რა უნდა ვიცოდეთ არჩევნებზე მისვლამდე

0 წაკითხვა 0 კომენტარი 0 გაზიარება

რა ხდება

2 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გაიმართება. გარდა იმისა, რომ ამ არჩევნებს შეცვლილი საარჩევნო კოდექსით, ცესკო-ს ახალი თავმჯდომარითა და შემადგენლობით ვხვდებით, საზოგადოების ნაწილისთვის მას სხვა დატვირთვაც აქვს. კერძოდ, მმართველი პარტიის მიერ მიშელის შეთანხმების ანულირების მიუხედავად, ოპოზიციონერი ლიდერები აცხადებენ, რომ ეს იქნება ერთგვარი რეფერენდუმი რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარებისთვის. ნებისმიერ შემთხვევაში, არჩევნების მაღალი ლეგიტიმაციისათვის მნიშვნელოვანია, თითოეულმა ამომრჩეველმა საკუთარი აზრი დააფიქსიროს. ინფორმირებული არჩევანისთვის კი, გარდა დაპირებებისა, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, როგორ უნდა მივცეთ ხმა სასურელ პარტიასა თუ კანდიდატს.

რომელ უბანზე ვაძლევ ხმას

საარჩევნო უბანი, რომელზეც ხმას ვაძლევთ, განისაზღვრება ჩვენი რეგისტრაციის მისამართის შესაბამისად.

არჩევებამდე საუბნო საარჩევნო კომისიები არიგებენ ამომრჩეველთა მონაცემების ბარათებსა და საინფორმაციო ბუკლეტებს. მათი საშუალებით თითოეულ ამომრჩეველს შესაძლებლობა ექნება არჩევნებისა და მისი საარჩევნო უბნის შესახებ ინფორმაცია მიიღოს.

არსებობს კიდევ ერთი ალტერნატივა. ამომრჩეველთა ერთიან სიაში შენი პირადი მონაცემებისა და მისამართის გადამოწმება შესაძლებელია ცესკო-ს ვებგვერდზე:

ფოტო: ცესკო

შესაბამის გრაფაში უნდა ჩაწერო პირად ნომერი და გვარი, რის შემდეგაც სისტემა ავტომატურად ამოგიგდებს შენი უბნის/ოლქის ნომერსა და მისამართს. აქვე დაგხვდება რუკა, რომელიც დაგეხმარება ზუსტად მიაგნოთ შენობა, სადაც უნდა მისცეთ ხმა.

ცესკოს ინფორმაციით, 2 ოქტომბრის არჩევნებზე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 497 345 იქნება.

რა ხდება საარჩევნო უბანზე

საარჩევნო უბანი ამომრჩევლებისთვის ღიაა 2 ოქტომბრის დილის 8-დან საღამოს 8 საათამდე. არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვთ იმ ამომრჩევლებსაც, ვინც საარჩევნო უბანთან მის დაკეტვამდე მივა, მაგრამ რიგის გამო დროულად ხმის მიცემას ვერ შეძლებს. საარჩევნო უბანთან საღამოს 8 საათის შემდეგ მისული ამომრჩეველი არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს.

კენჭისყრის შენობაში შესვლისას, პირველ რიგში, ხვდები ე.წ. ნაკადის მომწესრიგებელს, რომელსაც უნდა აჩვენო პირადობის მოწმობა ან პასპორტი, რომელიც არ არის ვადაგასული. ამ დროს აუცილებელია რამდენიმე წამით მოიხსნა პირბადე, რათა შესაძლებელი იყოს იდენტიფიცირება. იგივე ადამიანი ულტრაიისფერი ფარნით შეამოწმებს, ხარ თუ არა მარკირებული, ამის შემდეგ კი მიგითითებს, რომელ სარეგისტრაციო მაგიდასთან უნდა მიხვიდე.

გაფრთხილება: თუ აღმოჩნდა, რომ მარკირება უკვე გავლილი გაქვს, კენჭისყრაში მონაწილეობას ვეღარ მიიღებ, შენს ვინაობას კი ჩანაწერთა წიგნში ჩაინიშნავენ.

რეგისტრატორს უნდა წარუდგინო პირადობის მოწმობა ან პასპორტი, იდენტიფიცირებისთვის კი ისევ უნდა მოიხსნა პირბადე.

გაფრთხილება: თუ არ მოიხსნი პირბადეს, არ გადმოგცემენ ბიულეტენებს და შესაბამისად, ვერ მიიღებ მონაწილეობას არჩევნებში.

იმ შემთხვევაში, თუ არასწორ უბანზე მიხვედი და სიაში არ ხარ, მონაცემთა გადამოწმებაზე პასუხისმგებელი პირი ვალდებულია, თავად შეამოწმოს შენი რეგისტრაციის ადგილი და გითხრას, რომელ საარჩევნო უბანზე შეგიძლია ხმის მიცემა.

მონაცემების (სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, მისამართი) შემოწმების შემდეგ, გადიხარ მარკირების პროცედურას. მარკირება კეთდება მარჯვენა ხელის ცერა ან საჩვენებელ თითზე. თუ ეს რაიმე მიზეზით შეუძლებელია, მაშინ სხვა თითებზე, თუ ესეც შუძლებელია, მაშინ მარცხენა ხელზე, იგივე პრინციპით.

გაფრთხილება: მნიშვნელოვანია, რომ მარკირების პროცედურა გაიარო მხოლოდ კონკრეტული უბნის ამომრჩეველთა სიაში შენი მონაცემების გადამოწმების შემდეგ და არა მანამდე. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ აღმოჩნდა, რომ არასწორ უბანზე მიხვედი, უკვე მარკირებული ვეღარ შეძლებ შენს უბანზე შესვლას.

მარკირების შემდეგ ერთჯერადი კალმით ხელს აწერ ამომრჩეველთა ერთიან სიაში, შენი სახელის გასწვრივ. მხოლოდ ამის შემდეგ გადმოგეცემა ბიულეტენები.

რამდენი ბიულეტენი დაგვხვდება საარჩევნო უბანზე

საარჩევნო კომისიის წევრი სამ ბიულეტენს გადმოგცემს:

  • ერთში უნდა შემოხაზო შენი ქალაქის/მუნიციპალიტეტის შენთვის სასურველი მერობის კანდიდატი;

ნახე, ვინ არიან მერობის კანდიდატები შენს ქალაქში/მუნიციპალიტეტში:
თბილისის მერობის კანდიდატები;
თვითმმართველი ქალაქების მერობის კანდიდატები;
თვითმმართველი თემების მერობის კანდიდატები;

  • მეორე ბიულეტენში უნდა შემოხაზო შენი მაჟორიტარული ოლქის კანდიდატი ქალაქის/მუნიციპალიტეტის საკრებულოში.

♦ მაჟორიტარობის კანდიდატების სია იხილე ამ ბმულზე (20 სექტემბრის მონაცემები)

  • მესამე ბიულეტენში უნდა შემოხაზო შენთვის სასურველი პარტია, რომელმაც გინდა დააკომპლექტოს შენი ქალაქის/მუნიციპალიტეტის საკრებულო.

იხილე პარტიული სიები
თბილისში;
სხვა ქალაქებში/მუნიციპალიტეტებში;

კენჭისყრის კაბინაში ბიულეტენების შევსების შემდეგ, განცალკევებით მდგარი მაგიდიდან იღებ კონვერტს, ათავსებ მასში ბიულეტენებს და აგდებ საარჩევნო ყუთში. ამის შემდეგ ტოვებ საარჩევნო უბანს.

გაფრთხილება: თუ ბიულეტენი ან კონვერტი შემთხვევით გაგიფუჭდა, საუბნო კომისიის თავმჯდომარის დავალებით რეგისტრატორი გადმოგცემს ახალ ბიულეტენს ან კონვერტს, ძველს კი შენივე თანდასწრებით ჩამოაჭრის კუთხეს, დააწერს "გაფუჭებულია", ხელს მოაწერს და ასე შეინახავს.

რა ხდება კაბინაში და რა შემთხვევაში უქმდება ბიულეტენი

არჩევნების მაღალი ლეგიტიმაციისთვის უმნიშვნელოვანესია კენჭისყრის პროცესის ფარულობა. გახსოვდეს, რომ შენ გაქვს უფლება ხმა მისცე იმ კანდიდატს/პარტიას, ვინც შენ გსურს. კანონდარღვევაა ნებისმიერი სახის ზეწოლა ან იძულება, ხმა მისცე შენთვის არასასურველ საარჩევო სუბიექტს.

იმ შემთხვევაში, თუ შემოხაზავ კონკრეტულ საარჩევნო ნომერს, თუმცა შენი რეალური ნება სხვა კანდიდატის/პარტიის არჩევაა, შეგიძლია გადახაზო უკვე შემოხაზული ნომერი და შემოხაზო შენთვის სასურველი. ასევე, შესაძლებელია გადახაზო ყველა სხვა კანდიდატი/პარტია და დატოვო ის, რომელიც შენ გინდა. ამ შემთხვევებში ბიულეტენი არ გაბათილდება.

ალბათ, გინახავს სოციალურ ქსელში გავრცელებული ბიულეტენები სახალისო წარწერებით — გახსოვდეს, ამგვარი ბიულეტენები ბათილდება და ამომრჩევლის ხმა იკარგება. ბიულეტენი ბათილდება იმ შემთხვევაშიც, თუ შეუძლებელია დადგენა, რომელ სუბიექტს მისცა ხმა ამომრჩეველმა. ბიულეტენი გაბათილდება მაშინაც, თუ იგი კონვერტში არ არის მოთავსებული, დაზიანებეულია, არ არის დამოწმებული რეგისტრატორის ბეჭდით და ხელმოწერით და ა.შ.

როგორ აძლევენ ხმას ეთნიკური უმცირესობები

2 ოქტომბრის არჩევნებისთვის ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული რეგიონებში შექმნილია 348 საარჩევნო უბანი:

  • ქართულ-აზერბაიჯანული – 211 უბანი;
  • ქართულ-სომხური – 133 უბანი;
  • ქართულ-სომხურ-აზერბაიჯანული – 4 უბანი.

ეთნიკური უმცირესობების კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში მცხოვრები ამომრჩევლებისთვის კენჭისყრის დღეს მისაწვდომი იქნება:

  • საარჩევნო ბიულეტენი ქართულ-სომხურ, ქართულ-აზერბაიჯანულ, ხოლო შერეულ საარჩევნო უბნებზე (4 საარჩევნო უბანი) ქართულ-სომხურ-აზერბაიჯანულ ენებზე;
  • ამომრჩეველთა ერთიანი სია ქართულ-სომხურ და ქართულ-აზერბაიჯანულ ენებზე;
  • ბიულეტენის შევსების წესი ქართულ-სომხურ და ქართულ-აზერბაიჯანულ ენებზე;
  • კენჭისყრაში მონაწილეობის ამსახველი პოსტერი ქართულ-სომხურ და ქართულ-აზერბაიჯანულ ენებზე.

2 ოქტომბრის არჩევნებისა და საარჩევნო დღის პროცედურების შესახებ დეტალური ინფორმაცია აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე ხელმისაწვდომია ცესკოს საიტზე.

ხმის მიცემა გადასატანი ყუთით

გადასატანი საარჩევნო ყუთით კენჭისყრა დილის 9-დან საღამოს 7 საათამდეა შესაძლებელი. ადგილზე მისული კომისიის წევრს უნდა წარუდგინო პირადობის მოწმობა ან პასპორტი. მონაცემების გადამოწმების შემდეგ ხელს აწერ შესაბამის სიაში და გადმოგეცემა ბიულეტენი.

გაფრთხილება: გადასატანი ყუთის მეშვეობით ხმის მიცემის შემთხვევაში მარკირება არ გამოიყენება.

ბიულეტენს ავსებ, ათავსებ კონვერტში ფარულობის პრინციპის დაცვით და აგდებ გადასატან საარჩევნო ყუთში.

როგორ აძლევენ ხმას შშმ პირები

2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებზე ხმის მიცემა სულ 3 746 უბანზეა შესაძლებელი. მათგან მარტივად ადაპტირებულია 254 უბანი, პანდუსი კი 874 საარჩევნო უბანს აქვს.

ადაპტირებული საარჩევნო უბნების შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლია ნახოთ ცესკოს ვებგევრდზე.

ეტლით მოსარგებლე შშმ პირებს 26 სექტემბრამდე ჰქონდათ უფლება მიემართათ ცესკოსთვის და მოეთხოვათ ადაპტირებულ საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის უფლება. დეტალური ინფორმაციისთვის შეგიძლია დაუკავშირდეთ ცესკოს კონტაქტ-ჰაბს ნომერზე — 2 51 00 51.

შშმ პირების არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლია წაიკითხო ცესკოს ვებგვერდზე.

კორონავირუსი

2 ოქტომბრის არჩევნები მეორეა, რომელსაც კორონავირუსთან ერთად ვხვდებით. გამომდინარე იქიდან, რომ საარჩევნო უბანზე ბევრი ადამიანი ერთ სივრცეში იყრის თავს, მნიშვნელოვანია მაქსიმალურად ვიზრუნოთ ვირუსის გავრცელების პრევენციაზე.

კენჭისყრის შენობის შესასვლელთან დაგვხვდება დეზობარიერი და ხელის სადეზინფექციო ხსნარი, რომლის გამოყენება რეკომენდებულია როგორც შესვლის, ისე გამოსვლის დროს. აუცილებელია კენჭისყრის შენობაში მყოფი პირების — კომისიის წევრები, ჟურნალისტები და ა.შ. თერმოსკრინიგი, თუმცა ეს არ ეხება ამომრჩეველს.

რაც შეეხება პირბადეს, მისი ტარება, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, აუცილებელია როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში. პირბადის გარეშე კენჭისყრის შენობაში დაიშვება მხოლოდ ის ადამიანი, ვისაც შესაბამისი სამედიცინო ჩვენების დამადასტურებელი დოკუმენტი ექნება. პირბადის ტარების წესის დამრღვევს კომისიის თავმჯდომარე ჯერ გააფრთხილებს, შემდეგ კი შენობის დატოვების მითითებას მისცემს. წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში მას გააძევებენ ტერიტორიიდან.

გაფრთხილება: საარჩევნო უბანზე პირბადე მხოლოდ ორჯერ უნდა მოიხსნა: შესვლისას, როცა ნაკადის მომწესრიგებელ კომისიის წევრს პირადობის მოწმობას ან პასპორტს წარუდგენ და რეგისტრაციის მაგიდასთან, როცა იგივე ქმედებას რეგისტრატორთან გაიმეორებ.

საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები ადგილზე დაგვხვდებიან პირბადით, დამცავი ფარითა და ერთჯერადი ხელთათმანებით. კენჭისყრის დღეს ხშირად შეხებადი ზედაპირები — კარის სახელურები, მაგიდის ზედაპირები და ა.შ. პერიოდულად გაიწმინდება სადეზინფექციო ხსნარით.

როგორ აძლევენ ხმას კოვიდინფიცირებულები და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლები

სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფი ამომრჩევლებისთვის 73 საარჩევნო უბანი შეიქმნა. ცესკოს ინფორმაციით, მათ სპეციალური ჯგუფები მოემსახურებიან, რომლებიც დაიცავენ სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმებს და იქნებიან შესაბამისი ეკიპირებით.

რაც შეეხება თვითიზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს, მათ 25-დან 27 სექტემბრის ჩათვლით უნდა მიემართათ ცესკოსთვის და მოეთხოვათ გადასატანი ყუთით მომსახურება.

გაფრთხილება: სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლები მონაწილეობის მიღებას შეძლებენ მხოლოდ ქალაქის/მუნიციპალიტეტის მერისა და საკრებულოს პროპორციულ არჩევნებში. მათ მაჟორიტარობის კანდიდატებისთვის ხმის მიცემის შესაძლებლობა არ აქვთ. ეს ნიშნავს, რომ კოვიდინფიცირებულები და იზოლაციაში მყოფი ამომრჩველბისთვის სამის ნაცვლად ორი ბიულეტენი იქნება ხელმისაწვდომი.

ელექტრონული ხმის დათვლის აპარატი კრწანისის ოლქში

2 ოქტომბრის არჩევნები იქნება პირველი, სადაც დაიტესტება ელექტრონული ხმის დათვლის აპარატების გამოყენების საპილოტე პროექტი. კონკრეტულად, კრწანისის ოლქში შემავალ უბნებზე (სულ 31 საარჩევნო უბანი), ამომრჩეველი ბიულეტენს ჩააგდებს არა სტანდარტულ, არამედ ელექტრონულ საარჩევნო ყუთში. მოწყობილობა მექანიკურად დაითვლის ხმებს და შედეგები კენჭისყრის პროცედურის დასრულებისთანავე გახდება ცნობილი.

გაფრთხილება: ელექტრონული ხმის დამთვლელი აპარატების მიუხედავად, კრწანისის 31-ვე უბანზე შემაჯამებელი ოქმი ტრადიციულად, ხელით გადათვლის შემდეგ შეივსება.

ცესკო-ს წარმომადგენლები ტესტავენ ელექტორნული ხმის დათვლის აპარატს.

ფოტო: ცესკო

აღნიშნულ უბნებზე ამომრჩეველს გადაეცემა არა სამი, არამედ ერთი ბიულეტენი. იგი დაყოფილი იქნება სამ სვეტად — მერობისა და მაჟორიტარობის კანდიდატებისა და პარტიების საარჩევნო ნომრებით. ამ ბიულეტენზე ამომრჩეველმა უნდა გააფერადოს სასურველი კანდიდატის/პარტიის გასწვრივ მოცემული წრე — აპარატი მხოლოდ ამგვარად მონიშნულ ბიულეტენს აღიქვამს.

ფოტო: ცესკ

კრწანისის ოლქის ამომრჩევლებისთვის დეტალური ინსტრუქცია ნახე ცესკოს ვებგვერდზე.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ბექა წიქარიშვილი: ეს ბიჭი თუ გახსოვთ, ქალბატონო თეა? ჩვენ გვახსოვს, არ ვივიწყებთ და მუდამ გვემახსოვრება.
  2. ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
  3. მაკა ბოჭორიშვილი: დიახ, ვარ "ქართული ოცნების" საკმაოდ ამაყი წარმომადგენელი
  4. ირაკლი ზარქუა: ჩვენ რამენაირად უნდა გავძლოთ 20 იანვრამდე და გავძლებთ კიდეც
  5. საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა ნაწილი განცხადებას ავრცელებს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

არჩევნების თაობაზე საჩივრების განხილვამ ძირი გამოუთხარა სამართლიანი სასამართლო პროცესის პრინციპს – ვახუშტი მენაბდე ეუთო/ოდირის დასკვნას ეხმაურება

არჩევნების დღეს ხასიათდებოდა დაძაბული ატმოსფეროთი და დამკვირვებლების დაშინებისა თუ მათი საქმიანობისთვის ხელის შეშლის…