თვალის ბადურას შესწავლით შესაძლოა, ინფარქტის რისკი გამოვავლინოთ
ზუსტი, ადრეული და მარტივი დიაგნოსტირება ნებისმიერი დაავადების შემთხვევაში მნიშვნელოვანია, მათ შორის გულთან დაკავშირებული პრობლემების დროს. მეცნიერთა ახალი კვლევის თანახმად, შესაძლოა, სწორედ ამ მიზნით გამოვიყენოთ თვალის ბადურას სკანირების მეთოდიც, რომელიც დაგვეხმარება გავიგოთ, გვემუქრება თუ არა მიოკარდიუმის ინფარქტი.
ამ ინოვაციურ მიდგომაში მთავარ როლს ნეირონულ ქსელზე დაფუძნებული ხელოვნური ინტელექტი ასრულებს. ის მხედველობის ორგანოს შემადგენელ ქსოვილში სპეციფიკურ ცვლილებებს ეძებს, რომლებიც გულის შეტევის რისკს ავლენს. კერძოდ, ყურადღება გამახვილებულია ბადურაში არსებულ სისხლძარღვებზე.
გამოცემაში Nature Machine Intelligence გამოქვეყნებულ ნაშრომში ნათქვამია, რომ ალგორითმმა დაახლოებით 70-პროცენტიანი სიზუსტე აჩვენა, რაც ძალიან კარგი შედეგია. ფართოდ დანერგვის შემთხვევაში, ეს მეთოდი სიცოცხლისთვის საშიში კარდიოლოგიური გართულებების თავიდან აცილების საშუალებას მოგვცემს.
ცდის ფარგლებში, სისტემამ 5 663 პაციენტის გულისა და ბადურას გამოსახულებები გააანალიზა, რის შემდეგაც მათ შორის კავშირი იპოვა. განსაკუთრებით ცხადი იყო მარცხენა პარკუჭის ანომალიები, რომელთა გამოკვლევაც, ჩვეულებრივ, ძვირადღირებულ ტესტირებებს საჭიროებს. რაც შეეხება თვალის სკანირებას, ის შედარებით იაფი ჯდება და ოფთალმოლოგიურ კლინიკებში ხშირად კეთდება.
ასევე, იხილეთ: შესაძლოა, თვალებზე დაკვირვებით გავიგოთ, გვემუქრება თუ არა ადრეული სიკვდილი
დღესდღეობით მსოფლიოში გულსისხლძარღვთა დაავადებების გამო ყოველწლიურად მილიონობით ადამიანი კვდება. ახალ მიგნებას კი ამ სტატისტიკის შეცვლა შეუძლია, თუმცა, მეცნიერთა თქმით, იქამდე დამატებითი კვლევების ჩატარებაა საჭირო.
კომენტარები