დამწყები ბიზნესმენებისთვის მარაგების მართვა სირთულეებთან ასოცირდება. უნდა ითქვას, რომ ეს ნამდვილად არ არის მარტივი საქმე, თუმცა თუ არსებულ წესებს ზედმიწევნით მიჰყვები, ყველაფერი თაროებზე ჩაწიკწიკებული ნივთებივით დალაგდება.

აქ რამდენიმე მნიშვნელოვანი კომპონენტის გათვალისწინება დაგჭირდება. პირველ რიგში, უნდა განსაზღვრო ის, თუ როგორ გამართო სასაწყობე სივრცე. ამასთან, უნდა შეიმუშაო მარაგების აღრიცხვისა და მართვის სტრატეგია. თუ შენს საწყობში არსებულ ყველა ნივთს საკუთარ სახელს დაარქმევ, მათ დათვლას, დალაგებასა და დახარისხება მარტივად შეძლებ. სწორედ ეს არის საწყობის მართვის სტრატეგია, რომელიც, რა თქმა უნდა, იმის მიხედვით განსხვავდება, თუ რამდენად მასშტაბურია შენი ბიზნესი.

რა უნდა გავითვალისწინოთ საწყობის გამართვისას

ფოტო:
Tiger Lily / Pexels

კომპანიებმა არაერთი ფაქტორი უნდა გაითვალისწინონ იმისათვის, რომ საწყობის ეფექტიანად დაგეგმარება და მართვა შეძლონ. სტატიის მომდევნო ნაწილში სწორედ ამის შესახებ გიყვებით.

ადგილმდებარეობა და ნაკვეთის კონფიგურაცია — როგორც ცნობილია, ადგილმდებარეობა დაკავშირებულია დანახარჯებთან. რაც უფრო ქალაქის ცენტრთან ახლოს მდებარეობს საწყობი, უფრო მეტია სივრცის მოწყობის ღირებულება. აქ გასათვალისწინებელია ისიც, რომ საწყობი ტრანსპორტირებისთვისაც მარტივად სამართავი იყოს.

გაფართოების პოტენციალი — მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ბიზნესის გაფართოების პოტენციალი. ბუნებრივია, ჩვენი მიზანია, სამომავლოდ გავზარდოთ ბიზნესის მოცულობა. შესაბამისად, საწყობი უნდა იძლეოდეს იმის საშუალებას, რომ გაფართოვდეს. გასათვალისწინებელია, რომ მეორე საწყობის მშენებლობა დამატებით ხარჯებთან იქნება დაკავშირებული. შესაბამისად, უნდა ვეცადოთ, რომ გაფართოება მოხდეს იმავე სივრცეში.

საწყობის დიზაინი — ეს პირდაპირ არის დაკავშირებული საწყობში საქონლის მართვის ეფექტიანობასთან. ის იმგვარად უნდა იყოს მოწყობილი, რომ მუშაობის პროცესში ქმნიდეს კომფორტს და არა ბარიერებს.

საწყობის მოცულობა — აქ გასათვალისწინებელია მომდევნო რამდენიმე წლის პერსპექტივა. საწყობის მოცულობა უნდა იყოს იმგვარი, რომ კომპანიის ზრდის პროცესი არ შეაფერხოს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კარგად შევისწავლოთ და პროგნოზი გავაკეთოთ კომპანიის მინიმუმ 2-3 წლის განვითარების პოტენციალი.

პროდუქტის მიქსი — იმ შემთხვევაში, როდესაც კომპანიას აქვს რამდენიმე საწყობი, მან ზუსტად უნდა განსაზღვროს, თუ რომელ საქონელს სად დაასაწყობებს. ამასთან, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზოგიერთ პროდუქტს შენახვის განსაკუთრებული პირობები ესაჭიროება.

ტვირთის დამუშავების ტექნიკა — სასაწყობე სივრცის მოწყობისას ჩვენ უკვე უნდა ვიცოდეთ, რა ტიპის ტექნიკა დაგვჭირდება და რა მოცულობის ინვესტიცია იქნება ამისთვის საჭირო. საწყობი აღჭურვილი უნდა იყოს შესაბამისი ტექნიკური ბაზით, რათა მისი მართვა მარტივი იყოს.

მარაგების აღრიცხვიანობა და მონაცემთა ბაზის სიზუსტე — ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სასაწყობე მარაგები აკურატულად, ზედმიწევნით ზუსტად იყოს აღრიცხული. აქ შეცდომა არავის ეპატიება, რადგან სასაწყობე მარაგების ზუსტად აღრიცხვაზე კომპანიის მუშაობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული.

ტექნიკური მომსახურება და უსაფრთხოება — აქ იგულისხმება როგორც საწყობის ტექნიკურად გამართვა, ასევე შრომის უსაფრთხოების წესების ზედმიწევნით დაცვა. უსაფრთხო სამუშაო სივრცის შექმნა ნებისმიერი კომპანიის უმთავრესი ვალდებულებაა.

საწყობის მართვის სისტემა — საწყობის მართვის სისტემის აწყობა კომპანიის მომგებიანობას მნიშვნელოვნად ზრდის. ამ თემის შესახებ დეტალურად სტატიის მომდევნო ქვეთავში მოგიყვებით.

მარაგების მართვა

ფოტო: CHUTTERSNAP / Unsplash

მარაგები არის ბუფერი, რომელიც ავსებს განსხვავებას მოთხოვნასა და მიწოდებას შორის. თუ მიწოდების ჯაჭვში პრობლემები შეგექმნება და ბაზარზე დეფიციტს შექმნი, ეს კომპანიისთვის დანაკარგების მომტანი იქნება. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია მარაგების სწორად მართვა, რათა ბაზარზე არსებული ცვალებადი მოთხოვნა შეუფერხებლად დააკმაყოფილო.

ზოგიერთი პროდუქტის შეკვეთა დროს განსაზღვრულ პერიოდში ფიქსირებული რაოდენობით ხდება — ეს მარაგების შევსების მარტივი მეთოდია. ამ დროს შეკვეთების სისტემა ერთგვარ ავტოპილოტზეა და შეცდომების დაშვების ალბათობაც მცირეა. ეს სტრატეგია იმგვარ საქონელზე ამართლებს, როდესაც ხშირი მოხმარება ახასიათებს და მოთხოვნაც უმნიშვნელოდ იცვლება.

შეკვეთის მეორე ტიპი ეხება ისეთ პროდუქტებს, რომლებზეც წინასწარ განსაზღვრული მარაგების ლიმიტები არსებობს. ასეთ შემთხვევაში კომპანიები ერიდებიან ჭარბი მარაგების წარმოქმნას და დროის განსაზღვრულ პერიოდში საქონელს მარაგების მაქსიმალურ ზღვრამდე ავსებენ.

რაც შეეხება შეკვეთის ოპტიმალურ რაოდენობას, ეს დამოკიდებულია საქონლის ტრანსპორტირებისა და დასაწყობების ხარჯებზე. ამასთან, გასათვალისწინებელია საქონლის ვადიანობაც, რადგან მასზე მოთხოვნის შემცირების შემთხვევაში კომპანიამ არ იზარალოს.

მარაგების მართვის მნიშვნელოვანი კომპონენტია მასთან დაკავშირებული ხარჯების დათვლა და ფინანსური ანალიზის გაკეთება. კაპიტალური ხარჯი, დასაწყობების ხარჯი, დაზღვევის ხარჯი და გაფუჭებული საქონლის ხარჯი — ეს ყველაფერი კარგად უნდა იქნეს შესწავლილი, რათა კომპანიამ საკუთარი მარაგების მართვის ეფექტიანობა გაზარდოს.

შეჯამებისთვის უნდა ითქვას, რომ მარაგების სამართავად შესაბამისი ინსტრუმენტების შემუშავება დაგჭირდება. შენს საწყობში არსებულ ყველა საქონელს მიანიჭე შესაბამისი ნომენკლატურა, ან შტრიხკოდი. ეს დაგეხმარება, რომ გააუმჯობესო მარაგების აღრიცხვიანობა, შეამცირო შეცდომები შეკვეთების დამუშავებისას და შეაგროვო ზუსტი და უახლესი მონაცემები უმოკლეს დროში. შენს ხელთ არსებული ზუსტი ინფორმაცია, სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში დაგეხმარება. აქვე უნდა ითქვას, რომ საწყობის მართვას კიდევ არაერთი დეტალი უკავშირდება, რომელთა შესახებაც ინფორმაცია საქართველოს ბანკის ბიზნესკურსისგან შეგიძლია მიიღო.