ისტორიაში პირველად, მეცნიერები შავი ხვრელის მიერ ცხელი აირის გამოფრქვევას დააკვირდნენ
იტალიაში მდებარე ბოლონიის უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერები კოლეგებთან ერთად აქტიური შავი ხვრელის მიერ ცხელი აირის გამოფრქვევის პროცესს დააკვირდნენ, რაც პირველი მსგავსი პრეცედენტია. ამის შესახებ ისინი გამოცემაში Nature Astronomy გამოქვეყნებულ ნაშრომში საუბრობენ.
მკვლევრებმა დაახლოებით 20 გალაქტიკისგან შედგენილი ჯგუფი, სახელად Nest200047 შეისწავლეს, რომელიც ჩვენგან 200 მილიონი სინათლის წლითაა დაშორებული. მის ცენტრში განლაგებული ერთ-ერთი ასეთი სისტემა აქტიურ შავ ხვრელს შეიცავს, რომლის გარშემოც სხვადასხვა ასაკის მქონე აირის ერთგვარი ბუშტები, მაგნიტური ველის "ძაფები", და, რაც მთავარია, რელატივისტური ნაწილაკები არიან წარმოქმნილნი.
ისინი სპეციალისტებმა ნიდერლანდებში მდებარე რადიოტელესკოპთა ქსელით LOFAR დააფიქსირეს, რომელსაც სხვა მსგავს ხელსაწყოებთან შედარებით, ყველაზე ძველი ელექტრონების შემჩნევა შეუძლია. ამან ასტრონომებს წარსულში დაბრუნების საშუალება მისცა. ისინი 100 მილიონი წლის წინანდელ კოსმოსს დააკვირდნენ, კონკრეტულად კი ზემოხსენებულ შავ ხვრელს.
"ჩვენი კვლევა რეალურ დროში გვიჩვენებს აირის ბუშტებს, რომლებიც შავი ხვრელის გავლენით ჩქარდებიან და ფართოვდებიან. ისინი სოკოს ფორმის შთამბეჭდავ სტრუქტურებს ქმნიან, რგოლებსა და "ძაფებს", რომლებიც ძალიან ჰგვანან ვულკანიდან ამოფრქვეულ მატერიას", — აცხადაბენ ნაშრომის ავტორები.
შავი ხვრელები მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ არა მხოლოდ გალაქტიკის განვითარებაზე, არამედ გალაქტიკათაშორის სივრცეზეც. მეცნიერები დიდი ხანია მათი ურთიერთქმედების მექანიზმის გარკვევას ცდილობენ. ეს ობიექტები ყველაფერს შთანთქავენ, რაც მიუახლოვდებათ, რა დროსაც მძლავ ენერგიას გამოყოფენ. ეს უკანასკნელი ზოგჯერ თითქმის სინათლის სიჩქარით მოძრავი ნაკადის სახეს იღებს და რადიოტალღებს, ნაწილაკების ბუშტებსა თუ გიგანტურ მაგნიტურ ველებს წარმოქმნის, რომლებიც გარემომცველ პლაზმას აცხელებენ.
ეს გალაქტიკათაშორისი სივრცისა და ვარსკვლავების ფორმირებას განსაზღვრავს, თავად ამგვარი პროცესი კი, შესაძლოა, ასობით მილიონი წელი გაგრძელდეს.
კომენტარები