ახალი კვლევის თანახმად, ბნელ მატერიად გადაქცევისგან სამყაროს გაფართოებამ გვიხსნა
ნორვეგიაში მდებარე ოსლოს უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერთა ახალი ჰიპოთეზის თანახმად, სამყაროს განვითარების ადრეულ ეტაპზე ბნელი მატერიის შემადგენელი ნაწილაკები ჩვეულებრივ მატერიას თავისნაირად აქცევდნენ. გამოცემაში Physical Review Letters გამოქვეყნებული ნაშრომის მიხედვით, იმას, რომ ახლა ჩვენც მისი ნაწილი არ ვართ, კოსმოსის გაფართოებას უნდა ვუმადლოდეთ.
ბნელი მატერია სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და უდიდესი კომპონენტია (ხილულ მატერიასთან 5:1-ზე თანაფარდობით), ამ უკანასკნელის სტრუქტურას განსაზღვრავს, გალაქტიკებსა თუ პლანეტურ სისტემებს ერთად აკავებს და მათზე სერიოზული გრავიტაციული გავლენა აქვს. თუმცა, როგორ მიაღწია ამხელა მასშტაბებს აღნიშნულმა საიდუმლოებით მოცულმა ფიზიკურმა სუბსტანციამ?
არაერთმა კომპიუტერულმა მოდელმა აჩვენა, რომ ის დიდი აფეთქების შედეგად ფორმირებული პირველადი პლაზმისგან წარმოიქმნა. სპეციალისტთა ახალი ვარაუდი კი იმის ახსნას ცდილობს, თუ როგორ განვითარდა მოვლენები ამის შემდეგ. მათი აზრით, თავიდან კოსმოსში ბნელი მატერიის კონცენტრაცია საკმაოდ დაბალი იყო, მაგრამ მალევე მისმა ნაწილაკებმა ჩვეულებრივი მატერიის "გადმობირება" დაიწყეს და გავრცელდნენ.
ეს პროცესი უწყვეტად რომ გაგრძელებულიყო, დღეს ჩვენ ნამდვილად არ ვიარსებებდით (ყოველ შემთხვევაში, ამ ფორმით), რადგან ბნელი მატერია ყოვლისმომცველი გახდებოდა. თუმცა, ასე არ მოხდა, რასაც სამყაროს გაფართოებამ შეუწყო ხელი.
საქმე იმაშია, რომ დიდი აფეთქების შემდეგ ყველაფერი ერთმანეთთან ძალიან მჭიდროდ იყო განლაგებული, რაც ბნელი მატერიისთვის ხელსაყრელი აღმოჩნდა. მოგვიანებით კი, როცა ასტრონომიულ ობიექტებს შორის სივრცე გაიზარდა, მან იგივე ტემპით წინსვლა ვეღარ შეძლო და ზემოხსენებული პროცესიც შენელდა.
მკვლევრები ფიქრობენ, რომ მათი ჰიპოთეზის მართებულობის შემოწმება შესაძლებელია. აღსანიშნავია, რომ ეს სცენარი ამ უჩვეულო სუბსტანციის ამჟამინდელ რაოდენობრივ წილს ზუსტად შეესაბამება და მის შესახებ ღირებულ ინფორმაციას გვაწვდის.
კომენტარები