გაიცანით NASA-ს ჰაკათონის გამარჯვებულები, რომლებიც კოსმოსური ხომალდების დამაკავშირებელზე მუშაობენ
ინდუსტრიული რევოლუციიდან დღემდე, კაცობრიობას არაერთი ინსტრუმენტი თუ მექანიზმი შეუქმნია იმისათვის, რომ სხვადასხვა გამოგონების გამართულად და უსაფრთხოდ გამოყენება გამხდარიყო შესაძლებელი. დღეს, როცა კოსმოსის ათვისებას აქტიურად ვცდილობთ, პირდაპირ თუ ირიბად, ზუსტად რომ ამ ყოველდღიური გამოყენებისთვის შექმნილი მოწყობილობების გამოცდილებას ვეყრდნობით და ეს კარგად იციან ადამიანებმა, რომლებიც ტექნოლოგიების განვითარების ისტორიას იცნობენ.
როგორ შეგვიძლია უკვე არსებული მექანიზმები გარდავქმნათ ისე, რომ მათგან სარგებელი დღესაც, დედამიწისგან მოშორებით მიმდინარე მისიების ფარგლებშიც მივიღოთ? ეს კითხვა კომაროვის სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებმა: დემეტრე საზონოვმა, სანდრო ღლონტმა, გიორგი ჩხიკვაძემ და სანდრო ლორთქიფანიძემ დასვეს, მიღებული პასუხით კი წლევანდელ NASA Space Apps Challenge Tbilisi-ს გამარჯვებულებად იქცნენ. მათ 1881 წელს შექმნილი მატარებლის დამაკავშირებელი ნაწილის (Janney coupler) მოდელზე ააგეს ისეთი მექანიზმი, რომელიც შეძლებს კოსმოსური ობიექტების დაკავშირებასა და განცალკევებას მცირე იმპულსის შექმნით.
როგორც დემეტრე საზონოვი გვიყვება, აღნიშნული შესაძლებელს გახდის კოსმოსში მოგზაურობასა და მოქმედებებს აფეთქების გამოწვევის რისკის გარეშე.
"მიზანი არის, რომ შეიქმნას და გაუმჯობესდეს დამაკავშირებელი მექანიზმი კოსმოსური ობიექტებისთვის. აქამდე არსებული ყველა ხომალდი იყენებს ისეთ განმაცალკევებელ მექანიზმს, რომელიც ფეთქდება, ან ტყდება, ან რომ ამოვარდება შემდეგ ვეღარ დაკავშირდება და ზომებში დიდია. ჩვენი მექანიზმი ძლიერი დამაკავშირებელია (ჯერ კიდევ გამოიყენება მატარებლებში), 600 ტონის გადაწევა შეუძლია და მეტიც, პროდუქტის თვალსაზრისითაც მარტივი დასამზადებელია, რადგან იდენტური ნაწილებისგან შედგება და მარტივად შეიძლება შეერთება და განცალკევება", — ამბობს დემეტრე.
გამარჯვებულმა გუნდმა, სახელად Starship Enterprise NASA-ს გლობალური გამოწვევის გადაჭრისთვის გამოსადეგი მოდელი შექმნა, რომლითაც მენტორებიც დაინტერესებულები არიან. NASA Space Apps Challenge-ის გლობალურ ფინალში მოხვედრის შემთხვევაში, გუნდს საშუალება ექნება NASA-ს ეწვიოს და სააგენტოს ინჟინრებს საკუთარი იდეები თავად გააცნოს.
კოსმოსური ხომალდების დამაკავშირებელ მექანიზმზე მუშაობის იდეა დემეტრე საზონოვს ეკუთვნის. რობოტიკისა და ინჟინერიის მიმართ მისი ინტერესი ბავშვობიდან იწყება. მან ტრანსფორმერებით, ლეგოთი თუ რკინის კაცის იდეით გატაცება ამ მიმართულებით ცოდნის გაღრმავების შესაძლებლობად აქცია.
"ავირჩიეთ Let it Go გამოწვევა, რომლის მიზანი იყო, რომ შეგვექმნა ან გაგვეუმჯობესებინა უკვე არსებული სხვადასხვა ტიპის დამაკავშირებელი მექანიზმები კოსმოსისთვის. ეს პროექტი იმიტომ ავირჩიე, რომ ერთ-ერთი იყო იმათ შორის, რომელიც ჰარდვეარ (აპარატული უზრუნველყოფა) ჩელენჯს წარმოადგენდა. მე პირადად ვინტერესდები ინჟინერიით, მექანიკურითაც და ელექტრულითაც, ამიტომ გადავწვიტე ამ გამოწვევის აღება. თან ყველა ფიზიკოსია ჩვენს გუნდში პრაქტიკულად, პროგრამისტებიც არიან. აქამდე არაერთ შეჯიბრში მიმიღია მონაწილეობა, თუმცა NASA-ს ეს ჰაკათონი მსოფლიოში ყველაზე დიდია. აქამდე პროექტებში მონაწილეობიდან ბევრი ვისწავლე, მაგალითად პლატების შექმნა, 3D მოდელების აწყობა. მომავალში კი მინდა ვიყო გამომგონებელი, ინჟინერი", — დემეტრე საზონოვი.
გუნდის კიდევ ერთ წევრს — სანდრო ღლონტს მათემატიკა ბავშვობიდანვე იტაცებდა. ეს ის საერთოა, რომელიც, ალბათ, კომაროვის ფიზიკა-მათემატიკის სკოლის ყველა მოსწავლეს აერთიანებს.
"რაც თავი მახსოვს მაინტერესებს მათემატიკა, პირველი კლასიდანვე ვგიჟდებოდი ამ საგანზე. ამისთვის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი იყო თერთმეტობანა, თამაში რომელმაც სხვადასხვა კომბინაციები შემაყვარა", — ამბობს სანდრო.
მეათე კლასისკენ სანდროს ინტერესები, ზოგადად, ტექნოლოგიებმა და ინჟინერიამ მოიცვა, რის შემდეგაც მსგავს კონკურსებში მონაწილეობას არ ერიდება. ამ კონკრეტული პროექტის ფარგლებში საიტზე მუშაობდა და პრეზენტაციას აწყობდა. მანამდე კი დემეტრესთან ერთად მონაწილეობდა ილიაუნის ჰაკათონში, ნიკო ნიკოლაძის ჩათბოტის შესაქმნელად, ახლა კი მილენიუმის ათასწლეულის ფინალში არიან და შედეგებს ელიან.
"სხვა ღონისძიებებისგან განსხვავებით, რაშიც აქამდე მიმიღია მონაწილეობა, NASA Space Apps Challenge განსაკუთრებით სწრაფია, რადგან ორი დღე გაქვს სულ პროექტის შესაქმნელად. ყველაზე კარგი გამოცდილება, რასაც ჰაკათონი გაძლევს, არის სწრაფი მუშაობა. ორი დღე განუწყვეტლივ ვმუშაობდით, ასევე სხვადასხვა წევრთან ვურთიერთობდით და ბევრი ადამიანი გავიცანით", — სანდრო ღლონტი.
ხოლო სანდრო ლორთქიფანიძის კონტრიბუცია პროექტში 3D მოდელზე მუშაობა, პროტოტიპის აწყობა და ანიმირებაა. ის მომავალი პროგრამისტია, რომელიც 3D ანიმაციითაც ინტერესდება და უკვე ორივე მხრივ აქვს გარკვეული გამოცდილება.
"ზოგადად, მათემატიკაში კარგი ვიყავი და ყველაზე პერსპექტიულ პროფესიად პროგრამირება წარმოვიდგინე 4-5 წლის წინ. ნელ-ნელა ეს ჩემი ჰობი გახდა და სულ უფრო დავინტერესდი. რაც შეეხება 3D მოდელირებას, ინტერნეტში უამრავი რესურსია, რომელიც მსგავსი კონტენტის შექმნაში გეხმარება. ასე გადავწყვიტე, რომ მე თვითონაც შემეძლო მსგავს რამეებზე მუშაობა. მით უფრო მაშინ, როცა რაც დრო გადის უფრო დახვეწილი კომპიუტერული პროგრამები ჩნდება გარშემო, რომელზეც ნებისმიერ ადამიანს მიუწვდება ხელი. მეც გამოვიყენე ეს შესაძლებლობა, რაც პროექტის ფარგლებშიც ძალიან გამომადგა", — ამბობს სანდრო ლორთქიფანიძე.
გუნდის შემდეგ წევრს — გიორგი ჩხიკვაძეს კი თანაგუნდელებისგან ოდნავ განსხვავებული ინტერესები აქვს. ის თეორიული ფიზიკითაა გატაცებული და ამ მიმართულებით გეგმავს სწავლის გაგრძელებას. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ მისი ერთ-ერთი უდიდესი ინტერესი კოსმოსია და NASA Space Apps Challenge-ის ერთ-ერთი გამოწვევა კოსმოსში არსებული პრობლემის გადაჭრას ისახავდა მიზნად, გიორგიმ მასში მონაწილეობა გადაწყვიტა. ეს მისთვის პირველი კონკურსია.
"ფიზიკა ძალიან ფართოა, ყველაფერი არ მიზიდავს, უფრო კოსმოსი და მასთან დაკავშირებული საკითხები. ნასას ჰაკათონში მონაწილეობაც ამასთანაა კავშირში. პროექტის ფარგლებში, კოსმოსური ხომალდების ურთიერთქმედების/მიერთების პრობლემა გადავჭერით, რაც მნიშვნელოვნად მიმაჩნია. გუნდთან ერთად მასალები მოვიძიე მოდელის ასაწყობად და ტექსტები დავწერე, ასევე პრეზენტაციის აწყობაში ვეხმარებოდი. ჰაკათონის განმავლობაში უამრავ საინტერესო მენტორს შევხვდით და მათგან საჭირო ინფორმაციას ვიღებდით, რაც ასევე სასარგებლო მგონია", — ამბობს გიორგი ჩხიკვაძე.
NASA Space Apps Challenge 2021 2-3 ოქტომბერს, მსოფლიოს 225 სხვადასხვა წერტილში ერთდროულად იმართებოდა. შეჯიბრების ფარგლებში, გუნდებს 48 საათი ჰქონდათ გამოწვევების შესაბამისი პროექტების შესაქმნელად. წელს ამ გლობალურ ჰაკათონს 28 286 მონაწილე ჰყავდა და ის, როგორც წესი, აერთიანებდა კოდერებს, მკვლევრებს, დიზაინერებს, მშენებლებს, ტექნოლოგებსა და შემოქმედებით ადამიანებს სხვადასხვა გამოწვევასთან გასამკლავებლად.
NASA Space Apps Challenge-ის ჰაკათონი საქართველოში Startup Büro-ს ორგანიზებითა და ბილაინის მხარდაჭერით ჩატარდა. ჰაკათონის პარტნიორები იყვნენ: DataFest Tbilisi, Fennec Tech Studio, NEXT.On.ge და Google Developers Group (GDG) Tbilisi.
"მინდა მივულოცო გამარჯვებულ გუნდს, კომაროვის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს და წარმატებები ვუსურვო გლობალური პრობლემების მოგვარებაში. NASA Space Apps Challenge-ის ფარგლებში ჩვენ მომავალ წელს შევხვდებით, უკვე აბასთუმნის ობსერვატორიაში, სადაც გვჯერა, რომ ახალ ტალანტებს აღმოვაჩენთ. მონაწილეები დედამიწაზე და კოსმოსში პრობლემების დაძლევაში მიიღებენ მონაწილეობას. პროექტის განხორციელებაში უმნიშვნელოვანესი როლი აქვთ ჩვენს პარტნიორებს. სწორედ მათი ჩართულობით ვახერხებთ გავზარდოთ მასშტაბები და კიდევ უფრო მეტ მონაწილეს მივცეთ მოტივაცია, ჩაერთონ მსოფლიო პრობლემების მოგვარებაში", — ამბობს გური ქოიავა, ღონისძიების თანაორგანიზატორი.
NASA Space Apps Challenge Tbilisi 2021-ის გამარჯვებული გუნდი ახლა გლობალურ ფინალზე მოსახვედრად იბრძოლებს. თუ ის NASA-ს რჩეულთაგანი გახდება, უკვე სააგენტოს ექსპერტების წინაშე შეძლებს საკუთარი პროტოტიპის წარდგენას და ვინ იცის, იქნებ კოსმოსური ხომალდების დაკავშირებასთან ასოცირებული პრობლემის გადაჭრა სწორედ რომ ოთხი ახალგაზრდა კომაროველის გამოგონების საფუძველზე დაიწყოს.
კომენტარები