რა არის ეს პატარა ნაწილაკი ფრჩხილის კიდეზე, რატომ ჩნდება და როგორ მოვიშოროთ?
ამინდთან ერთად ჩვენი ხელების მდგომარეობაც თანდათანობით უარესდება ხოლმე, რაც არაერთ კითხვას წარმოშობს. ალბათ, ფრჩხილის გვერდით არაერთხელ გაგჩენიათ პატარა, უცნაური ნაწილაკი და მისი მოკვნეტის, მოძრობის ან მოჭრის სურვილიც ხშირად გექნებოდათ.
რა არის ის და რატომ გვიჩნდება?
დერმატოლოგ დანა სტერნს თუ დავუჯერებთ, იგი კუტიკულის განცალკევებული ნაწილია, ხოლო თავად კუტიკულა კანის გამჭვირვალე ფენაა, რომელიც ფრჩხილს აკრავს გარს და მასა და კანს შორის არსებულ ადგილს ინფექციისაგან იცავს.
ფრჩხილის აქერცლილი ნუნა მაშინ ჩნდება, როდესაც დამცავი ფენა რამენაირად სკდება და იქერცლება, შედეგად კი ფრჩხილის კიდეზე კანის პატარა ნაწილი გვრჩება, რომელთან შეხებაც მტკივნეულია. შესაძლოა, მსგავსი რამ ფეხის თითებზეც განვითარდეს, თუმცა ჩვეულებრივ ხელებზე უფრო ხშირად იხილავთ. ამას შესაძლოა, არაერთი მიზეზი ჰქონდეს, თუმცა ძირითადად კანის დაზიანებისას იჩენს თავს.
"შეიძლება ისინი არაერთი მიზეზის შედეგად გაჩნდეს, მაგალითად ცუდი მანიკიურის, ფრჩხილების კვნეტის, მშრალი კანის, უხეში საპნის ან სარეცხი საშუალებების გამოყენების, დაბალი ტემპერატურის, წყალში კანის დანაოჭების გამო. ნებისმიერი აქ ჩამოთვლილი მოვლენა კანს მეტად მსხვრევადსა და დასკდომისაკენ მიდრეკილს ხდის", — განაცხადა დერმატოლოგმა ჯეიმს კოლიერმა.
რაში მდგომარეობს პრობლემა?
ყველას მოგვეხსენება, რომ იგი გამაღიზიანებელი და მტკივნეულია, კოლიერის თქმით კი თითისწვერებში უამრავი ნერვული დაბოლოებაა და უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ შესაძლოა, ფრჩხილში ანთება ან ინფექცია გამოიწვიოს — განსაკუთრებით მაშინ, თუ შესაბამისად არ მივხედავთ.
"კუტიკულის საფარის გარეშე წყალი, ნესტი და ინფექციები ფრჩხილში უფრო მარტივად შეაღწევს. კანის ბარიერის ან კუტიკულის ნებისმიერი დაზიანება ინფექციის რისკს ზრდის", — განაცხადა სტერნმა.
როგორ მოვიშოროთ?
პირველ რიგში, ასე არა:
დერმატოლოგები თანხმდებიან, რომ მისი მოგლეჯა ან მოკვნეტა მიზანშეწონილი არ არის.
"ფრჩხილის აქერცლილი ნუნის ქვეშ ნერვები და სისხლძარღვები გადის, ამიტომაც შესაძლოა, ამან სისხლდენა, ინფექციის შეჭრა და ტკივილი გამოიწვიოს", — განაცხადა ოჯახური მედიცინის სპეციალისტმა, ნეჰა ვიასმა.
როგორც სტერნმა გვამცნო, შესაძლოა, უხეში ჩარევის გამო არა მხოლოდ კუტიკულის ეს ნაწილი, არამედ ჯანსაღი კანიც მოვიშოროთ. მისი რჩევით, ჯობია, ადგილი ალკოჰოლით დავიმუშაოთ, კუტიკულის მკვნეტარით ძირში მოვჭრათ, შემდეგ კი მალამო დავიტანოთ. კოლიერი ამასთანავე იმასაც გვირჩევს, რომ ადგილი ლეიკოპლასტირით დავიფაროთ, რათა გარშემო საგნებს არ წამოედოს და საწყის ეტაპს არ დავუბრუნდეთ.
როგორ ავირიდოთ თავიდან?
ფრჩხილის აქერცლილ ნუნებთან გამკლავების საუკეთესო გზა მისი პრევენციაა, ამისათვის კი ყველაზე მარტივი გზა ხელების შესაბამისი მოვლაა: როგორც კოლიერი გვირჩევს, ფრჩხილების დაჭრისას ისინი კუტიკულასთან ახლოს არ უნდა მოვჭრათ, კვირაში ერთხელ ხელები 10-15 წუთის განმავლობაში დავალბოთ, შემდეგ კი მაშინვე მალამო დავიტანოთ.
ფრჩხილის აქერცლილი ნუნებისგან თავდაცვის საუკეთესო, ყველაზე მარტივი გზა ხელების დატენიანებაა.
"მშრალმა ჰაერმა და ხელების ხშირმა დაბანამ შესაძლოა, ამგვარი პრობლემის განვითარების რისკი გაზარდოს. ამ პრობლემას დამატენიანებლის ყოველდღიური გამოყენება უშველის", — დაამატა ვიასმა.
კომენტარები