ჯეფ ბეზოსი ბუნების აღდგენისთვის 2 მილიარდ დოლარს გამოყოფს
Amazon-ის დამფუძნებელი და მსოფლიოში მეორე უმდიდრესი ადამიანი — ჯეფ ბეზოსი ბუნების აღდგენისთვის 2 მილიარდ დოლარს გაიღებს. ამის შესახებ მან გლაზგოში მიმდინარე კლიმატის კონფერენციაზე COP26 განაცხადა. თანხა მისი Bezos Earth Fund-იდან გამოიყოფა და ლანდშაფტების აღდგენასა და კვების სისტემების ტრანსფორმირებას მოხმარდება.
მილიარდერის თქმით, ის ბუნებაში არსებულმა პრობლემებმა კოსმოსში მოგზაურობისას დააფიქრა. ბეზოსის მსგავს მილიარდერებს ხშირად აკრიტიკებენ კოსმოსური მოგზაურობებისთვის თანხის ხარჯვაში, მაშინ როცა დედამიწაზე არსებული მწვავე პრობლემები გადაუჭრელია. საუბარია კოსმოსში ტურისტული მიზნით მოგზაურობაზე და არა სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაზე. გარდა ამისა, ბეზოსის კომპანია Amazon ხშირად გამხდარა კრიტიკის სამიზნე, გარემოსთან არამეგობრული მიდგომების გამო.
ასევე იხილეთ: რამდენად ახლოს ვართ კოსმოსურ ტურიზმთან — ჩვენ, დედამიწა და მილიარდერები
COP26-ზე გამოსვლისას ბეზოსმა თქვა, რომ "მსოფლიოს არაერთ წერტილში ბუნება ნახშირბადის მშთანთქმელის ნაცვლად, მის წყაროდაა ქცეული".
Bezos Earth Fund ჯამში 10 მილიარდი დოლარის გამოყოფას გეგმავს კლიმატის ცვლილებასთან საბრძოლველად.
მსოფლიოში უდიდესი ელექტრონული კომერციის პლატფორმის (Amazon) მფლობელმა გამოსვლისას ივლისში, კოსმოსში მოგზაურობით მიღებულ გამოცდილებაზეც ისაუბრა და თქვა:
"მეუბნებოდნენ, რომ დედამიწის კოსმოსიდან დანახვა შეცვლიდა იმ ლინზას, რომლიდანაც სამყაროს ვხედავდი, თუმცა მაშინ არ ვიყავი მზად იმის მისაღებად, თუ რამდენად დიდი სიმართლე იყო ეს".
ასევე იხილეთ: მსოფლიო კონფლიქტი თუ ქმედითი შეთანხმება — რას უნდა ველოდოთ გლაზგოს კლიმატის სამიტისგან
კომენტარები