ჩინელი მეცნიერების თქმით, მათ შექმნეს ახალი იარაღი სხვა ქვეყნების თანამგზავრების ასაფეთქებლად
როგორც ჩანს, ცოტაც და ორბიტალურ ომს მივიღებთ.
ჩინელი მეცნიერების გუუნდმა შექმნა მოწყობილობა, რომელიც ასაფეთქებლებს იყენებს მოწინააღმდეგეთა თანამგზავრების გასანადგურებლად.
The South China Morning Post-ის თქმით, იარაღი თანამგზავრის გამონაბოლქვის მილში თავსდება. ამ მოწყობილობის შესახებ გამოქვეყნებული სტატია აჩვენებს, რომ იარაღი აფეთქების შემდეგ ხელუხლებლად ტოვებს სატელიტის ექსტერიერს და სანაცვლოდ აზიანებს ზონდის შიდა ნაწილს. SCMP იუწყება, რომ ამ მოწყობილობით შესაძლებელია აფეთქების იმდაგვარად წარმართვა, რომ ის ძრავის გაუმართაობას მიეწეროს და არა გარე ჩარევას.
მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით, ზუსტად უცნობია თუ როგორ მაგრდება მოწყობილობა თანამგზავრზე, გავრცელებული ინფორმაციით, ეს მეთოდი ზონდების გათიშვის განსხვავებულ გზას გვთავაზობს, ლაზერებისა და რაკეტების გამოყენების გარეშე. ეს ორი უკანასკნელი ადვილად შესამჩნევია, როგორც SCMP იუწყება, ახალი იარაღის გამოყენება კი შეუმჩნევლად იქნება შესაძლებელი. ეს ყველაფერი მიანიშნებს მომავალზე, როცა ერთგვარი თანამგზავრული ომის წინაშე შეიძლება აღმოვჩნდეთ.
ჩინეთი ბოლო დროს აქტიურად აძლიერებს კოსმოსურ იარაღს, მათ შორის კი ანტისატელიტურ არსენალს. ეს ფაქტი კი ვაშინგტონში გარკვეულ შიშებს აღძრავს იმის თაობაზე, რომ აშშ-ის ორბიტალურ ხომალდებზე შეიძლება თავდასხმა მოხდეს. სიტუაცია ნელ-ნელა იძაბება, რადგან პენტაგონი თავის მხრივ ცდილობს სატელიტური იარაღის საკუთარი არსენალის შექმნას. მესამე მხრივ კი რუსეთიც ერთვება საქმეში და იწყებს საკუთარი კოსმოსური იარაღების შემუშავებასა და კვლევას.
არსებული სიტუაცია არც ისე უსაფუძვლოდ გაგახსენებთ ცივი ომის პერიოდს, როცა ერთი ქვეყანა იწყებს იარაღის შექმნას, მეორე მიჰყვება და ამ ერთგვარი შეჯიბრების შედეგად მსოფლიო კრიტიკულად საშიში იარაღით ივსება.
ამას ემატება ჩინეთის მიერ სავარაუდოდ გამოცდილი და შემდეგ უარყოფილი ჰიპერბგერითი იარაღი, რომლის არსებობასაც აშშ-ის დაზვერვის ძალები ადასტურებენ, ჩინეთი კი ჩვეულებრივი კოსმოსური ხომალდის გამოცდად რაცხავს.
ასევე: "არ ვიცით ეს როგორ მოახერხეს" — ჩინეთმა ჰიპერბგერითი რაკეტა გამოსცადა, აშშ გაოცებულია
კომენტარები