Tesla-ს კაპიტალიზაციამ $1 ტრილიონს მიაღწია
ავტომობილების გამქირავებელმა კომპანიამ, Hertz-მა ტესლას 100 000 ავტომობილი შეუკვეთა, რათა თავისი ავტოპარკი სრულად ელექტრო გახადოს. Tesla Model 3-ების პირველ პარტის Hertrz ნოემბრიდან მიიღებს და ისინი ამერიკისა და ევროპის ბაზრებს მოემსახურებიან. Hertz გასულ წელს გაბანკროტებას გადაურჩა.
მას შემდეგ, რაც ეს შესყიდვა გასაჯაროვდა, Tesla-ს აქციების ფასი $998.74-მდე გაიზარდა, ჯამურმა საბაზრო ღირებულებამ კი $1 ტრილიონს გადააჭარბა. მარკეტის დახურვის მომენტში ტესლას აქციების ფასი $1024.86 იყო, კაპიტალიზაცია კი ზუსტად $1.01 ტრილიონი. ამით Tesla შეუერთდა ისეთ კომპანიებს, რომლებმაც ტრილიონიანი ბარიერი გადალახეს. ასეთი კომპანია დედამიწაზე სულ ექვსია.
შესყიდვის შესახებ ინფორმაცია პირველად Bloomberg-მა გაავრცელა და აღნიშნა, რომ ელექტრომობილების ისტორიაში ამხელა შეკვეთა არასდროს განხორციელებულა. Hertz-ის შენაძენმა ტესლას 4.2 მილიარდი დოლარი მოუტანა. ასევე აღსანიშნია ისიც, რომ ამ შესყიდვამდე ცოტახნით ადრე Tesla Model 3 გახდა პირველი ელექტრომობილი, რომელიც ევროპის ავტმობილების გაყიდვების ჩარტის სათავეში მოექცა. ამ თვის დასაწყისში კი Tesla-მ განაცხადა, რომ წლის მესამე კვარტალში მათ რეკორდული გაყიდვები ჰქონდათ.
ნებისმიერი ადამიანი, ვინც Model 3-ს Hertz-ისგან იქირავებს, Tesla-ს სუპერდამტენების ქსელის გამოყენებასაც შეძლებს, მათი რაოდენობა ევროპისა და ამერიკის მასშტაბით კი უკვე 3000-ს სცდებაა. Hertz-ის თქმით, ისინი თვითონაც გეგმავენ დამტენების დამონტაჟებას, რაც ამ ქსელს კიდევ უფრო გაზრდის.
Hertz გაკოტრების წინაშე გასულ მაისს დადგა, როცა ავტომობილების გაქირავების ბაზარი კორონავირუსის გამო გაჩერდა. Hertz 100 წლის ისტორიის მქონე კომპანიაა. ის 5.9 მილიარდიანმა ინვესტიციამ გადაარჩინა, რომელიც Knighthead Capital Management და Certares Management-მა განახორციელეს. Bloomberg-ის თქმით, ახლა Hertz გეგმავს, რომ თავისი 500 000 მანქანა ნელ-ნელა სრულად ელექტრო გახადოს.
"ელექტრომობილები ახლა მეინსტრიმია და ჩვენთვისაც ნათელი გახდა, რომ მათ მიმართ ინტერესი და მოთხოვნა სწრაფად იზრდება. ახლა Hertz-ს აქვს ამბიცია, რომ გახდეს მოწინავე ავტომობილების გაქირავების სფეროში და ამავდროულად ყავდეს ელექტრომობილების ყველაზე დიდი ავტოპარკი ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპაში" — ყვება მარკ ფილდსი, Hertz-ის აღმასრულებელი დირექტორი
თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე
კომენტარები