პატიმრობაში მყოფმა მოშიმშილე აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა თვითდაზიანება მიიყენა
ჯაშუშობისა და ღალატის ბრალდებით დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, ფოლად ასლანოვი რამდენიმე დღეა ციხეში შიმშილობს. მისი ცოლის, გულმირა ასლანოვას განცხადებით, ყოველკვირეულ სატელეფონო ზარებზე უარის თქმის შემდეგ, მან თვითდაზიანება მიიყენა — სატელეფონო ზარის მოთხოვნა მხოლოდ ამის შემდეგ დაუკმაყოფილეს.
ასლანოვის ცოლმა, ასევე, განაცხადა, რომ ციხის ადმინისტრაციამ პატიმარს წყალზეც უარი უთხრა, რათა შიმშილობის შეწყვეტა ეიძულებინა.
ასლანოვი ახალი ამბების დამოუკიდებელ ვებსაიტებს, Press-az და Xeberman-ს ხელმძღვანელობდა. მან სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა, რომელიც უკვე წელიწადზე მეტია არ განხილულა. 6 იანვარს ჟურნალისტმა შიმშილობა დაიწყო.
მისმა ცოლმა ამერიკის ხმას უთხრა, რომ ასლანოვი აპროტესტებს როგორც უკანონო დაკავებას, ასევე, მისი საჩივრის განხილვის გადავადებას.
ის 2019 წელს ირანის სასარგებლოდ ჯაშუშობისა და ღალატისთვის გაასამართლეს და 16-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ჟურნალისტი ბრალდებებს უარყოფს.
გავრცელებული ინფორმაციით, დაკავების დროს ასლანოვი მუშაობდა ამბავზე, რომელიც გამოძალვის სქემაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების შესაძლო მონაწილეობას გამოავლენდა.
"ფოლად ასლანოვის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ინფორმაცია არ გვაქვს, თუმცა ის შიმშილობას ბოლომდე გააგრძელებს", — განაცხადა ასლანოვამ. ჟურნალისტი მანამდე, 30 დღე ივნისში შიმშილობდა.
ადამიანის უფლებების საერთაშორისო ორგანიზაციამ, რეპორტიორები საზღვრებს გარეშე (RSF) და ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტმა (CPJ) ასლანოვის მიმართ აზერბაიჯანის მთავრობის ქმედებები დაგმეს და განაცხადეს, რომ ხელისუფლებამ ის დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოს.
"კრიტიკული ჟურნალისტის დაპატიმრებით აზერბაიჯანი მხოლოდ ამყარებს საკუთარ რეპუტაციას, რომ ევრაზიაში ჟურნალისტთა დაპატიმრებით ერთ-ერთი მოწინავეები არიან", — განაცხადა ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის ევროპისა და ცენტრალური აზიის პროგრამის კოორდინატორმა, გულნოზა სეიდმა 2020 წელს.
ამასთან, რეპორტიორები საზღვრებს გარეშე ასლანოვას წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებს "შეთითხნილს" უწოდებს.
მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
კომენტარები