პროკურატურის განცხადებით, ბრალდებულმა გასული წლის სექტემბერში პოლიციის განყოფილებაში დარეკა, ფაშინიანისა და მაღალი რანგის სხვა წარმომადგენლების მიმართ სექსუალური ხასიათის სალანძღავი სიტყვები გამოიყენა.

"ამით მან განზრახ მიაყენა პრემიერს შეურაცხყოფა", — ნათქვამია განცხადებაში.

სომხეთის პარლამენტმა "მძიმე შეურაცხყოფა" დასჯადი 2021 წელს გახადა. უფრო მკაცრი სასჯელი ექნებათ მათ, ვინც მსგავს ენას თანამდებობის პირების მიმართ გამოიყენებს. მაქსიმალური ჯარიმა 6 000 დოლარი ან 3 თვემდე პატიმრობაა.

2021 წლის 31 დეკემბრის მონაცემებით, ამ კანონის ფარგლებში 260-მდე სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყო — ბრალი ჯამში 31 ადამიანს წაუყენეს, 7 მათგანის საქმე ამჟამად სასამართლოშია გადაგზავნილი.

ეს კანონი ადამიანის უფლებების სომხურმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა დაგმეს.

"ამ კანონის აღსრულება, რომლის ფარგლებშიც სისხლის სამართლის 260 საქმე აღიძრა, სომხეთში დემოკრატიული ნორმების დეგრადაციის ნათელი გამოხატულებაა და თავისუფალი გამოხატვისთვის შემაძრწუნებელ ეფექტს ქმნის", — განუცხადა OC Media-ს Freedom House-ის სომხური პროექტის კოორდინატორმა, ანდრანიკ შირინიანმა.

მისი თქმით, მოუწოდებენ პარლამენტს, რომ ეს კანონი, რომელიც "თავხედურად" არღვევს სომხეთში ეუთოს ვალდებულებებსა და ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას, გააუქმონ.

მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.