2021 წელი 10 კადრში
2021 წელი საქართველოსა და მსოფლიოსთვის გამოწვევებითა და სირთულეებით დატვირთული აღმოჩნდა. პანდემია, პოლარიზაცია, პოლიტიკური დაძაბულობა, სამხედრო შეტაკებები, ბუნებრივი კატასტროფები — ეს ის ყველაფერია, რაც ამ წლის შეფასებისას ალბათ ყველას გაგვახსენდება. გთავაზობთ 2021 წლის კადრებად შემონახულ მთავარ ამბებს.
თავდასხმა კაპიტოლიუმზე
6 იანვარს ვაშინგტონში, კაპიტოლიუმთან მიმდინარე ტრამპის მხარდამჭერების აქცია დაპირისპირებაში გადაიზარდა. დემონსტრანტებმა ბარიერი გაარღვიეს და კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ. კონგრესში ევაკუაცია გამოცხადდა, ქალაქში კი კომენდანტის საათი. რამდენიმესაათიანი არეულობის შემდეგ კონგრესში სხდომა განახლდა.
გიორგი გახარიას გადადგომა და ნიკა მელიას დაკავება
18 თებერვალს, მას შემდეგ, რაც სასამართლომ ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარეს, ნიკა მელიას პატიმრობა შეუფარდა, მაშინდელი პრემიერმინისტრი გიორგი გახარია თანამდებობიდან გადადგა და ქართული ოცნებაც დატოვა. გახარიას გადადგომიდან რამდენიმე წუთში კი, შსს-მ მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება "დროებით" გადადო.
23 თებერვალს მელია დააკავეს. სამართალდამცავები პარტიის ოფისში მას შემდეგ გამოჩნდნენ, რაც პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გახდა. სპეცრაზმი შენობაში, როგორც სახურავიდან, ისე პირველ სართულზე არსებული შესასვლელებიდან შევიდა. თავდაპირველად, მათ პირველ სართულზე მყოფი ადამიანები გამოიყვანეს, მოგვიანებით კი, ნიკა მელიას ოთახს მიადგნენ, სადაც ის ოპოზიციის სხვა ლიდერებთან და მხარდამჭერებთან ერთად იმყოფებოდა. მათ ოთახში გამოიყენეს გაზიც. იმ დღეს მელიას გარდა, კიდევ 21 ადამიანი დააკავეს. ნიკა მელიას დაკავება პოლიტიკური კრიზისის კიდევ უფრო გაღრმავების წინაპორობა გახდა.
შარლ მიშელის შეთანხმება
პოლიტიკური კრიზისის ფონზე, 28 თებერვალს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოში ჩამოვიდა. ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ 16 აპრილს ქართულმა ოცნებამ, ხოლო 19 აპრილს ოპოზიციის ნაწილმა მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს ხელი მოაწერეს. 100 დღის შემდეგ მმართველმა პარტიამ დოკუმენტი ანულირებულად გამოაცხადა.
თავდასხმა ღაზის სექტორზე
10 მაისს იერუსალიმში დაპირისპირება გამწვავდა. რამდენიმე წლის შემდეგ პირველად, ჰამასმა იერუსალიმზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელა. საპასუხოდ, ისრაელმა ღაზის სექტორზე საჰაერო იერიში მიიტანა.
შეტაკებების შედეგად, ბოლო მონაცემებით, ღაზის სექტორში 35 პალესტინელი, მათ შორის, 12 ბავშვი გარდაიცვალა, დაშავდა 233 ადამიანი. ისრაელზე განხორციელებული სარაკეტო შეტაკების შედეგად კი 5 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის 3 ქალი და ორი ბავშვი.
5-6 ივლისის მოვლენები — ღირსების მარში, ძალადობა და ძალადობის წახალისების მსხვერპლი ლექსო ლაშქარავა
5 ივლისს თბილისში, პრაიდის კვირეულის ფინალური ღონისძიება, ღირსების მარში უნდა გამართულიყო. თუმცა, საპატრიარქოს ჰომოფობიური მოწოდებებით, ძალადობრივი ჯგუფების ორგანიზებული კონტრაქციის, ხელისუფლების უმოქმედობისა და ძალადობის წახალისების გამო ღირსების მარში ვერ შედგა. პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს ჰომოფობიურად განწყობილი ძალადობრივი ჯუფების მიერ სასტიკად ნაცემი ოპერატორი ოპერაციიდან 5 დღის შემდეგ გარდაიცვალა. ხელისუფლება ნარკოტიკების ზედოზირებაზე საუბრობს, თუმცა ექსპერტიზის საბოლოო პასუხი თითქმის 6 თვის შემდეგაც არ არის.
ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფების თავდასხმის შედეგად 53 ჟურნალისტი დაშავდა. ძალადობრივი კონტრაქციის ორგანიზატორები დღემდე დაუსჯელები არიან.
ჰომოფობიურად განწყობილი ჯგუფები ჟურნალისტებზე ძალადობის გარდა, შეიჭრნენ თბილისი პრაიდის ოფისში და დაარბიეს. ასევე, სცადეს სირცხვილიას ოფისში შეჭრა, სწორედ იქ გაუსწორდნენ ფიზიკურად ლექსო ლაშქარავას, რომელიც ადგილზე თავის პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა.
ცეცხლის ალში გახვეული საბერძნეთი
აგვისტოში საბერძნეთი მასშტაბურ ხანძარს ებრძოდა. ხმელთაშუაზღვისპირა სახელმწიფოს ბოლო ათწლეულების განმავლობაში ყველაზე ცხელი სითბური ტალღები დაატყდა თავს. გაჩენილი ხანძრების მასშტაბიდან გამომდინარე კი, რამდენიმე დღის განმავლობაში დასახლებული პუნქტებიდან 63 ორგანიზებული ევაკუაცია განხორციელდა. ხალხისგან დაიცალა ათობით სოფელი, განადგურდა ასობით საცხოვრებელი სახლი, იყო მსხვერპლიც.
თალიბანი ავღანეთში დაბრუნდა
ყველა დიდი ქალაქის აღების შემდეგ, 15 აგვისტოს, თალიბანმა ავღანეთის დედაქალაქი ქაბულიც დაიკავა. პრეზიდენტი ქვეყნიდან წავიდა, საელჩოებმა წარმომადგენლები და სამხედრო დანაყოფები ქვეყნიდან გაიყვანეს.
შეშინებული მოსახლეობა ქვეყნის დატოვებას ცდილობდა. ქაბულის აეროპორტის მავთულხლართებიან ღობეზე მშობლები ბავშვებს ამერიკელ სამხედროებს აწვდიდნენ, რათა მათი ქვეყნიდან გაყვანა მოეხერხებინათ.
მიხეილ სააკაშვილის დაკავება
პირველ ოქტომბერს ექსპრეზიდენტმა, მიხიელ სააკაშვილმა საზოგადოებას Facebook-ზე გამოქვეყნებული პოსტით აუწყა, რომ საქართველოშია. მმართველი პარტიის წევრები ამტკიცებდნენ, რომ სააკაშვილი საქართველოში არ არის და მის გამოქვეყნებულ ვიდეოს DeepFake-ს უწოდებდნენ. საბოლოოდ, საღამოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია.
სააკაშვილი დაკავებიდან 50 დღის განმავლობაში შიმშილობდა, თავდაპირველად გათავისუფლების, შემდეგ კი მაღალპროფილურ კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით. 8 ნოემბერს ის, მისი სურვილის მიუხედავად, გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო 19 ნოემბერს ექსპრეზიდენტმა საბოლოოდ გორის სამხედრო ჰოსპიტალში განაგრძო მკურნალობა და შიმშილობა შეწყვიტა. 30 ნოემბერს, გამთენიისას, მიხეილ სააკაშვილი რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დააბრუნეს. თუმცა, მისი ადვოკატის, ნიკა გვრამიას თქმით, მესამე პრეზიდენტი სუსტადაა და ის ყალბი დიაგნოზითაა გამოწერილი.
ბათუმის ტრაგედია
8 ოქტომბერს, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა. შემთხვევის შედეგად დაიღუპა 9 ადამიანი, გადარჩა მხოლოდ ერთი. დაღუპულებს შორის 3 არასრულწლოვანია — ერთი 7 წლის, მეორე წლისა და 3 თვის და მესამე 12 წლის. ბათუმში სამაშველო ღონისძიება თითქმის 30 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.
16-წლიანი მმართველობის დასასრული
16-წლიანი მმართველობის შემდეგ ანგელა მერკელმა გერმანიის კანცლერის თანამდებობა დატოვა. 8 დეკემბერს გერმანიის პარლამენტმა კანცლერად ოლაფ შოლცი აირჩია.
ეს ის ძირითადი ამბებია, რომლებმაც 2021 წელს თავი დაგვამახსოვრა. აღმოჩნდა, რომ კარგი ამბების გახსენება წელს რთული ამოცანაა. ასე ხვდება 2022 წელს საქართველო და მსოფლიო — დიდი ადამიანური დანაკარგითა და უკეთესი წლის მოლოდინით.
კომენტარები