მუმიფიკაციას მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში ათასობით წლის განმავლობაში იყენებდნენ. ახალი აღმოჩენის თანახმად, ის იმაზე გავრცელებული იყო, ვიდრე აქამდე მიიჩნეოდა.

საქმე ისაა, რომ მეცნიერებმა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასა და სამხრეთ ჩინეთში ნაპოვნ ადამიანთა ძვლებზე ამგვარი პრაქტიკის ნიშნები გამოავლინეს. ეს მუმიები ნეოლითამდელი პერიოდისაა და 12 000 წლის წინა ნიმუშებსაც მოიცავს. შესაბამისად, ისინი მუმიფიკაციით ცნობილ კულტურებზე — ეგვიპტელებსა და ჩილეს ჩინჩოროს ხალხებზე — რამდენიმე ათასი წლით უფრო ძველია.

საინტერესოა, როგორ ვერ შევნიშნეთ აქამდე უძველესი მუმიები? მიზეზი აზიის ცივილიზაციების მიერ გამოყენებული მუმიფიკაციის განსხვავებული მეთოდია. ის ღია ცეცხლზე ხანგრძლივი დროის განმავლობაში ნეშტების კვამლში გამოშრობას გულისხმობდა. ამგვარი ტექნიკა ავსტრალიასა და ახალ გვინეაშიცაა დაფიქსირებული, რაც შესაძლო კულტურულ კავშირებზე მიანიშნებს.

სამხრეთ ჩინეთში მიკვლეული შუახნის ქალის მუმია, რომლის ნეშტიც დამარხვამდე კვამლზე გამოაშრეს.

ფოტო: Zhen Li

არქეოლოგებს აზიურ სამარხებში მსგავსებები აქამდეც შეუნიშნავთ. მაგალითად, ბევრი ჩონჩხი ე.წ. ემბრიონის პოზაში საკმაოდ მჭიდროდაა მოთავსებული, ასევე მათზე წვის კვალია შემორჩენილი. მეტის გასაგებად სპეციალისტებმა სამხრეთ ჩინეთში, ჩრდილოეთ ვიეტნამსა და ინდონეზიაში 4000-12 000 წლის წინანდელი 54 სამარხიდან ამოღებული 69 ძვალი გააანალიზეს.

ამისთვის რენტგენული დიფრაქციისა და ფურეს ტრანსფორმაციის ინფრაწითელი სპექტროსკოპიის (FTIR) მეთოდები გამოიყენეს. პირველის მეშვეობით ძვლების სტრუქტურაში 500°C-ზე მეტ ტემპერატურაზე განცდილი ცვლილებების დაფიქსირებაა შესაძლებელი, მეორით კი — უფრო დაბალ ტემპერატურაზე.

სამხრეთ ჩინეთში არსებული ადრეული და შუა ჰოლოცენის პერიოდის ნამარხები.

ფოტო: Hung et al., PNAS, 2025

5 ნიმუშიდან ხელჩასაჭიდი FTIR შედეგები ვერ მიიღეს, დანარჩენი 64-დან კი 84%-ს სითბოს გავლენა აღენიშნებოდა. ზოგიერთ ძვალზე ჭვარტლის კვალიც იყო, მაგრამ არა მთლიან ჩონჩხზე, რაც სელექციურ მიდგომაზე მიუთითებს. აღმოაჩინეს ნაკაწრებიც.

ამ მონაცემების მიხედვით, მუმიფიკაციის ეს პროცესი თანამედროვე ახალ გვინეაში მცხოვრები დანის ხალხის რიტუალს ჰგავს. ამ დროს ადამიანის ნეშტს მჭიდროდ კოჭავენ, შემდეგ კი დაბალი ცეცხლის კვამლზე კვირებით ან თვეობით აყოვნებენ. ძვლებზე დატოვებული ნაკაწრები, შესაძლოა, დრენაჟისთვის ან სხეულის ნაწილის მოშორებისთვის ნეშტის გაკვეთაზე მიანიშნებდეს.

9000 წლის წინ კვამლზე გამომშრალი მუმია.

ფოტო: Yousuke Kaifu and Hirofumi Matsumura

როგორც კი მუმიფიკაცია სრულდება, დაკრძალვის რიტუალი იწყება. დანის ხალში ეს მუმიის ღია სივრცეში დასვენებაა, მაგრამ ძველად მათ მარხავდნენ. ასეა თუ ისე, უკანასკნელი მიგნება მიუთითებს, რომ ძველად მუმიფიკაცია გავრცელებული, რთული და მრავალგვარი პრაქტიკა იყო. ეს კულტურათა კავშირსაც ცხადყოფს.

ახალი ნაშრომი გამოცემაში The Proceedings of the National Academy of Sciences გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.