აღმოჩენა — ამ სახეობის მამრი ბაყაყები თავკომბალებს გამოჩეკამდე სხეულით დაატარებენ
გონდვანის ტროპიკულ ტყეებში, ახალი სამხრეთ უელსის (NSW) ჩრდილოეთ ნაწილში, ბაყაყის ახალი სახეობა აღმოაჩინეს, რომელიც თავისივე თავკომბალებს სხეულით დაატარებს. ავსტრალიაში ამგვარი თავისებურების მქონე მხოლოდ ორი სახეობაა აღრიცხული.
პაწაწინა ბაყაყი 16 მილიმეტრი ზომისაა და ვოლუმბინის ეროვნულ პარკში, ერთ-ერთ მთაზე იპოვეს.
გენეტიკური ანალიზის საშუალებით ნიუკასლის უნივერსიტეტისა და სამხრეთ ავსტრალიური მუზეუმის მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ახალი სახეობა მისი მონათესავე Assa darlingtoni-საგან განსხვავდება. NSW-ის გარემოს დაცვის მინისტრის, მეტ კინის თქმით, მას Assa wollumbin-ი შეარქვეს.
მამრებს ჩანთები სხეულის გვერდებზე აქვთ მიმაგრებული და განვითარებად თავკომბალებს მანამ დაატარებენ, სანამ 2-3 თვის შემდეგ პატარა ნაშიერები გამოიჩეკებიან. მათ ხშირად ჩანთოსან ბაყაყებს უწოდებენ.
"ჩანთოსანი ბაყაყი თავისივე გამრავლების ბიოლოგიით არა მხოლოდ ავსტრალიურ, არამედ მთელი მსოფლიოს ბაყაყებს შორისაა გამორჩეული", — განაცხადა ერთ-ერთმა მკვლევარმა მაიკლ მაჰონიმ — "მსოფლიოში ბაყაყთა 4 200 სახეობიდან მხოლოდ ოთხია ისეთი, რომელშიც ნაშიერებზე ზრუნვის ფარგლებში მამრები თავიანთივე განვითარებად თავკომბალებს სხეულით დაატარებენ".
მაჰონის თქმით, ახალი სახეობა მაშინ აღმოაჩინეს, როდესაც ბაყაყებს ხუთი იზოლირებული ტერიტორიიდან იკვლევდნენ, სამხრეთ-აღმოსავლეთ კუინზლენდიდან დორიგომდე, სადაც ცნობილი იყო, რომ ჩანთოსანი ბაყაყები სახლობენ, ხოლო შემდგომში გენეტიკურმა ტესტებმა დაადასტურა, რომ ვოლუმბინის პოპულაცია ცალკე სახეობა გახლდათ.
ჩანთოსანი ბაყაყის ახალი სახეობა ერთ-ერთია ცხრა გადაშენების პირას მყოფი სახეობიდან, რომელსაც მეცნიერები 2019-2020 წლის ტყის ხანძრების შემდეგ იკვლევენ.
გასული წლის განმავლობაში ავსტრალიელმა მკვლევრებმა სულ სამი ახალი სახეობა აღწერეს Assa wollumbin-ის ჩათვლით. შტატის კრიტერიუმების მიხედვით, სავარაუდოდ, იგი გადაშენების კრიტიკულ ზღვარზე მყოფ სახეობათა სიას შეუერთდება.
"პოპულაცია პატარაა და კლიმატის ცვლილების შედეგები მისთვის მეტად სახიფათოა", — თქვა კინმა — "დაცვის სამოქმედო გეგმა შეიქმნება, რათა ცივ ტყეებში მცხოვრები სახეობის გადარჩენა უზრუნველვყოთ".
კომენტარები