ასტრონომებმა კოსმოსში გიგანტური სფერული ბუშტი დააფიქსირეს — რას ნიშნავს ეს
ირმის ნახტომის გალაქტიკაში ასტრონომებმა გიგანტური, სფერული ბუშტი და ამ ბუშტში მოქცეული ღრმული აღმოაჩინეს. ამისათვის მათ გაიას კოსმოსური ობსერვატორიის მონაცემებზე დაყრდნობით შედგენილი 3D რუკები გამოიყენეს. სფერო ასტრონომებმა გუშინ, Astrophysical Journal Letters-ში გამოქვეყნებულ ნაშრომში აღწერეს. ჰარვარდისა და სმიტსონიანის ასტროფიზიკის ცენტრის მკვლევართა გუნდი, რომელიც აღმოჩენის ავტორია, მიიჩნევს, რომ ბუშტის გაჩენა უძველეს ზეახალ ვარსკვლავს უკავშირდება, რომელიც 10 მილიონი წლის წინ აფეთქდა.
ეს მისტიკური ბუშტი მოლეკულური ღრუბლებსა და სიცარიელეს აერთიანებს, იმ რეგიონში, სადაც ახალი ვარსკვლავები იბადებიან. აღმოჩენა გვაწვდის ახალ ინფორმაციას, რომელიც ვარსკვლავების დაბადებასა და კვდომასთანაა დაკავშირებული. ბუშტისა და ღრმულის თავისებურებები ჯერ კიდევ საკვლევია და მათ დანამდვილებით ვერ დავახასიათებთ, თუმცა, იმის თქმა კი ნამდვილად შეგვიძლია, რომ ეს ვარსკვლავების დაბადებისა და კვდომის პროცესის ნაწილია.
"ასობით ვარსკვლავი ჩნდება ან უკვე არსებობს ამ გიგანტური ბუშტის ზედაპირზე", — ამბობს შმუელ ბიალი, ასტროფიზიკის ცენტრის თეორიისა და გამოთვლის ინსტიტუტის (ITC) პოსტდოქტორული მკვლევარი, რომელიც ხელმძღვანელობდა კვლევას. "ჩვენ გვაქვს ორი თეორია — ან ერთი ზეახალი ვარსკვლავი მოექცა ამ ბუშტის ცენტრში, რამაც გაზის გამოთავისუფლება და იმის ფორმირება გამოიწვია, რასაც ჩვენ დღეს Perseus-Taurus Supershell-ს ვეძახით, ან მილიონობით წლის განმავლობაში ანთებული ზეახალი ვარსკვლავების სერიამ შექმნა ის დროთა განმავლობაში".
მიგნება გვთავაზობს, რომ პერსევსისა და კუროს მოლეკულური ღრუბლები კოსმოსში დამოუკიდებელი სტრუქტურები არ არის, ისინი ერთი და იმავე ზეახალი ვარსკვლავის შოკური ტალღების გზით შეიქმნა. "ეს წარმოაჩენს, რომ როცა ვარსკვლავი კვდება, მისი ზეახალი ვარსკვლავი აგენერირებს მოვლენათა ჯაჭვს, რომელსაც საბოლოოდ ახალი ვარსკვლავის დაბადებასთან მივყავართ", — განმარტავს ბიალი.
კომენტარები