თუ ამ სტატიაზე დააკლიკეთ, მაშინ კომიქსების თავბრუდამხვევი სამყარო თქვენთვის უცხო არ უნდა იყოს. უფრო მეტიც, შესაძლოა, ნახატებისა და ტექსტების ამგვარმა შერწყმამ დიდი ხანია, თქვენი გული მოიგო და წიგნის თაროებზეც დაიკავა ადგილი.

კომიქსები გასული ათწლეულების განმავლობაში მილენიალებისა და ჯენზი თაობის ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი გახდა. ახალ წელს შესაფუთი ქაღალდის ქვეშ Marvel-ის და DC-ის კომიქსების დანახვას არაერთხელ გავუბედნიერებივართ და არაერთი ღამე გაგვიტარებია საბნის ქვეშ მათ ფურცვლაში. მაშინ ვერც წარმოვიდგენდით, რომ Webtoon-ის მსგავსი აპლიკაცია საშუალებას მოგვცემდა, უფასოდ გვქონოდა წვდომა ათასობით კომიქსზე.

ვებტუნი სამხრეთ კორეაში 2004 წელს შეიქმნა კომიქსების ინდუსტრიის გამოსაცოცხლებლად. 2000-იანების დასაწყისში მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო არაერთი კორეული კომიქსის გამოცემა შეწყდა. ამ ყველაფრის მიუხედავად, კომიქსებს ქვეყანაში მაინც ბევრი გულმხურვალე ფანი ჰყავდა. მათ შორის იყო ვებტუნის დამაარსებელი ჯუნკუ კიმი. ის იაპონური მანგების და კორეული კომიქსების გარემოცვაში გაიზარდა, შემდეგ კი გადაწყვიტა, გატაცება კარიერად ექცია. მისი მთავარი საფიქრალიც ახალი, ორიგინალური კომიქსების შექმნა და მათი ხალხისთვის უფასოდ მიწოდება გახდა. კიმს განსაკუთრებით მოზარდების დაინტერესება სურდა. ამიტომ მან გადაწყვიტა, კონცენტრირებულიყო კონტენტზე, რომელიც იქნებოდა "ცხოვრებისეული, მსუბუქი და თანამედროვე". ადამიანის ქცევაზე დაკვირვების შედეგად მან მიაკვლია უნივერსალურ მეთოდს კომიქსების ონლაინ წასაკითხად.

ჯუნკუ კიმი ვებტუნების პერსონაჟებთან ერთად.

ფოტო: Webtoon

"ფორმატის არჩევის მიზეზი მაინცდამაინც ის არ ყოფილა, რომ პირადად მე მომწონდა სქროლვის ფუნქციის დამატების იდეა. საქმე ისაა, რომ ახალი პროდუქტის შექმნისა და მიწოდებისას აუცილებელია იმის გათვალისწინება, მომხმარებელი და თავად შემქმნელი როგორ ამჯობინებენ ამ კონტენტის მოხმარებას", — მოგვითხრობს კიმი, — "2000-იანი წლების დასაწყისში, როდესაც კონტენტის შემქმნელთა უმეტესობა ჯერ კიდევ პერსონალურ კომპიუტერებს მოიხმარდა, თქვენ ეცნობოდით უამრავ ციფრულ ინფორმაციას მაუსით ეკრანის ქვემოთ ჩამოსქროლვით. ინტერნეტში ახალი ამბების წასაკითხად თქვენ არ ფურცლავთ გვერდს, უბრალოდ სქროლავთ და ეცნობით სიახლეებს. მიუხედავად იმისა, რომ კომიქსები გამოსახულებისა და ტექსტის ნაზავია, ვფიქრობ, ტექსტი არის ის, რაც წარმართავს თხრობას. ამგვარად, ლოგიკურია, რომ კომიქსებსაც სქროლვის პრინციპით უნდა გავეცნოთ".

სწორედ ვერტიკალურად სქროლვის ფუნქციაა ის, რაც ვებტუნებს სხვა კომიქსებისგან განასხვავებს. იაპონური მანგა მარჯვნიდან მარცხნივ იკითხება, ამერიკული კომიქსები — მარცხნიდან მარჯვნივ. ვებტუნისთვის დამახასიათებელი ვერტიკალური ფორმატი კი ამარტივებს კითხვის პროცესს, რაც ერთ-ერთი მიზეზია იმისა, რომ მთელი მსოფლიოს გარშემო ათასობით ადამიანი ანიჭებს უპირატესობას ამ აპლიკაციას.

ვებტუნის აპლიკაციის გადმოწერა შესაძლებელია App Store-იდანაც და Google Play-დანაც — თანაც, სრულიად უფასოდ. რეგისტრაციის მარტივი საფეხურების გავლის შემდეგ თქვენთვის ხელმისაწვდომი გახდება 22 სხვადასხვა ჟანრის ვებტუნები. გირჩევთ, ახალი ვებტუნების კითხვა ღამით არ დაიწყოთ, რადგან მათთვის თავის დანებება წარმოუდგენლად რთულია და დიდი შანსია, თავზე ისე დაგათენდეთ, ვერც კი შეამჩნიოთ.

ფოტო: Naver Corporatio

ვებტუნების კითხვისას ერთადერთი სირთულე ისაა, რომ ეპიზოდები კვირაში ერთხელ იდება. ამის გამო მე პირადად არაერთი დღე გამიტარებია საყვარელი კომიქსის შემდეგი ეპიზოდის მოლოდინში. თუმცა თუ ლოდინს ვეღარ უძლებ, შეგიძლია, აპლიკაციაში მონეტები შეიძინო და დაჩქარებული წესით გახსნა სასურველი ვებტუნი.

თუ ამ აღწერის მერე გადაწყვეტთ აპლიკაციის ჩამოწერას და იქ განთავსებული კომიქსების მრავალფეროვნება დაგაბნევთ, არ შეშინდეთ — ქვემოთ იმ ხუთ ვებტუნს გირჩევთ, რომელთა დახმარებითაც ამ უცხო და ფერად სამყაროში პირველი ნაბიჯების გადადგმას შეძლებთ.

1. სუპერ საიდუმლო (ფენტეზის ჟანრის მოყვარულებისთვის)

ფოტო: Webtoon

სუპერ საიდუმლო ჩემი პირველი ვებტუნია. საყვარელი პერსონაჟები, დრამისა და ფენტეზის სასიამოვნო ნაზავი და მოვლენების საინტერესო განვითარება ამ ვებტუნის მიმართ გულგრილს არ დაგტოვებთ.

სუპერ საიდუმლო ორ მეზობელზე — ემასა და რაიანზე მოგვითხრობს. ისინი ბავშვობის მეგობრები არიან. თუმცა ყველაფერი იცვლება მაშინ, როდესაც რაიანის მზრუნველობა მოუწესრიგებელი და გულმავიწყი გოგოს მიმართ სიყვარულში გადაიზრდება. თუმცა, ეს მისი ერთადერთი საიდუმლო არ არის. ის, ამასთან ზებუნებრივი შესაძლებლობებითაცაა დაჯილდოებული. შეძლებს რაიანი, დაუმალოს თავისი იდენტობა მეზობელ გოგოს? თუ ამის გაგება გსურთ, აუცილებლად ესტუმრეთ აპლიკაციას. მერწმუნეთ, პირველი ეპიზოდის შემდეგ გაჩერება გაგიჭირდებათ.

2. ნამდვილი სილამაზე (რომანტიკის მოყვარულებისთვის)

ფოტო: Webtoon

მაკიაჟის ხელოვნების დაუფლების შემდეგ კომიქსების მოყვარული მორცხვი მოზარდის ყოველდღიურობა მკვეთრად უმჯობესდება. ის ერთ ღამეში სკოლის ყველაზე ლამაზ გოგოდ გადაიქცევა და მალევე სასიყვარულო სამკუთხედშიც აღმოჩნდება. გარშემომყოფები ვერ ახერხებენ ერთმანეთს დაუკავშირონ მისი ბუნებრივი და მაკიაჟიანი სახე და მათ ორ სხვადასხვა პიროვნებას მიაკუთვნებენ. გაკიცხვის შიშით ის სიმართლის დამალვას საგულდაგულოდ იწყებს და გაუგებრობების სერიაში ერთვება.

მაგრამ იქნება თუ არა მისი ელიტარული სტატუსი ხანმოკლე? რამდენ ხანს შეძლებს საკუთარი იდენტობის საიდუმლოდ შენახვას — განსაკუთრებით მაშინ, როცა მისი საიდუმლო ერთ-ერთმა თანაკლასელმა ბიჭმა იცის?

ამ ვებტუნმა არაერთი მკითხველის გული მოიგო, რაზეც ისიც მეტყველებს, რომ 2020 წელს მისი ეკრანიზაციაც გამოვიდა ჰვანგ ინ-იოპის, ჩა ეუნ-ვოს და მუნ გა-იუნგის მონაწილეობით. სერიალი დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს ახალგაზრდებს შორის.

3. გიხილავ ჩემს მეცხრამეტე სიცოცხლეში (რომანტიკის მოყვარულებისთვის)

ფოტო: Webtoon

გიხილავ ჩემს მეცხრამეტე სიცოცხლეში წარმოუდგენლად რთული, მრავალგანზომილებიანი პერსონაჟებისა და რეალისტური დიალოგების წყალობით ჩემს ფავორიტ ვებტუნად იქცა. რეინკარნაციის შემდეგ თქვენი წინა ცხოვრება რომ გაგხსენებოდათ და საყვარელი ადამიანების მოძებნა შეგძლებოდათ, დაუკავშირდებოდით მათ? ალბათ, კი. ასევე იქცევა ჯიუმიც, რომელსაც არა მარტო ერთი, არამედ განვლილი 18 სიცოცხლე ახსოვს. დაგროვებული გამოცდილება მას შესაძლებლობას აძლევს, ცხოვრებას უნიკალური პერსპექტივიდან უყუროს.

ჯიუმს ეძლევა შანსი, მეთვრამეტე სიცოცხლეში შეუმდგარი სასიყვარულო ურთიერთობა გამოასწოროს. მიუხედავად უამრავი წინაღობისა, მას სჯერა, რომ სიყვარული სიკვდილზე მაღლა დგას. ჯიუმი საყვარელი ადამიანის ხელახლა დაკარგვის გარდაუვალობას არ უშინდება და სეოჰას ცხოვრებაში გაბედულად იჭრება.

4. ტკბილი სახლი (საშინელებათა ჟანრის მოყვარულებისთვის)

ფოტო: Webtoon

ტკბილი სახლი 19 წლის ბიჭის — ჰიუნ ჩას ამბავს მოგვითხრობს. ოჯახის წევრების დაკარგვის შემდეგ ის მარტო რჩება სამყაროში, რომელსაც მოულოდნელად თავს ურჩხულების შემოსევა დაატყდება. ჰიუნის კორპუსის მცხოვრებლები გაერთიანებას და მონსტრების წინააღმდეგ ერთობლივად ბრძოლას გადაწყვეტენ. თუმცა, მთავარი სირთულე ერთიანობის შენარჩუნება და შინაგან დემონებთან დაპირისპირება ხდება.

გროტესკული სტილი ვებტუნს კიდევ უფრო საშიშს ხდის. მის მთავარ ხიბლს პერსონაჟების განსაკუთრებული ფსიქოტიპები წარმოადგენს. ამოუხსნელია თავად ჰიუნის პერსონაჟიც: მიუხედავად სუიციდური ფიქრებისა, ის თავდაუზოგავად იბრძვის საკუთარი და მეზობლების სიცოცხლის გადასარჩენად.

2020 წელს ნეტფლიქსზე ამ კომიქსის ეკრანიზაციაც გამოვიდა, რომელშიც მთავარ როლს სონგ კანგი ასრულებს.

5. Lookism (დრამის მოყვარულებისთვის)

ფოტო: Webtoon

დანიელი შეუხედავი, მარტოსული ბიჭია, რომლის ცხოვრებაც განსხვავებულ სხეულში გაღვიძების შემდეგ რადიკალურად იცვლება. ის მაღალ და სიმპათიურ ბიჭად გარდაიქმნება. დანიელი მიზნად დაისახავს, მიაღწიოს ყველაფერს, რაც პირვანდელი გარეგნობის გამო მისთვის აუხდენელ ოცნებად ქცეულიყო. სკოლაში ახალი სხეულით მისვლის მერე ის გაოგნებული რჩება, როცა კლასელების მხრიდან სრულიად განსხვავებულ დამოკიდებულებას აწყდება. თუმცა, ახალი სხეული მუდმივი არ არის — ჩაძინებისას მას ძველი გარეგნობა უბრუნდება.

ვებტუნი აკრიტიკებს თანამედროვე საზოგადოების მიდრეკილებას, გარეგნობით განსაზღვროს ადამიანის ღირებულება.


კომიქსები ქართულად

თუ ამ აღწერებმა მოგხიბლათ, მაგრამ ენის ბარიერის გამო არ შეგიძლიათ, გაეცნოთ კომიქსებს, გამოსავალი აქაც არსებობს. ვებსაიტ Wattpad-ზე შეგიძლიათ, ქართულად ნათარგმნი ვებტუნები იკითხოთ. მათ შორის განსაკუთრებული პოპულარობით კორეულ ჯგუფ BTS-ზე დაწერილი ვებტუნის — გადამარჩინეს თარგმანი სარგებლობს.

გახდი ვებტუნის ავტორი

ვებტუნის აპლიკაციის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ ის საშუალებას აძლევს ნებისმიერ მომხმარებელს, მსოფლიოს საკუთარი ნამუშევარი გააცნოს. მსურველმა მარტივი საფეხურები უნდა გაიაროს — შეარჩიოს ჟანრი, სახელწოდება და ხატვის სტილი, შემდეგ ატვირთოს საცდელი პირველი ეპიზოდი და დაელოდოს აპლიკაციიდან გამოხმაურებას.

იმედია, მალე ქართველი ავტორების ვებტუნებსაც ვიხილავთ. მანამდე კი სასიამოვნო კითხვას გისურვებთ!