს, მაღალი წნევის 51 ტურბოსა და 9 კოშკურ საცივარს სთავაზობს.
მიუხედავად ტექნოლოგიის ინოვაციურობისა, ხელოვნური თოვლის წარმოება არაერთ პრობლემას წარმოშობს.
პირველ რიგში, ამას ძალიან დიდი ენერგია და რესურსი სჭირდება. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის შეფასებით, მთელი თოვლის შესაქმნელად 49 მილიონი გალონი (185 485 177 ლიტრი) წყალი დაიხარჯება, რაც, CNN-ის უწყებით, დაახლოებით 100 მილიონი ადამიანის სასმელი წყლის დღიურ რაოდენობას უდრის.
ლიდერ სპორტსმენებს თუ დავუჯერებთ, ხელოვნური თოვლის ტექნოლოგია უსაფრთხოც არ არის. ამას Sport Ecology Group-ის მიერ გამოქვეყნებული მოხსენება მოწმობს, რომელიც 2022 წლის ოლიმპიური თამაშებზე კლიმატის ცვლილების საზიანო გავლენის შესახებ მოგვითხრობს.
"თუკი თავისუფალი სტილის სრიალისათვის ნახევარმილებს ბუნებრივი თოვლის სეზონში დაამზადებენ, მილის კედლები მყარი, ვერტიკალური ყინული იქნება, მილის ძირი კი — მყარი ყინული. ეს ათლეტებისათვის სახიფათოა, ზოგიერთი მათგანი მომკვდარა კიდეც", — განაცხადა შოტლანდიელმა მოთხილამურე ლორა დონალდსონმა.
დაბოლოს, აღსანიშნავია, რომ უკანასკნელი 50 წლის განმავლობაში ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს 21-მა ქალაქმა უმასპინძლა. ერთ-ერთი კვლევის მიხედვით კი, საუკუნის დასასრულს აქედან მხოლოდ ერთს ექნება სპორტის ზამთრის სახეობებისათვის შესაბამისი კლიმატი, თუკი საწვავი წიაღისეულის საკითხს სერიოზულად არ მივუდგებით.
კომენტარები