ამერიკის შეერთებული შტატები ონკოლოგიური კვლევების კუთხით ერთ-ერთ მოწინავე ადგილს იკავებს, თუმცა ექსპერტები შიშობენ, რომ ეს დიდხანს არ გაგრძელდება. მიზეზი პრეზიდენტ ტრამპის მიერ აშშ-ში ამ საკითხზე მომუშავე მეცნიერებისთვის შეწყვეტილი და შემცირებული დაფინანსებებია.

"სამეცნიერო საქმიანობა ძალიან კარგად გამოგვდის. რატომ უნდა გვინდოდეს ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე ღირებული შესაძლებლობის განადგურება?", — აცხადებს ჯანდაცვის სახელმწიფო ინსტიტუტების (NIH) ყოფილი დირექტორი და ნობელის პრემიის მფლობელი, ჰაროლდ ვარმუსი.

ტრამპმა პრეზიდენტობის მეორე ვადის პირველ სამ თვეში NIH-ის ბიუჯეტი 2.7 მილიარდი დოლარით შეამცირა. სიმსივნის კვლევები განსაკუთრებით დაზარალდა. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ამ მიმართულებით მიღწევები და მკურნალობის ეფექტიანი გზების მოძიება სულ უფრო გართულდება.

ფინანსების არქონის გამო არაერთი მიმდინარე და დაგეგმილი კვლევა შეჩერდა. ამას ისიც ემატება, რომ ტრამპმა მეცნიერებისთვის გამოყოფილი თანხების შემცირების მეორე ეტაპიც დააანონსა. მაგალითად, მომდევნო წლისთვის ჯანდაცვის სახელმწიფო ინსტიტუტებს ბიუჯეტი 7.2 მილიარდი დოლარიდან 4.5 მილიარდ დოლარამდე შეუმცირდება.

მსგავს ნაბიჯებს სავალალო შედეგები შეიძლება მოჰყვეს. ერთ-ერთი ნაშრომის თანახმად, ონკოლოგიურ ცდებზე დახარჯული ყოველი 326 დოლარი ერთი ადამიანის სიცოცხლის თითო წლით გახანგრძლივებას ნიშნავს. 1970-იან წლებიდან დღემდე ონკოპაციენტების ხუთწლიანი გადარჩენის მაჩვენებელი 49%-ით გაიზარდა, რაც სწორედ სამედიცინო მიღწევების დამსახურებაა. ეს გასათვალისწინებელია, რადგან სახელმწიფო ონკოლოგიური ინსტიტუტის პროგნოზების მიხედვით, აშშ-ის მოსახლეობის დაახლოებით 38.9%-ს სიცოცხლის რომელიმე ეტაპზე სიმსივნის დიაგნოზი ექნება (სტატისტიკური ვარაუდი).

ფინანსების შეზღუდვა კონსერვატორების მხრიდან აშშ-ის სამედიცინო კვლევითი სფეროსადმი უნდობლობითაა გამოწვეული. ისინი მას კორუმპირებულად, აგრესიულად და პოლიტიზებულად აღიქვამენ. ბიუჯეტის შემცირების მიზეზად გამოიყენეს მრავალფეროვნების, თანასწორობისა და ინკლუზიურობის (DEI) ინიციატივებიც. ამ მოტივით ზოგიერთი დაფინანსება მხოლოდ იმიტომ არ გასცეს, რომ გრანტის განაცხადში სიტყვა "ტრანსსექსუალი" იკითხებოდა.

"მჯერა, რომ ერთ-ერთი ვარ ქვეყნის იმ მცირერიცხოვანი ლაბორატორიების წარმომადგენლებიდან, რომლებიც პედიატრიულ ტვინის სიმსივნეებში მედიკამენტების შეტანის ბარიერებზე არიან კონცენტრირებულნი. მაშინ, როცა ამ ეკოსისტემიდან მაგდებ, იმას აქრობ, რასაც ვერაფერი ჩაანაცვლებს", — ამბობს პროფესორი რეიჩელ სირიანი.

ამ მიზეზების გამო მხოლოდ სიმსივნის კვლევები არ ჩერდება, არამედ მეცნიერები უკვე ქვეყნის დატოვებაზე ფიქრობენ, რათა საკუთარ იდეებზე მუშაობა განაგრძონ. შესაბამისად, აშშ-ში ონკოლოგიის მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშაა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.