მეცნიერებმა დინოზავრის კვერცხის შიგნით იდეალურად შემონახული ემბრიონი აღმოაჩინეს
სურათზე გამოსახული ემბრიონი ნამდვილი ნაყოფის მხატვრული რეკონსტრუქციაა.
მეცნიერებმა ახლახან იდეალურად შემონახული დინოზავრის ემბრიონის აღმოჩენა გვაუწყეს. ისევე, როგორც ქათამი, იგი კვერცხიდან გამოჩეკისათვის ემზადებოდა. მათი მიგნებები ჟურნალ iScience-შია გამოქვეყნებული.
ემბრიონი კერძოდ სამხრეთ-ჩინეთში, განჯოუს ტერიტორიაზე აღმოაჩინეს. ითვლება, რომ იგი უკბილო თეროპოდი დინოზავრი, იგივე ოვირაპტოროზავრია, სახელად კი პატარა იანლიანი შეარქვეს. მეცნიერები მას მინიმუმ 66 მილიონი წლით ათარიღებენ.
ერთ-ერთი მკვლევრის განცხადებით, ეს დინოზავრის ერთ-ერთი საუკეთესო ემბრიონია, რაც კი ისტორიაში აქამდე უპოვიათ. კვლევის თანამონაწილე პალეონტოლოგი კი აცხადებს, რომ ემბრიონი გამოჩეკის პირას გახლდათ.
აღმოჩენა მეცნიერებს თანამედროვე ჩიტებსა და დინოზავრებს შორის კავშირის უკეთ გაგებაშიც დაეხმარა: ნამარხი აჩვენებს, რომ ემბრიონი მოკუნტულ პოზაშია, ამას კი სწორედ ჩიტები აკეთებენ გამოჩეკამდე ცოტა ხნით ადრე. როგორც აცხადებენ, ეს მანიშნებელია იმისა, რომ თანამედროვე ფრინველებში ამგვარი ქცევა პირველად მათ წინაპარ დინოზავრებში წარმოიშვა.
ოვირაპტოროზავრი სიტყვასიტყვით "კვერცხისმპარავ ხვლიკს" ნიშნავს. ეს ბუმბულით შემოსილი დინოზავრები ახლანდელი აზიისა და ჩრდილოეთ-ამერიკის ტერიტორიებზე სახლობდნენ გვიან ცარცულ პერიოდში, რაც დაახლოებით 100-66 მილიონი წლის წინ იყო.
პატარა იანლიანი თავიდან კუდამდე 27 სანტიმეტრი სიგრძისაა და 17 სანტიმეტრი სიგრძის კვერცხში წევს. იგი ჩინეთში, იანლიანის ბუნების ისტორიის მუზეუმში ინახება.
მართალია, კვერცხი პირველად 2000 წელს აღმოაჩინეს, თუმცა 10 წლის განმავლობაში ინახავდნენ. მაშინ, როდესაც მუზეუმში სამშენებლო სამუშაოები დაიწყო და ძველი ნამარხების გადალაგება დაიწყეს, მეცნიერებმა იეჭვეს, რომ მის შიგნით ემბრიონი იყო და კვერცხს ყურადღება მხოლოდ მაშინღა მიაპყრეს.
დინოზავრის სხეულის გარკვეული ნაწილი ჯერაც ქვითაა დაფარული, მეცნიერები კი სკანირების დახვეწილ ტექნიკებს გამოიყენებენ, რათა მისი მთლიანი ჩონჩხის გამოსახულება შექმნან.
კომენტარები