ტირიან თუ არა ბავშვები საშვილოსნოში? — მეცნიერებას ამაზე პასუხი აქვს
ორსულობის მეორე ტრიმესტრის დასაწყისში მშობელმა შესაძლოა, ბავშვისაგან ფეხის რტყმა, ტრიალი და სლოკინიც კი შეიგრძნოს, თუმცა საკითხავია, ტირიან თუ არა ბავშვები დაბადებამდე?
ფეხმძიმე დედები ამ მოძრაობას ვერ გრძნობენ, თუმცა, კვლევას თუ დავუჯერებთ, ბავშვები ტირილისათვის მანამ ემზადებიან, სანამ მათ ორგანიზმში ჰაერის პირველი ყლუპი მოხვდება. მეცნიერებმა ულტრაბგერითი ტექნოლოგიების საშუალებით ჯერ კიდევ განვითარებადი ნაყოფების გულდასმით დაკვირვება შეძლეს.
მაგალითად, ჟურნალ Archives of Disease in Childhood — Fetal and Neonatal Edition-ში 2005 წელს გამოქვეყნებული ვიდეო 33 კვირის ნაყოფს ასახავს, რომელიც სახეზე ტირილისათვის დამახასიათებელ გამომეტყველებას იღებს. მას შემდეგ, რაც მეცნიერებმა ნაყოფს ვიბრაციული და ხმოვანი სტიმულაცია მიაწოდეს, მან პირი ფართოდ გააღო, ნიკაპი შეიკეცა და ზედიზედ სამჯერ ღრმად ამოისუნთქა, რა დროსაც მისი მკერდი ამოიწია, თავი უკან გადაიხარა, ეს ყველაფერი კი ნიკაპის კანკალით დასრულდა. ამგვარი მოძრაობა 10 ნაყოფში შენიშნეს — დასკანერებულ ჩვილთა 6 პროცენტში.
ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ნაყოფი საშვილოსნოში ტიროდა? — გააჩნია, ტირილს რას ეძახით.
"თუ ტირილს განვმარტავთ, როგორც ხმამაღალ, არამკაფიო ყვირილსა თუ კივილს, რომელიც ძლიერ შეგრძნებასა თუ ემოციას გამოხატავს, დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ბავშვები საშვილოსნოში არ ტირიან", — Live Science-სთან საუბრისას განაცხადა ნადია რეისლენდმა, გაერთიანებული სამეფოს დარემის უნივერსიტეტის განვითარების ფსიქოლოგმა.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სითხით სავსე ამნიონის პარკში ჩანასახს ღრმად ჩასუნთქვა, ფილტვების ჰაერით ამოვსება და მისით სახმო სიმების შერხევა არ შეუძლია, რათა მოთქმა ამოუშვას — ამისათვის დაბადებამდე მოცდა მოუწევს.
რეისლენდის გუნდი ფეხმძიმობის მეორე და მესამე ტრიმესტრებში ჩანასახთა მოძრაობას დააკვირდა და საშვილოსნოში სახის გამომეტყველებათა განვითარება გამოიკვლია. ამისათვის მათ 4D ულტრაბგერითი სკანირება — ჩანასახის მოქმედებათა 3D კადრები გამოიყენეს. კვლევა, რომელშიც რეისლენდმა და მისმა კოლეგებმა სახის გამომეტყველებები აღწერეს, ჟურნალ PLOS One-ში გამოქვეყნდა 2011 წელს. შესაძლოა, ამგვარი მოძრაობები საშვილოსნოს გარეთ გამოყენებულ გამომეტყველებათა წინამორბედებს წარმოადგენდეს.
"მოსამზადებელი" გამომეტყველებები დაახლოებით 24-35 კვირამდე ვითარდება, მათი კომპლექსურობა კი გესტაციურ ასაკთან ერთად მატულობს. როგორც რეილენდი ამბობს, მოძრაობები თითქმის შეუმჩნეველია და ფეხმძიმე ვერაფერს გრძნობს.
როგორც ჩანს, ნაყოფი დაბადებამდე მინიმუმ ტირილისათვის დამახასიათებელ სახის მოძრაობებს ასრულებს და ემზადება, რომ პირველი ჩასუნთქვის შემდეგ თავისივე დაბადება ტირილით გვაუწყოს. შეუძლებელია იმის გარკვევა, არხევს თუ არა ჩანასახი საშვილოსნოში სახმო სიმებს — მათ სითხეში ხმოვანი ტალღის წარმოქმნა რომც შეეძლოთ, იგი მაინც არ იქნებოდა საკმარისად ძლიერი, რომ ამნიონის სითხისა და დედის სხეულიდან გამოეღწია.
ჩვენ ისიც არ ვიცით, რამენაირად უკავშირდება თუ არა ტირილისათვის დამახასიათებელი მოძრაობები ჩანასახში ტკივილს ან დისკომფორტს. რეისლენდის კვლევებში ბავშვებმა ამგვარი გამომეტყველებები ყოველგვარი სტიმულაციის გარეშე მიიღეს — ისინი მკვლევრებისაგან გამოწვეულ არანაირ ზემოქმედებას არ პასუხობდა.
რეისლენდის თქმით, სახის გამომეტყველებები მშობიარობის შემდგომ ბავშვსა და მშობელს შორის კავშირსა და კომუნიკაციაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს, საშვილოსნოში ამგვარი "ვარჯიში" კი შესაძლოა, დაბადების შემდგომ ბავშვს სხვებთან კავშირების დამყარებაში დაეხმაროს.
კვლევის მიზანი მეცნიერებისათვის ისეთი საშუალების შექმნაში დახმარება იყო, რომლითაც ზრდის დაავადებებისა თუ ჯანმრთელობის სხვა პრობლემის საშვილოსნოშივე დადგენა იქნებოდა შესაძლებელი. განვითარების ანდა ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ჩანასახმა შესაძლოა, ამგვარი გამომეტყველებები იმავე დროს არ მიიღოს, როცა ამას ჯანმრთელი ნაყოფი იზამდა.
რეისლენდის თქმით, სახის გამომეტყველებები სრულყოფილად დაბადების შემდეგ დაისწავლება, ადამიანებთან ურთიერთობის სოციალურ კონტექსტში. ბავშვები "სოციალურად" ღიმილს 8 კვირამდე არ იწყებენ, სიცილს კი დაახლოებით 4-6 თვის ასაკამდე, თუმცა მათ სახეებს ამგვარი შესაძლებლობები დაბადებამდე კვირებით ადრე უვითარდებათ. მიუხედავად ამისა, ნაყოფი ცრემლებს არ გამოყოფს — ეს, როგორც წესი, დაბადებიდან დაახლოებით ოთხ კვირამდე არ იწყება, სანამ ბავშვის საცრემლე ჯირკვლები ამისათვის საკმარისად არ ჩამოყალიბდება.
კომენტარები