როგორ ვითარდებოდა პირველი ფესვთა სისტემა — კვლევა, რომელიც 400 მილიონი წლის მცენარეზე ჩატარდა
შოტლანდიაში არსებული გეოლოგიური ფორმაციიდან მიღებული 400 მილიონი წლის მცენარეზე ჩატარებული კვლევის საფუძველზე მეცნიერებმა გაარკვიეს, თუ როგორ ვითარდებოდა აქამდე ცნობილი ფესვების ყველაზე ადრეული ფორმა.
კვლევის მიხედვით, რომელიც გასულ კვირას ჟურნალ eLife-ში გამოქვეყნდა, უძველეს მცენარეთა ფესვების ევოლუციამ ჩვენს პლანეტასა და ატმოსფეროზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა, რამაც, თავის მხრივ, ტრანსფორმაციული ეკოლოგიური და კლიმატური ცვლილებები გამოიწვია.
კვლევაში, რომელშიც ოქსფორდის უნივერსიტეტის გუნდიც მონაწილეობდა, მეცნიერებმა დევონური პერიოდის Asteroxylon mackiei მცენარის 3D რეკონსტრუქცია მხოლოდ ამ უკანასკნელის ნამარხის საფუძველზე შექმნეს. იგი 400 მილიონი წლით თარიღდება.
კაჟის ტიპის მასალაში განამარხებული მცენარე შოტლანდიაში, აბერდინშირის მახლობლად აღმოაჩინეს. იგი ამ ტერიტორიაზე აღმოჩენილ სტრუქტურულად ყველაზე კომპლექსურ უძველეს მცენარეს წარმოადგენს. მკვლევრების თქმით, A Mackiei-ის განვითარებული ჰქონდა ფესვები და სხვა ტიპის ღერძები, საიდანაც ფესვები იტოტება.
მცენარის 3D რეკონსტრუქციის საფუძველზე მეცნიერებმა შეისწავლეს მისი ანატომიური და განვითარების თავისებურებები და აღმოაჩინეს, რომ A Mackiei-ის ფესვები, თანამედროვე მცენარეებისგან განსხვავებით, სრულიად სხვაგვარად ვითარდებოდა.
"ეს ჩვენთვის ცნობილი უძველესი სტრუქტურაა, რომელიც თანამედროვე ფესვებს ჰგავს. მცენარის ფესვებში ღეროს მსგავს ღერძზე წარმოქმნილი განშტოებიდან ერთი წვერო მთავარი ღერძის მიმართულებას ინარჩუნებდა, მეორე კი ახალი მიმართულებით ყალიბდებოდა. დღეს არსებულ მცენარეებში ფესვები ასე საერთოდ არ ვითარდება, რაც ნიშნავს რომ ფესვების წარმოქმნის ეს მექანიზმი დღეს აღარ არსებობს", — განაცხადა ლიამ დოლანმა, კვლევის მთავარმა ავტორმა გრეგორ მენდელის ინსტიტუტიდან.
მკვლევრების თქმით, A mackiei-ის სტრუქტურისა და ევოლუციის შესწავლამ, შესაძლოა, მეცნიერებს ინფორმაცია მიაწოდოს ისეთი მოვლენების შესახებ, რომლებიც დედამიწის ისტორიის მნიშვნელოვან ეტაპებზე ვითარდებოდა მას შემდეგ, რაც მცენარეებმა დედამიწის მშრალი ტერიტორიების კოლონიზაცია დაიწყეს და მთელი ხმელეთი დაიკავეს.
"მათმა ევოლუციამ და გავრცელებამ კონტინენტებზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინეს დედამიწის სისტემაზე. მცენარის ფესვების განვითარებამ გამოიწვია ატმოსფეროში CO2-ის დონის შემცირება, დაასტაბილურა ნიადაგი და რევოლუცია მოახდინა კონტინენტების ზედაპირზე წყლის ცირკულაციის პროცესში", — აღნიშნა განცხადებაში კვლევის თანაავტორმა ედინბურგის უნივერსიტეტიდან, ალექსანდრე ჰეტერინგტონმა.
"ციფრული 3D ტექნოლოგიების გამოყენებით პირველად შევძელით A Mackiei-ის კომპლექსური სხეულის ვიზუალიზაცია, რამაც ამ იდუმალი მცენარის განვითარებისა და მის შესახებ აქამდე დაფარული დეტალების შესწავლის საშუალება მოგვცა, რაც შესანიშნავია", — დაამატა მან.
კომენტარები