ბავშვების ფეკალიებში უფრო მეტი მიკროპლასტმასაა, ვიდრე ზრდასრულებისაში — კვლევა
მიკროპლასტმასა არის პლასტმასის ნივთების დაშლის შედეგად გარემოში გამოთავისუფლებული ნაწილაკები, რომელთა ზომაც 5 მილიმეტრს არ აღემატება. ისინი, როგორც არაბიოდეგრადირებადი ფრაგმენტები, ბუნებისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენენ. მათი კვალი აღმოჩენილია მტვერში, საკვებში, ხილში, ბოთლში ჩასხმულ წყალში და სხვა. შესაბამისად, ისინი ჩვენს ორგანიზმში მარტივად ხვდებიან და ფეკალიების სახით გამოიყოფიან.
ამერიკის შეერთებულ შტატებში მდებარე ნიუ იორკის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლაში მომუშავე მეცნიერება მცირემასშტაბიანი კვლევის ფარგლებში სწორედ ადამიანთა განავალი შეისწავლეს. მათ გააანალიზეს, როგორც ზრდასრულების, ასევე ახალდაბადებული ბავშვების ფეკალიების შემადგენლობა. აღმოჩნდა, რომ პატარების ექსკრემენტში 10-20--ჯერ მეტი მიკროპლასტმასაა, ვიდრე დიდებისაში. ამავე დროს, ორივე მათგანი სულ მცირე ერთი ტიპის მსგავს ნაწილაკებს მაინც შეიცავდა.
გამოცემაში Environmental Science and Technology Letters გამოქვეყნებული ნაშრომის ავტორები აღნიშნავენ, რომ ახალშობილთა ბიოლოგიურ ნიმუშებში მეტწილად პოლიეთილენტელეფტალატი ჭარბობდა, რომელიც სხვადასხვა ქსოვილის ბოჭკოებში, ბოთლებსა თუ მობილური ტელეფონების ჩასადებებში გვხვდება. პოლიკარბონატები კი მათი და ზრდასრულების განავლში თითქმის ერთნაირი რაოდენობით იყო.
მკვლევართა განცხადებით, ეს ფაქტი იმას უნდა მივაწეროთ, რომ ბავშვები პირით პლასტმასის შემცველ უფრო მეტ ობიექტს ეხებიან, როგორიცაა საწოვარა, ღრძილების მოსაქავებელი სათამაშოები, კოვზები და ა.შ. ასევე, ისინი ქსოვილებს ღეჭავენ და ძირს დახოხავენ, რა დროსაც ხალიჩაში არსებულ მტვერს ყლაპავენ.
მიიჩნევა, რომ ადამიანის ორგანიზმში საჭმლის მომნელებელი სისტემის გავლით კვირაში 5 გრამამდე მიკროპლასტმასა ჩადის. მათი დიდი ნაწილი სხეულს განავალთან ერთად ტოვებს, მაგრამ ამგვარი ნაწილაკები ხშირად ორგანოებში გროვდებიან, უჯრედულ მემბრანებში აღწევენ და სისხლის ნაკადს უერთდებიან. ეს კი ჩვენს ჯანმრთელობას მნიშვნელოვანი საფრთხის წინაშე აყენებს.
კომენტარები