ასტრონომებმა 366 სავარაუდო ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს, 301-ის არსებობა კი დაამტკიცეს
ასტრონომთა 2-მა სხვადასხვა ჯგუფმა შორეულ კოსმოსში 366 სავარაუდო ეგზოპლანეტა აღმოაჩინა, აქამდე ცნობილი 301 ციური სხეულის არსებობა კი საბოლოოდ დაამტკიცა. ამის შესახებ მათი კვლევები გამოცემაში The Astronomical Journal და სამეცნიერო პორტალზე arXiv გამოქვეყნდა.
ეს მათ კეპლერის კოსმოსური ტელესკოპის მიერ მოპოვებული მონაცემების ანალიზის გზით შეძლეს. ხელსაწყო, ამჟამად უკვე დასრულებული მისიის განმავლობაში, პოტენციურ ეგზოპლანეტებს ტრანზიტის მეთოდით ეძებდა, ანუ ვარსკვლავთან მათი ჩავლით გამოწვეულ სინათლის ცვლილებას აფიქსირებდა, რაც ამ ობიექტთა არსებობის ერთ-ერთ მთავარ ინდიკატორად მიიჩნევა. აღნიშნულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, სპეციალისტებს შეუძლიათ, რომ მათი ზომა და მნათობთან დისტანცია გამოთვალონ.
ასევე: 5 მეთოდი, რომელსაც ეგზოპლანეტების დასაფიქსირებლად იყენებენ
ერთ-ერთი ნაშრომის ავტორებმა ზემოხსენებული, 500 ტერაბაიტი მოცულობის მონაცემები, რომლებშიც 800 მილიონზე მეტი სურათი ერთიანდება, ალგორითმის მეშვეობით დაამუშავეს. შედეგად, პროგრამამ 381 ძველი და 366 ახალი (პოტენციური) ეგზოპლანეტა გამოავლინა.
მათთვის ყველაზე საინტერესო სატურნის მსგავს, აირისგან შედგენილ ციურ სხეულთა წყვილი აღმოჩნდა, რომლებიც საკუთარ ვარსკვლავთან ძალიან ახლოს მოძრაობენ და ერთმანეთისგანაც მცირე მანძილი აშორებთ. ამგვარი შემთხვევების შესწავლა პლანეტური სისტემების ვარიაციათა უკეთ გააზრებაში დაგვეხმარება.
რაც შეეხება ასტრონომთა მეორე ჯგუფს, მათ NASA-ს სუპერკომპიუტერზე მომუშავე ხელოვნური ნეირონული ქსელი ExoMiner გამოიყენეს, რომელიც ნამდვილ ეგზოპლანეტასა და ცრუ სიგნალს მაღალი სიზუსტით ასხვავებს. მან 301 ისეთი ობიექტის არსებობა დაადასტურა, რომელთა ავთენტურობაშიც მეცნიერებს აქამდე ეჭვი ეპარებოდათ.
მათი წყალობით, ჩვენთვის ცნობილი ეგზოპლანეტების რიცხვი 5 000-ს მიუახლოვდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს 301 ციური სხეული სიცოცხლისთვის თავსებად ზონაში არ გადაადგილდება და არც დედამიწას ჰგავს, უკანასკნელი მიგნება მაინც მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია, რადგან ამგვარი სისტემების ევოლუციის შესახებ მეტის გაგების საშუალებას გვაძლევს.
კომენტარები