ახალი მონაცემების თანახმად, ევროპასა და აზიაში ფრინველის გრიპი სწრაფად ვრცელდება
ცხოველთა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (OIE) ინფორმაციით, ბოლო დღეებში ევროპასა და აზიაში ფრინველის გრიპი აქტიურდება. ექსპერტების თქმით, ეს ნიშნავს, რომ ვირუსი ძალას იკრებს და სწრაფად ვრცელდება.
პათოგენური ვირუსის გავრცელებამ, რომელსაც ჩვეულებრივ ფრინველის გრიპს უწოდებენ, მეფრინველეობის ინდუსტრია მზადყოფნაში მოიყვანა. ეს მას შემდეგ, რაც ვირუსის წინა აფეთქებებმა გამოიწვია ათობით მილიონი ფრინველის განადგურება.
ის ეპიდემიოლოგების ყურადღებასაც იქცევს, რადგან ვირუსი შეიძლება გავრცელდეს ადამიანებშიც. ჩინეთში ამ წლის მონაცემებით 21 ადამიანი დაინფიცირდა ფრინველის გრიპის H5N6 ქვეტიპით. ეს მეტია ვიდრე მთლიანად 2020 წლის ინფიცირებულების რაოდენობა.
სამხრეთ კორეამ გამოაცხადა ვირუსის გავრცელების შესახებ დაახლოებით 770 000-იან ფრინველის ფერმაში. სახელმწიფო სტრუქტურები იძულებული იყვნენ ცხოველები დაეხოცათ. ასევე აზიაში, იაპონიამ გამოაცხადა თავისი პირველი აფეთქება 2021 წლის ზამთრის სეზონზე, მეფრინველეობის ფერმაში ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთით. ეს ეპიდემიის H5N8 ტიპი იყო.
რაც შეეხება ევროპას, ნორვეგიამ დააფიქსირა H5N1 ფრინველის გრიპის გავრცელება როგალანდის რეგიონში 7000-იან ფერმაში.
აღსანიშნავია, რომ ფრინველის გრიპი ბუნებრივად ცირკულირებს გარეულ ფრინველებს შორის და როდესაც ისინი ზამთარში მატერიკული ევროპიდან დიდ ბრიტანეთში მიგრირებენ, დაავადება შეიძლება გავრცელდეს სხვა შინაურ ფრინველებშიც.
ამის ფონზე, ბელგიის მთავრობამ ფრინველის გრიპის გავრცელების თავიდან ასაცილებლად ზომების მიღება უკვე დაიწყო. ეს მას შემდეგ რაც ანტვერპენის მახლობლად გარეულ ბატში ფრინველის გრიპის მაღალი პათოგენური ვარიანტი გამოვლინდა. იგივე ზომები მიიღეს საფრანგეთმა და ნიდერლანდებმა.
აღსანიშნავია, რომ ფრინველის გრიპმა იშვიათ შემთხვევებში შეიძლება გავლენა იქონიოს ადამიანებზე. ეს იმ შემთხვევაში თუ ადამიანები შეეხებიან ინფიცირებულ ფრინველებს, მათ ნარჩენებს, ან ინფიცირებული ფრინველის ხორცს მიირთმევენ.
თუ სტატიაში განხილული თემა და მეცნიერების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ მეცნიერებასა და ტექნოლოგიებზე.
კომენტარები