კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინებმა ინგლისში 100 000 ადამიანი დაიცვა სიკვდილისგან
ოფიციალური მონაცემების მიხედვით, ინგლისში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებმა დაახლოებით 100 000 ადამიანს ააცილა სიკვდილი თავიდან. ინგლისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სააგენტოს (PHE) მიხედვით, გასული წლის დეკემბერში ვაქცინის გამოშვების შემდეგ აქ 91 700-დან 98 700-მდე ფატალური შემთხვევის თავიდან აცილება მოხერხდა. ასევე, ბოლო შეფასებებით, ვაქცინამ შესაძლებელი გახადა ჰოსპიტალიზაციის 82 100 და ინფიცირების 24.4 მილიონი შემთხვევის პრევენცია.
დოქტორმა უილიამ უელფეირმა, PHE-ის COVID-19-ის შემთხვევების დირექტორმა განაცხადა, რომ "პანდემია ჯერ არ დასრულებულა, თუმცა ვაქცინაციამ დაასუსტა კავშირი ინფექციასა და სერიოზულ ავადმყოფობას შორის".
ჯამში, მთავრობის მონაცემებით, ინგლისში 73 982 159 აცრა გაკეთდა — მათ შორის 39 771 795 პირველი დოზა და 34 210 364 მეორე დოზა.
ამავდროულად, ვაქცინაციისა და იმუნიზაციის კომიტეტი (JCVI) განაგრძობს გაერთიანებულ სამეფოში ხალხისთვის Covid გამაძლიერებელი ინექციის შეთავაზებას და მათთვის ამ უკანასკნელის სარგებლიანობაში დარწმუნებას. თუმცა, ჯერჯერობით, მტკიცებულებების არარსებობის გამო, ბოლომდე გარკვეული არაა, თუ რომელი ასაკობრივი ჯგუფებისთვისაა უმჯობესი მესამე დოზის შეთავაზება. გარდა ამისა, JCVI ფიქრობს, რომ მესამე დოზის შეთავაზებამ, შესაძლოა, ხალხს ვაქცინის მიმართ დაუკარგოს ნდობა და პირველ ორ დოზაზე ათქმევინოს უარი, რაც მომავალში ვაქცინაციასა და, შესაბამისად, პანდემიასთან ბრძოლას შეუშლის ხელს.
ეროვნული სტატისტიკის სააგენტოს ახალი მონაცემების მიხედვით, ინგლისის მოზრდილების 94.2%-ს სავარაუდოდ აქვს COVID-19-ის ანტისხეულები, თუმცა, ეს მაჩვენებელი შედარებით მაღალ ასაკობრივ ჯგუფებში, შესაძლოა, უფრო დაბალი იყოს. 26 ივლისის მონაცემებით, 72-79 წლის მოსახლეობაში COVID-19-ის ანტისხეულები 92.8%-ს ჰქონდა, 1 თვით ადრე კი — 94.4%-ს. 70-75 წლის ადამიანებისთვის ეს მაჩვენებელი 94.9%-დან 92.9%-მდე დაეცა, 80 და უფრო ასაკიანი მოსახლეობისთვის კი — 92.9%-დან 92.4%-მდე. მსგავსი ტენდენცია შეინიშნება გაერთიანებული სამეფოს სხვა ერებშიც. შეფასებები სისხლის ნიმუშების ტესტებს ეფუძნება.
აღმოსავლეთ ინგლისის უნივერსიტეტის მედიცინის პროფესორის, პოლ ჰანტერის თქმით, ანტისხეულების დონის შემცირება შედარებით მაღალ ასაკობრივ ჯგუფში "არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანებმა, რომლებსაც სისხლში ჯერ დაუდასტურდათ COVID-19-ის ანტისხეულების არსებობა, შემდეგ კი არა, ყველანაირი დაცვა დაკარგეს. მძიმე დაავადებისგან დაცვა, 100%-იანი არასდროსაა, თუმცა, უფრო ხანგრძლივია, ვიდრე ანტისხეულების დაცვა ინფექციისგან", — დაამატა მან.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ PHE-ის ანგარიშის მიხედვით, ინგლისში ინფიცირების შემთხვევები სტაბილურია. მათივე მონაცემებით, გაზრდილია იმ ორსული ქალების რიცხვიც, რომლებმაც კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთეს. ჯამში, PHE-ის მონაცემებით, ქალების რიცხვი, რომლებმაც ივლისის ბოლომდე ვაქცინის გაკეთების დროს განაცხადეს, რომ ორსულად იყვნენ, ან შესაძლოა ორსულად ყოფილიყვნენ, 62 311-ია, მეორე დოზა კი სულ 43 737 ორსულ ქალს აქვს მიღებული.
კომენტარები