უმდიდრეს კომპანიებს ახალი ლიდერი ეყოლებათ — Microsoft-მა Apple-ს გადაასწრო
პარასკევს Microsoft-მა Apple-ს საბაზრო ღირებულებით გადაასწრო, რითიც ის მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული კომპანია გახდა, რომლის აქციების შეძენაც საჯაროდ შეიძლება. Apple-ის მოლოდინები მიმდინარე კვარტლის შემოსავლის შესახებ არ გამართლდა.
ბირჟების დახურვის მომენტში Microsoft-ის საბაზრო ღირებულება $2.49 ტრილიონს შეადგენდა, ხოლო Apple-ის 2.46 ტრილიონ დოლარს.
Apple-მა ხუთშაბათს აღნიშნა, რომ უოლ სტრიტის მოლოდინები წლის მეოთხე ფისკალურ კვარტალში არ გამართლდა, რაც მეტწილად მიწოდების ჯაჭვის ჩავარდნამ გამოიწვია. Apple-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ტიმ კუკმა, CNBC-სთან საუბარში აღნიშნა, რომ შემოსავალი მოსალოდნელზე 6 მილიარდით ნაკლები აღმოჩნდა და კიდევ უარეს შედეგს დეკემბერში ელიან რადგან ნახევარგამტარების გლობალურ დეფიციტს ჯერ არაფერი შველის.
iPhone-ების გაყიდვით მიღებული მოგება, გასულ წელთან შედარებით, 47%-ით გაიზარდა თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.
მეორეს მხრივ, Microsoft-მა თავის თავს აჯობა და ამ ფისკალურ კვარტალში გასულ წელთან შედარებით 22%-იანი ზრდა აჩვენა. ასეთი ზომის ზრდა ტექნოლოგიურ გიგანტს 2018 წლის შემდეგ არ ჰქონია.
Apple-მა ყველაზე ძვირადღირებული კომპანიის სახელი შარშან მოიპოვა როდესაც საუდის არაბეთის სახელმწიფოს მფლობელობაში მყოფ ნავთობმაგნატს, Saudi Aramco-ს გადაასწრო. Apple იყო პირველი კომპანია, რომელმაც 1 ტრილიონიანი ბარიერი გადალახა და შემდეგ თვითონვე მიაღწია პირველ 2 ტრილიონიან ნიშნულსაც.
Microsoft-მა კაპიტალიზაციით ეფლს პირველად 2020 წელს გაასწრო, მაშინ როცა კორონავირუსი იწყებოდა და ტექნიკის წარმოების ჯაჭვში სერიოზული პრობლემები გაჩნდა. Microsoft-ის კაპიტალიზაცია 2 ტრილიონს პირველად ივნისში ასცდა, მაშინ როცა კომპანიამ Windows-ის ახალი განახლების შესახებ გეგმები გაგვაცნო.
ბირჟების დახურვის მომენტში დაფიქსირებული შედეგით Microsoft-ს გასულ წელთან შედარებით 48%-იანი ზრდა აქვს, Apple-ს კი 13%-იანი.
კომენტარები