შესაძლოა, თვალებზე დაკვირვებით გავიგოთ, გვემუქრება თუ არა ადრეული სიკვდილი
დაბერების პროცესი თითოეული ჩვენგანის ორგანიზმზე ახდენს გავლენას, თუმცა წლების მატება ყველა ადამიანზე ინდივიდუალურად აისახება. სწორედ ამიტომ, ერთმანეთისგან განასხვავებენ ქრონოლოგიურ და ბიოლოგიურ ასაკს. ამ უკანასკნელის გამოვლენაში კი შესაძლოა, სწორედ თვალის ბადურაზე დაკვირვება დაგვეხმაროს.
მეცნიერებმა მსგავსი რამ ალგორითმების გამოყენებით სცადეს, რომლის მეშვეობითაც დაახლოებით 47 000 ადამიანის მხედველობის ორგანოს უკანა მხარე შეისწავლეს და მათი ბიოლოგიური ასაკის გამოთვლა სცადეს.
აქედან 10 წელზე მეტი ხნის გასვლის შემდეგ, 1 871 ცდისპირი დაიღუპა. ამ კატეგორიაში ისეთი ადამიანების უმეტესობა მოხვდა, რომელთა ბადურაც შედარებით "ხანდაზმულად" გამოიყურებოდა.
თუ ალგორითმი ქრონოლოგიურ და ბიოლოგიურ (ბადურას) ასაკს შორის 1-წლიან შეუსაბამობას ავლენდა, მომდევნო 11 წლის განმავლობაში სიკვდილის რისკი 2 პროცენტით იზრდებოდა. გულსისხლძარღვთა დაავადებებისა და სიმსივნის გარდა, ნებისმიერი მიზეზის შემთხვევაში, ეს მაჩვენებელი 3 პროცენტზე ადიოდა.
გამოცემაში British Journal of Ophthalmology გამოქვეყნებული ახალი ნაშრომი კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ თვალის ბადურა დაბერების თანმდევი ზიანის მიმართ განსაკუთრებულად მგრძნობიარეა.
ამ ქსოვილმა შესაძლოა, სხვადასხვა ორგანოს მდგომარეობაზე მოგვაწოდოს ინფორმაცია, რაც მეცნიერებისთვის უკვე დიდი ხანია, ცნობილია. თუმცა, უკანასკნელი მიგნება მას ადრეული სიკვდილის ერთგვარი ინდიკატორის სტატუსსაც ანიჭებს.
უნდა ითქვას, რომ სხვა მსგავსი მეთოდები ხშირად არაზუსტი, ინვაზიური და ძვირადღირებულია. ასევე, მათი გამოყენება დიდ დროს მოითხოვს. თვალის ბადურას სკანირებას კი მხოლოდ 5 წუთი სჭირდება და ის მთლიან ორგანიზმზე მნიშვნელოვანი მონაცემების მოპოვების ერთ-ერთი საუკეთესო გზაა.
კომენტარები