iOS 26, Apple-ის ახალი ოპერაციული სისტემა, უკვე ხელმისაწვდომია. კომპანიამ იგი 15 სექტემბერს გამოუშვა, ამიერიდან კი აიფონებზე მის დაყენებას შევძლებთ.

მობილურებს განახლების შედეგად არაერთი ახალი ფუნქცია ემატება, ყველაზე მთავარი სიახლე კი ინტერფეისის დიზაინის ცვლილებაა: სმარტფონებს Liquid Glass დიზაინი აქვს, რომელიც ეკრანსა და აპლიკაციებს ნახევრად გამჭვირვალეს ხდის.

გარდა iOS-ისა, Apple-მა სხვა პროდუქტების ოპერაციული სისტემების განახლებებიც შემოგვთავაზა, მაშ შორის: ახალი macOS, iPadOS და watchOS.

iOS 19-ის შექმნის ნაცვლად Apple-მა სახელდების სისტემა შეცვალა და პირდაპირ iOS 26 გამოუშვა. კომპანიამ გადაწყვიტა, წელზე დაფუძნებული სისტემა გამოეყენებინა (ისე, როგორც მანქანებშია). გამოდის, რადგან iOS და მისი თანამოძმეები 2025 წელს გამოვიდა, ყველას "26" შეერქვა მომავალი წლის შესაბამისად.

iOS 26-ის დაყენება ყველა აიფონზეა შესაძლებელი, რომლებიც 2019 ან მომდევნო წლებშია გამოშვებული, დაწყებული iPhone 11-იდან. სტატიაში ამ ოპერაციული სისტემის მახასიათებლებსა და ახალ ფუნქციებს გაგაცნობთ.

ასევე იხილეთ: iPhone 17, AirPods და სხვა — Apple-ის ახალი პროდუქტების მიმოხილვა

რა არის და როგორია Liquid Glass დიზაინი?

Apple მას "ახალ ნახევრად გამჭვირვალე მასალას" უწოდებს — ცხადია, რადგან ამ დიზაინის ფარგლებში აპლიკაციები და "ვიჯეტები" გამჭვირვალეა. ამის მიუხედავად, გარემოს მიხედვით ეკრანს კვლავ შეუძლია მოერგოს ბნელ და ნათელ რეჟიმებს. შენიშნავთ, რომ ზოგიერთ აპლიკაციაში (მაგალითად, Phone-სა და Maps-ში) ღილაკებს მოტივტივე დიზაინი აქვს. ახლანდელი ღილაკებისგან განსხვავებით ყურადღებას ესენი ნაკლებად გაგვიფანტავს, თუმცა დასანახად მაინც საკმაოდ მარტივია.

დიზაინი თავიდან ბეტა ტესტირებას გადიოდა. Apple-მა მომხმარებელთა უკუკავშირი გაითვალისწინა და ზოგიერთ ნაწილში გამჭვირვალე დიზაინი მოაშორა. Liquid Glass დროთა განმავლობაში კიდევ შეიცვლება, თუმცა Apple-ის ყველა პლატფორმაზე გამოჩნდება და, დიდი ალბათობით, ვერსად გავექცევით.

რა ახალი ფუნქციები და ცვლილებებია iOS 26-ში?

iOS 26-ს ბევრი ახალი ფუნქცია აქვს. 10 ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლე ასეთია:

  1. შეიცვალა Phone აპლიკაციის დიზაინი — ამიერიდან კონტაქტების, ბოლოს განხორციელებული ზარებისა და ხმოვანი ფოსტის დათვალიერება ერთ სივრცეში შეგეძლებათ;
  2. დაემატა პირდაპირ რეჟიმში თარგმნის (Live Translation) ფუნქცია აპლიკაციებს Phone, FaceTime და Messages — iOS 26-ის მეშვეობით უცხოენოვან ადამიანთან შეუფერხებლად შეგეძლებათ ინტერაქცია. Apple-ის ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ახალი ფუნქცია საუბარს რეალურ დროში გადათარგმნის;
  3. Messages აპლიკაციაში უცნობების შეტყობინებები გაიფილტრება: ცალკე სივრცეში მოხვდება, მაგალითად, უცხო ნომრებიდან მოსული სპამ შეტყობინებები;
  4. ფოტოების აპლიკაციაში ჩანართები ბრუნდება — ამიერიდან ალბომებსა და კოლექციებს ისევ ცალ-ცალკე გამოყოფილი სივრცეები ექნება, სასურველი ფოტოს საპოვნელად კი ამდენი ძებნა აღარ მოგიწევთ;
  5. სიახლეებია კამერაში — კამერის აპლიკაციაში ღილაკები და მენიუები უფრო მოსახერხებელ ადგილებშია მოთავსებული, ამიტომ მათი პოვნა ნაკლებად გაგიჭირდებათ. დაემატა ახალი ფუნქციაც, რომელიც შეგატყობინებთ, თუ ლინზა გასაწმენდი იქნება;
  6. ემატება ფუნქცია Visual Intelligence — გუგლში სურათების უკუძიების მსგავსად, ახალი ფუნქცია საშუალებას მოგცემთ, ეკრანზე არსებული ნებისმიერი რამ მოძებნოთ. მაგალითად, ვინმეს სურათში თუ ფეხსაცმელი მოგეწონათ, შეგიძლიათ ეკრანის ანაბეჭდი (იგივე "სქრინშოთი") გადაიღოთ, Visual Intelligence კი მათ (ან მსგავსებს) მოგიძებნით ონლაინმაღაზიებში;
  7. დაბლოკილ ეკრანში მეტი ცვლილების შეტანას შეძლებთ — მას საკუთარ გემოვნებას უკეთ მოარგებთ; გარდა ამისა, დაგხვდებათ ახლებური საათი, ფონური სურათის 3D ეფექტები, "ვიჯეტები" და კონცენტრაციის რეჟიმის უკეთესი არჩევანი;
  8. მაღვიძარას ახალი პარამეტრი ემატება — წათვლემის ("სნუზ") ღილაკი მხოლოდ 9-წუთიანი აღარ იქნება. ამიერიდან შეგეძლებათ, 1-იდან 15 წუთამდე დროით წაუძინოთ;
  9. ეკრანის ანაბეჭდები განსხვავებულად გამოიყურება — "სქრინშოთის" გადაღებისას რამდენიმე ახალ ფუნქციას შენიშნავთ. მათ შორისაა ძიების ფუნქცია ("highlight to search"), რათა Google-სა თუ ChatGPT-ში მოიძიოთ, თუ სურათთან დაკავშირებით რამე დაგაინტერესებთ;
  10. ემატება წინასწარი გადახედვის აპლიკაცია Preview — iOS 26-ში ახალი აპლიკაცია დაგხვდებათ, რომლითაც შესაძლებელი იქნება: დოკუმენტების დასკანერება, PDF ფორმების შევსება, ასევე ფაილში ტექსტის გამოკვეთა ან ხაზგასმა. ამავე აპლიკაციიდან შეგეძლებათ ისიც, რომ სურათებს ფონი მოაშოროთ.

ცნობისთვის, Apple-მა iOS 26-თან ერთად iOS 18.7-იც გამოუშვა. ეს უკანასკნელი უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ხარვეზების აღმოფხვრას ემსახურება. თუკი თქვენს აიფონზე iOS 26-ის დაყენება ვერ ხერხდება, შეგიძლიათ iOS 18.7-ს მიმართოთ. სხვა მხრივ, თქვენზეა დამოკიდებული, რომელ განახლებას აირჩევთ. შეგიძლიათ ისიც, რომ iOS 26-ის შესაძლო ხარვეზების აღმოფხვრას დაელოდოთ ანდა მისი ახალი ფუნქციები ახლავე გამოცადოთ.

თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე.