ისტორიაში პირველად, ველურ ბუნებაში მცხოვრებ შიმპანზეებში კეთრი ვრცელდება
მსოფლიოში პირველად, მეცნიერებმა ველურ ბუნებაში კეთროვანი შიმპანზეები დააფიქსირეს. ჯერ კიდევ გაუგებარია, თუ როგორ შეეყარათ შიმპანზეებს ინფექცია, მაგრამ დასკვნები იმაზე მეტყველებს, რომ კეთრი შიმპანზეებსა და სხვა გარეულ ცხოველებში უფრო მეტად ვრცელდება, ვიდრე ეს ადრე მიიჩნეოდა.
მკვლევართა საერთაშორისო ჯგუფმა დასავლეთ აფრიკიდან, ევროპიდან და აშშ-დან წარმაოდგინეს თავისი დასკვნები ჟურნალ Nature-ში. ნაშრომი ამ თემაზე პირველად 2020 წლის ნოემბერში გამოქვეყნდა, თუმცა მას შემდეგ ამ აღმოჩენამ განახლების, გადამოწმების და დადასტურების პროცესი განვლო.
კეთრის შემთხვევები დაფიქსირდა შიმპანზეების ორ ველურ პოპულაციაში გვინეა-ბისაუს კანტანჰესის ეროვნულ პარკში და კოტ-დივუარის ტაის ეროვნულ პარკში. ეპიდემია პირველად გამოვლინდა კანტანჰესის ეროვნული პარკის გარშემო ჩამონტაჟებული ფარული კამერების საშუალებით, რომლებმაც აჩვენეს, რომ სულ მცირე ოთხ გარეულ შიმპანზეს განუვითარდა უჩვეულო დაზიანება სახეზე, ყურებზე, ხელებსა და ფეხებზე. მათი სახე, კეთრით დაავადებული ადამიანებისას მოგაგონებთ. მოგვიანებით გაირკვა, რომ მსგავსი სიმპტომები ვლინდებოდა კოტ-დიუვარის ეროვნულ პარკში მცხოვრებ შიმპანზეებშიც.
გაკვირვებული ამ დაკვირვებებით, მეცნიერებმა გენეტიკური ანალიზი ჩაატარეს და შიმპანზეებში კეთრი დადასტურდა. კვლევამ გამოავლინა, რომ ეპიდემიას ორი განსხვავებული შტამი გააჩნდა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ეპიდემიები ცალ-ცალკე წარმოიშვა. შტამის გენოტიპები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ორივე ეპიდემიაზე, ძალზე იშვიათია ადამიანებში, ეს იმაზე მეტყველებს, რომ დაავადება ადამიანებისგან არ წარმოიშვა.
აღსანიშნავია, რომ შიმპანზეებში კეთრის შემთხვევები აქამდეც დაფიქსირებულა, მაგრამ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც დაავადება დადასტურდა შიმპანზეების ველურ პოპულაციაში. ყოველივე ეს ბადებს კითხვას: როგორ დაინფიცირდნენ ისინი დაავადებით?
"ჩვენ ჯერ კიდევ ბევრი რამ არ ვიცით! ეს ძალიან გასაკვირია იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად უძველესია კეთრის დაავადება და ახლა ის შიმპანზეებს უტევს. მიუხედავად იმისა, რომ შეუძლებელია ადამიანური წყაროს გამორიცხვა, აღმოჩენილი გენოტიპის იშვიათობა და ველური ცხოველების ადამიანთან მცირე კონტაქტი მეტყველებს, რომ ეპიდემია ადამიანებისგან არ უნდა გავრცელებულიყო", — ექსტერის უნივერსიტეტის ეკოლოგიისა და კონსერვაციის ცენტრის დოქტორმა კიმ ჰოკინგსმა განუცხადა IFLScience-ს.
მეცნიერები ვარაუდობენ, რომ შიმპანზეებმა ინფექცია მათი ბუნებრივი გარემოდან შეიძინეს. ამასთან, გაურკვეველია, როგორ შეიძლება ამ დაავადებამ გავლენა იქონიოს შიმპანზეებზე გრძელვადიან პერსპექტივაში. ეს ნაწილობრივ იმით არის განპირობებული, რომ კეთრი შედარებით ნელა მოქმედი დაავადებაა, რომელსაც დიდი დრო სჭირდება მის მასპინძელზე ზემოქმედებისათვის.
მეცნიერები კვლევების გაგრძელებას აპირებენ და იმედს გამოთქვამენ, რომ შიმპანზეებში გავრცელებულ ამ ეპიდემიაზე მალე უფრო მეტი გვეცოდინება.
თუ სტატიაში განხილული თემა და მეცნიერების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ მეცნიერებასა და ტექნოლოგიებზე.
კომენტარები