მონაცემების თანახმად, ადამიანის პაპილომავირუსის, HPV-ის ვაქცინა საშვილოსნოს ყელის კიბოს შემთხვევებს თითქმის 90 პროცენტით ამცირებს. კვლევა ჟურნალ Lancet-შია გამოქვეყნებული.

საშვილოსნოს ყელის კიბო მსოფლიოში რიგით მეოთხე ყველაზე ხშირი სიმსივნეა და წელიწადში 300 ათასზე მეტ ადამიანს კლავს.

ჯამში ადამიანის პაპილომავირუსის 100-ზე მეტი ტიპი არსებობს, კიბოს გამომწვევი ვარიანტები კი ინფიცირებულ უჯრედთა დნმ-ში საშიშ ცვლილებებს იწვევს, რის შემდეგაც ისინი კიბოდ გარდაიქმნება, ეს კი ნებისმიერ ინფიცირებულ უჯრედს შეიძლება დაატყდეს თავს. ვირუსები ამგვარ სიმსივნეთა 99%-ს იწვევს, ვაქცინაციამ კი შესაძლოა, დაავადება თითქმის აღმოფხვრას.

საშვილოსნოს კიბოთი სიკვდილის 10-დან თითქმის 9 შემთხვევა დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში ფიქსირდება, სადაც საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი ნაკლებადაა ხელმისაწვდომი. სავარაუდოდ, ვაქცინაცია ამგვარი ქვეყნებისათვის კიდევ უფრო ეფექტიანი იქნება, ვიდრე მდიდარი სახელმწიფოებისათვის.

ვაქცინის გამოყენება 100-ზე მეტმა ქვეყანამ დაიწყო, ვინაიდან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გეგმავს, საშვილოსნოს ყელის კიბოს აღმოფხვრას მაქსიმალურად მივუახლოვდეთ. მას გაერთიანებულ სამეფოში 11-13 წლის ასაკის გოგოებს სთავაზობენ, 2019 წლიდან მოყოლებული კი ბიჭებისთვისაც გახდა ხელმისაწვდომი.

HPV-ის ვაქცინას მხოლოდ და მხოლოდ ინფიცირების თავიდან აცილება შეუძლია და სხეულში უკვე მოხვედრილ ვირუსს ვეღარაფერს უშველის. ვირუსები იმდენად ფართოდაა გავრცელებული, რომ იმუნიზაცია სწორედ ბავშვებისათვის უნდა იყოს განკუთვნილი, ჯერ კიდევ მანამ, სანამ სქესობრივ ცხოვრებას დაიწყებენ.

ინგლისში გოგოებს 2008 წელს წარუდგინეს ვაქცინა, კვლევის ფარგლებში კი შედეგებს დააკვირდნენ. თაობა ამჟამად 20-იან წლებში მყოფ ახალგაზრდობას წარმოადგენს, დაკვირვებამ კი სიმსივნის წინარე წანაზარდების შემცირება აჩვენა ისევე, როგორც საშვილოსნოს ყელის კიბოს შემთხვევათა 87%-იანი კლება.

შემცირება ნაკლებად შესამჩნევი გახლდათ უფროს თინეიჯერთა ვაქცინაციის შემთხვევაში, ვინაიდან აცრა შედარებით ნაკლებმა გადაწყვიტა და შესაძლოა, ისინი სქესობრივად უკვე აქტიურებიც ყოფილიყვნენ.

საერთო ჯამში, HPV-ის პროგრამამ კიბოს 450 და კიბოს წინარე მდგომარეობის 17 200 შემთხვევის განვითარებას შეუშალა ხელი.

პროფესორ პიტერ სასიენის თქმით, ეს მხოლოდ და მხოლოდ აისბერგის წვერია, ვინაიდან აცრილი ადამიანები კიბოსათვის ჯერაც ახალგაზრდები გახლდნენ, ამიტომაც რიცხვები დროსთან ერთად კიდევ უფრო გაიზრდება.

ჯერჯერობით, დადგენილი არ არის, თუ რამდენ ხანს გრძელდება დაცვა და არის თუ არა საჭირო რაიმე დამატებითი დოზაც. გაერთიანებული სამეფო აპირებს წარადგინოს ვაქცინა, რომელიც მიმღებს არა ორი, როგორც აქამდე, არამედ ვირუსის 9 ვარიანტისაგან დაიცავს.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.