ჯეფ ბეზოსის კომპანია დედამიწის ორბიტაზე ახალი კოსმოსური სადგურის განთავსებას გეგმავს
ამერიკელი მილიარდერის, ჯეფ ბეზოსის კომპანია Blue Origin დედამიწის ორბიტაზე ახალი კომერციული კოსმოსური სადგურის განთავსებას გეგმავს, რომელიც Orbital Reef-ის სახელითაა ცნობილი. ის ფუნქციონირებას 2030 წლისთვის დაიწყებს. ამის შესახებ განცხადებას საჰაერო-კოსმოსური ხომალდების ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელი პარტნიორებთან ერთად ავრცელებს.
Orbital Reef-ს თავიანთი მიზნებისთვის გამოიყენებენ, როგორც სხვადასხვა სახელმწიფოს ხელისუფლებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები, ასევე, ტურისტები, რომლებსაც ჩვენი პლანეტის გარშემო მოგზაურობა სურთ.
"ჩვენ კოსმოსური ფრენების ღირებულებას შევამცირებთ, მას უფრო ხელმისაწვდომს გავხდით, კლიენტებს საჭირო სერვისებს შევთავაზებთ და ყველა პირობას დავაკმაყოფილებთ. დედამიწის დაბალ ორბიტაზე მძლავრი ბიზნეს ეკოსისტემა შეიქმნება და ახალ აღმოჩენებს, პროდუქტებს, გასართობ ღონისძიებებსა თუ გლობალური ცნობიერების განვითარებას დაედება საფუძვლად", — აღნიშნავენ Blue Origin-ში.
Orbital Reef-ის გარშემო შემოკრებილი პარტნიორები კოსმოსურ ინდუსტრიაში მოწინავე ადგილებს იკავებენ. მათთან ერთად Blue Origin სადგურისთვის სხვადასხვა ნაწილს შექმნის და ორბიტაზე რაკეტით New Glenn გაუშვებს, რომლის პირველი ფრენა 2022 წელსაა ჩანიშნული.
ამერიკული კომპანია Boeing შეეცდება, Orbital Reef-ის შენარჩუნებასა და გამართულ ფუნქციონირებაზე იზრუნოს. ის სამეცნიერო მოდულებზე იქნება ორიენტირებული და ადამიანებსა თუ ტვირთს იქ საკუთარი კაფსულით Orbital Reef გაგზავნის.
Sierra Space სადგურს LIFE-ად წოდებული განყოფილებებით მოამარაგებს, რომლებშიც ასტრონავტები იცხოვრებენ. მათი აპარატი Dream Chaser კი იქ ეკიპაჟის ან ხელსაწყოების ასატანად ფრენებს განახორციელებს.
Redwire Space-ს მზის პანელებისა და სხვა დასაკეცი სტრუქტურების შექმნა დაევალება. ის კვლევით და საწარმოო პროცესებს შეუწყობს ხელს. Genesis Engineering Solutions სადგურის ვიზიტორებს პერსონალური მგზავრობისა და ღია კოსმოსში გასვლის საშუალებას მისცემს, ხოლო არიზონის შტატის უნივერსიტეტი სხვა 14 სასწავლო დაწესებულებას ჩაუდგება სათავეში, რომლებიც მისიის მსვლელობაში საკუთარ წვლილს შეიტანენ.
Orbital Reef ასტრონავტების მისაღებად მზად ამ დეკადის ბოლოს იქნება და თავდაპირველად 10 ადამიანს დაიტევს. მისი ჰერმეტული სივრცის მოცულობა 830 კუბურ მეტრს შეადგენს, თუმცა ის ნელ-ნელა ზომაში გაიზრდება.
კომენტარები