ახალი კვლევის თანახმად, ერთი ჰოთდოგი თქვენს სიცოცხლეს 36 წუთით ამცირებს
მიჩიგანის უნივერსიტეტის ჯანდაცვის მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ერთი ჰოთ-დოგის მირთმევამ, შეიძლება თქვენი სიცოცხლე, საშუალოდ 36 წუთით შეამციროს.
კვლევაში, რომელიც ამ თვეში ჟურნალ Nature Food-ში გამოქვეყნდა, მეცნიერებმა შეისწავლეს 5 853 საკვები და მათი მოქმედება ჩვენს ჯანმრთელობაზე.
"ჩვენ გვინდოდა შეგვეფასებინა საკვების სასარგებლო და მავნე ზემოქმედება ადამიანის ორგანიზმზე", — უთხრა CNN-ს ოლივიე ჯოლიეტმა, გარემოსდაცვითი მეცნიერებების პროფესორმა და ნაშრომის უფროსმა ავტორმა.
გუნდმა გამოიყენა ინდექსი, რომელიც საკვებისა და ჯანმრთელობის ურთიერთქმედებას ითვლის. ეს ემყარება კვლევას, რომელიც ზომავს დაავადებებს, რაც დაკავშირებულია ადამიანის კვებასთან.
"მაგალითისთვის, ითვლება, რომ საშუალოდ სიცოცხლის 0.45 წუთი იკარგება დამუშავებული ხორცის ყოველ გრამზე და 0.1 წუთი იმატებს გრამ ხილზე. ჩვენ ეს სტატისტიკა გამოვიყენეთ, დავაკვირდით თითოეული საკვების შემადგენლობას და გამოვთვალეთ მათი მოქმედება სიცოცხლეზე", — თქვა ჯოლიეტმა
ერთ-ერთი საკვები, რომელიც მკვლევრებმა გაზომეს, იყო საქონლის ხორცი ფუნთუშაში, იგივე ჰოთ-დოგი.
"ჰოთდოგის 61-მა გრამმა დამუშავებულმა ხორცმა გამოიწვია ჯანსაღი ცხოვრების 27 წუთით შემცირება, მაგრამ როდესაც ინგრედიენტები, როგორიცაა ნატრიუმი და ტრანს ცხიმოვანი მჟავები, იქნა დამატებული, საბოლოოდ დაიკარგა 36 წუთი", — თქვა ჯოლიეტმა.
ამასთან, საკვები, როგორიცაა თხილი, პარკოსნები, ზღვის პროდუქტები, ხილი და არა სახამებელი ბოსტნეული, დადებით გავლენას ახდენს ჯანმრთელობაზე, ნათქვამია კვლევაში.
"ეს ინდექსი უპირველეს ყოვლისა დაგვეხმარება ყოველდღიურად მოხმარებული კალორიების შერჩევაში და იმის გააზრებაში თუ რა არის სასარგებლო და რა არა", — ამბობენ მკვლევრები.
"არის თუ არა ეს საბოლოო მეტრიკა, რომელიც გეტყვით ზუსტად რა უნდა ჭამოთ ხვალ და განსაზღვრავს ეს სრულად თქვენი სიცოცხლის ხანგრძლივობას? რა თქმა უნდა, არა! უფრო კონკრეტულად, ეს არის სასარგებლო მეტრიკა, რომელიც დაგეხმარებათ უფრო ინფორმირებული არჩევანის გაკეთებაში და გააადვილებს ჩვენი დიეტის შერჩევას", — თქვა ჯოლიეტმა.
მკვლევრებმა ისიც აღნიშნეს, რომ იმის გამოთვლა თუ რა უნდა ჭამო, რათა 100 წლამდე იცოცხლო, მარტივი არ არის. ბევრ ფაქტორს გენეტიკა და ინდივიდუალური ფაქტორები განსაზღვრავს.
თუ სტატიაში განხილული თემა და მეცნიერების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ მეცნიერებასა და ტექნოლოგიებზე.
კომენტარები