ამ ბირთვულ რაკეტას მარსამდე მისაღწევად მხოლოდ 1 თვე დასჭირდება
კაცობრიობა კოსმოსის ათვისებას ცდილობს, რამდენიმე წელში კი მარსზე პირველი ადამიანების გაგზავნა იგეგმება. თუმცა, ამისთვის უსაფრთხო და სწრაფი რაკეტაა საჭირო, რომელიც ასტრონავტებს დანიშნულების ადგილამდე უმოკლეს დროში მიიყვანს.
სწორედ მსგავსი აპარატის შექმნაზე მუშაობს კოსტა-რიკაში დაფუძნებული კომპანია Ad Astra Rocket Company. მან ამ ზაფხულს Vasimr VX-200SS ტიპის პლაზმური რაკეტის გამძლეობის შესამოწმებლად აშშ-ის ტექსასის შტატში მაღალი სიმძლავრის 88-საათიანი ტესტირება განახორციელა და ელექტრულ ძრავებში ამტანობის ახალი რეკორდი დაამყარა.
Vasimr ბირთვული რეაქტორების მეშვეობით პლაზმას 2 მილიონ გრადუს ფარენჰაიტ ტემპერატურაზე აცხელებს, რაც 1 111 093 გრადუს ცელსიუსს უდრის. ცხელი აირი შემდეგ გრავიტაციული ველის წყალობით ძრავიდან გაედინება და მის ამუშავებას უწყობს ხელს. კომპანიაში აცხადებენ, რომ შედეგად, აპარატს საათში 197 950 კილომეტრის დაფარვა შეუძლია, მაგრამ ორბიტამდე მისასვლელად ტრადიციულ რაკეტას საჭიროებს.
ასეთი სტანდარტული რაკეტები საწვავის მარაგს აფრენისას იყენებენ და ტრაექტორიის შეცვლის საშუალებას არ იძლევიან. ამასთან, გზაში რაიმე სახის ხარვეზის დაფიქსირების შემთხვევაში, მისიის საკონტოლო ბაზას მის გამოსასწორებლად რამდენიმე წუთი დასჭირდება. თუმცა, მანამდე, შესაძლოა, ხომალდის ეკიპაჟის გადარჩენა ვერ მოესწროს.
მათგან განსხვავებით, ბირთვული რაკეტა მამოძრავებელ ძალას ბოლომდე შეინარჩუნებს, ეტაპობრივად აჩქარდება და ფრენის 23-ე დღეს მაქსიმუმ სიჩქარეს, 54 კმ/წმ-ს მიაღწევს. ეს მარსამდე მისასვლელად განსაზღვრულ პერიოდს, 7 თვეს 1 თვემდე შეამცირებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ასტრონავტები მზის რადიაციის ქვეშ ნაკლებ დროს გაატარებენ. ეს მნიშვნელოვანია, რადგან უკანასკნელმა კვლევამ აჩვენა, რომ წითელ პლანეტაზე 4 წელზე მეტის გატარება ჩვენთვის მომაკვდინებელია.
კომენტარები